24 მაისი, 2019

გია ფერაძის გამოსათხოვარი წერილი შვილებს

გია ფერაძის გამოსათხოვარი წერილი შვილებსმსახიობ გია ფერაძის ცხოვრება უდიდესი ტკივილით იყო სავსე. მან თავის შვილებს გამოსათხოვარი წერილი მიუძღვნა:

“ჩემო ლამაზო შვილებო, ისმინეთ ბოლო სათქმელი
თუმც ვერ გიბოძეთ ვერც ლუკმა, ვერც სანთელი და საკმელი
თქვენთვის იღება ამ სულის ადრე დახშული სარკმელი
თქვენს ხსენებაზე სისხლი სჩქეფს ვერ იტევს გულის სარქველი.
ჭლექმა რწმენა და ძალისგან სულ ერთიანად დამცალა
დამაუძლურა, დამგვემა, მთვრალივით დამაბანცალა.
თქვენთან ალერსი, შვილებო, წამითაც აღარ მაცალა.
კიდევ ბევრ რამეს შექმნიდი, მაგრამ საწუთრომ დამძალა
მე მოვკალ ჩემი ცხოვრება, შევსვი შხამი და სამსალა.
საგინებელად ვიქეცი, არავინ არ შემიცოდა
ვინ რა სასჯელი მომიზღო, მაგინა, რა არ მიწოდა,
ჩემი სული და სხეული სულ ერთიანად იწვოდა
რამდენმა ზურგი მაქცია, ხელიც არ გამომიწოდა.
თუ დავიძინე, სიზმარში ისევ ციხეში ვბრუნდები,
რომ უბენლიედ შევცოდე, ამის მტკიცებას ვუნდები.
თავზე მეხვევა ჯალათთა და სისხლისმსმელთა გუნდები
ნაცემი პირქვე ვაგდივარ, ხელ-ფეხზე რკინის ხუნდებით.
ბიძინა, ჩემო ვაჟკაცო, მამაჩემის გაქვს სახელი,
ტკივილმა სულში იძინა, შენთან სათქმელს ვერ ვამხელდი.
რუსეთში ძმა გყავს პატარა, თბილისში დები ცხადია,
ასე მოხდა, რომ სულ ყველა სხვადასხვა გზებით დადიან,
შენ შეანივთე ეს გზები, შენს მამას ასე სწადია.
ვკვდები და თითქოს ვღრიალებ, სოფო, ბიძინა, მარიკა
თქვენთან მინდოდა, დინებამ სულეთის მხარეს გამრიყა.
სიცოცხლეს მაინც მივსდიე, მხოლოდ თქვენს გამო, შვილებო,
სხვადასხვა დედის, ოჯახის და ლუკმით გამოზრდილებო,
ვაი, რა საყვარლებო და, ვაი, რარიგად ტკბილებო,
ცოტა ხანს თუკი ვიცოცხლებ, თქვენს ლოცვით ვიცოდვილებო.
ათასჯერ ვიტყვი შენს სახელს, სულ ნაბოლარა გიაო
სადღაც რუსეთში იზრდები, მე შენი ნახვა მშიაო.
თქვენ გაიხარეთ, ჩემს გზაზე მხოლოდ ეკლები ყრიაო,
თქვენს სავალ გზაზე ხთრობდეს ვარდი, ენძელა, იაო,
ჩემი შავბნელი სიცოცხლე რა ძნელად სათქმელიაო,
ღრმა უკუნეთმა წამიღო, მზის სხივი დამელიაო.
ვიცი ერთ დღესაც ყველანი მხარს დაუმშვენებთ ილოსა,
ის არვის არ ათქმევინებს ჩემზე ცუდს, სათაკილოსა,
ის გეტყვით სათქმელს საჩემოს, მამაშვილურს და ტკბილოსა,,
თუ კაცი უფალს უყვარდეს, ძმად ილო გაუჩინოსა.
