დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი

დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარიდავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი XX საუკუნეში არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) იყო.

ინფორმაცია მის შესახებ დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა გაავრცელა:

“დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.

მისი შვილის – პროფესორ ბეჟან აბაშიძისგან ბევრი რამ მსმენია მამა გერმოგენის სასულიერო მოღვაწეობისა და დიდი ტრაგედიის შესახებ… მისი წინამძღვრობის ერთი პერიოდი დემოკრატიული საქართველოს არსებობის ხანას ემთხვევა.

მამა გერმოგენის დიდი დამსახურებით უდაბნოს მიწების საზღვრები საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გაუსწორდა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შემდეგ დიდი ივანე ჯავახიშვილი ჩასულა ლავრაში და მისთვის მადლობა შეუწირავს მუსულმანებთან საქვეყნო საქმის ,,უომრად” მოგვარებისთვის.

ბოლშევიკების მმართველობის პირველივე წლებში საქართველოს აშკარა მტერი – რუსული ოხრანკა მთელი ძალით ამუშავდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედაც ღვთის ნება იყო, მონასტერს ამ დროს მამა გერმოგენი რომ განაგებდა. იგი ნათესაურ კავშირში იყო სერგო ორჯონიკიძესთან. იგი თავის ხორციელ ნათესავსა და კავკასიის მაშინდელ დამპყრობელს სთხოვს არა მონასტრის, არამედ საქართველოს სასაზღვრო მამულების საკითხთან დაკავშირებით გულისხმიერება გამოიჩინოს.

ამ ცნობას გავწვდის სერგო ორჯონიკიძის მეუღლე, რომელიც იმ დროს მის მდივნად მუშაობდა. მამა გერმოგენი სასტიკი არჩევნის წინაშე დააყენეს: თუ ის გაიხდიდა ბერის ჩოხას და ოჯახს მოეკიდებოდა, მაშინ ყოფილი მონასტრის მამულების განკარგვას ჩააბარებდნენ და მონასტრის მიწების მიმტაცებელ მეზობელ სახელმწიფოს წინ აღუდგებოდნენ (კომპეტენტური პირებისათვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ კუხეთის მიწებზე ლენინს ,,ბრწყინვალე თურქული სახელმწიფოს” შექმნა სურდა).

ამ დროს, 1924 წელს მონასტრის 2500 ჰექტარს აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს ედავებოდა. მამა გერმოგენი თავისი უშრეტი ენერგიულობით ამ მიწებზე აარსებს უდაბნოს მეცხვარეობის მეურნეობას, რომლის დაკანონებითაც გადარჩება დავით გარეჯიც, წინააღმდეგ შემთხვევაში იცის სხვა ქართული მონასტრების მსგავს ბედს გაიზიარებდა.

არქიმანდრიტი გერმოგენი 1937 წელს დახვრიტეს… მხოლოდ უფალია ამ ეროვნული სულის კაცის ღვაწლის, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და დაშვებული შეცდომების განმსჯელი…”