ქუჩაში მხვდება ნაცნობი და ვერ მცნობს ჩემი იერით,
ვის ნაკაცარი ვგონივარ, ვის მაწანწალა, მშიერი,
გამქრალა თქვენი ფერაძე, დაუღლელი და ძლიერი,
თბილისს ქუჩებში ეთრევა, ვიღაცა ჩემ მაგიერი.
ვერა, ვერავინ, ვერავინ, ჩემებრ ვერ გეტყვის ჩემი ხარ,
ჩემი ოცნების ლურჯ ზღვაში აფრით მავალი გემი ხარ,
შენა ხარ ჩემი ვარძია, ჩემი ოშკი და გრემი ხარ,
ჩემი მეორედ მოსვლისას კვლავ უბრად ამირჩევიხარ.
ძმებო, ვინც ჩემზე ამაგი დაუყვედრებლად გაწიეთ
გეკუთვნით ჩემი სასახლე გამოიტანეთ, აწიეთ.
მერე ეს ხალხი საჩემო, ჭირის სუფრასთან აწვიეთ,
შესანდობარი ქართულად მომიძღვენ-შემომაწიეთ.
ას წელზე მეტ ხანს იცოცხლეთ, ადრე ნუ დაიქანცებით
და დარჩით როგორც მახსოვხართ, ჩემი ვერელი ანცები,
კახური ღვინის ზარხოშით გილაპლაპებდეთ ღაწვები,
მერე კი ჩემთან რომ მოხვალთ, დაგხვდებით სავსე ყანწებით.
მე საქართველო მიყვარდა და იმასაც ვერ ვეფერე,
თუმცა ფერაძე ვიყავი ეკლესიური გვარისა,
მის ყველა ქუჩას, ხეივანს გულზე ყვავილად ვეფარე,
მთაწმინდით გულანთებული, გაგრილებული მტკვარითა.
იხარეთ, ჩემო შვილებო, ქარგეთ სამშობლოს ველები,
მის სალოცავად მე ახლაც ცისკენ აღვმართე ხელები,
მთელი სიცოცხლე ვიყავი ამ ტრფობით განახელები,
სწორედ ეგ არის, რასაც მე ვკვდები და ვეღარ ველევი.
სოფო, ბიძინა, მარიკა და გია ერთხელ ნახულო,
მინდა ეს ცოდვის ზამთარი სულ თქვენთან გავიზაფხულო,
ჩემო სულო და სხეულო, სუნთქვავ და თვალის ფახულო,
უზღვავო თვალ-მარგალიტო უფლისთვის გადანახულო.
შრომით ყველაფერს მიაღწევთ, შორს თქვენგან უქმი ჩივილი,
სულ მე წამეღოს იმქვეყნად თქვენი სულ მცირე ტკივილი,
თბილისის ქუჩებს ამკობდეს თქვენს შვილთა ჟივილ-ხივილი.
რა არის კაცის სიცოცხლე, მხოლოდ ნაცარი, მტვერია,
შვილი თუ გრჩება მიმავალს, ის მართლა ბედნიერია,
ცხოვრება მაინც კარგია, ტურფა და მშვენიერია,
ასე დასრულდა ბოლოთქმაც, როგორც ერთ წიგნში წერია:
უფალო, ცოდვიანისგან ერთხელ ისმინე აჯაო,
ჩემს შვილთა დასალოცავად ერთხელ აღაპყარ მაჯაო,
ციხეში ნაგვემ-ნაწამებს სიცოცხლე დამეხარჯაო,
სამარადჟამო კარცერი მიწაში მიმესაჯაო.
ბოლოს სულ, ბოლოს, სულ ბოლოს
გეტყვით, რომ გენაცვალებით,
ბოლოს, სულ ბოლოს, სულ ბოლო
სიტყვა ამომაქვს წვალებით.
მივდივარ, თქვენი მიმყვება გადაუხდელი ვალები,
ო, როგორ მინდა რომ ახლა ამოგიკოცნოთ თვალები.”