12 მაისი, 2019

“დაშ-ბაშის” კანიონთან დაკავშირებულ საქციელს გამართლება არ აქვს

"დაშ-ბაშის" კანიონთან დაკავშირებულ საქციელს გამართლება არ აქვს– “დაშ-ბაშის” კანიონთან დაკავშირებულ საქციელს გამართლება არ აქვს – ასე მიაჩნია ფოტოხელოვან კუკური მეტრეველს და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო:

“ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის მართლა ერი?!..”

დღეს ერთ-ერთ ტელევიზიაში ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ იწყება “დაშ-ბაშის” კანიონის გრანდიოზული პროექტის განხორციელება, რომელიც რამოდენიმე მილიონი დაჯდება და საქართველოში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი და ყველაზე ცნობილი ადგილი გახდება!

კეთილი და პატიოსანი, განა შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს ასეთი სასიკეთო პროექტის განხორციელება, მაგრამ ყოველივე ამ სიკეთეს შუაგულ საქართველოში სახელი რა ერქმევა? დაშ-ბაში?! ეს ვიცი ჩვენი საზოგადოების პატრიოტულად განწყობილ ნაწილს ძალიან არ მოსწონს! მაგრამ რა?!..

“ახალი ქართველების” ყურს ორი საუკუნის წინათ არზრუმიდან გადმოსახლებული სომხების მიერ თრიალეთის ახალქალაქისათვის დარქმეული ეს თურქული სიტყვა ეტყობა ისე ძალიან მოსწონს და ესალბუნება, თანაც წალკის კანიონის ამ სახელით მოხსენიება და მთელს დუნიაზე ასეთი პოპულარიზაცია მათ ალბთ ისე დიდ ფინანსურ მოგებას ჰპირდება, რომ უღირთ ამის გამო ეროვნული ინტერესების საერთოდ იგნორირება, თორემ ჩვენთვის ძალიან გაუგებარია, ქართულ სახელმწიფოში რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი თავგამოდებით ამ გადაკეთებული არაქართული ტოპონიმის ისევ ქართველების მიერ ასეთი მონდომებით დაცვა და ტირაჟირება?!

სადაც კი შეგვეძლო, უამრავჯერ ვცადეთ ამის თაობაზე ოფიციოზის და საზოგადოების ყურადღების გამახვილება, მაგრამ ამოდ. პირიქით, ბოლო წლებში აქაც და განსაკუთრებით ჯავახეთში კიდევ უფრო ინტენსიურად და ჯიუტად მიმდინარეობს ქართულ ტოპონიმებზე დაუფარავი ექსპანსია და არაქართულის ან დამახინჯებული სახელების დამკვიდრება.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე, ქართველების სრული გულგრილობის და, უფრო მეტიც, აქტიური ხელშეწყობითაც. ამ საქციელს ეროვნული და სახელმწიფოებრივი გამოთაყვანების გარდა, სხვა სახელს ვერ დაარქმევს კაცი!

გადახედეთ ამ დროს რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ყველა მათგანის შემადგენლობაში აღმოჩენილ ყოფილ ისტორიულად ქართულ ტერიტორიებზე თითქმის არცერთ ისტორიულ ადგილს, თუ ძეგლს არ დაუტოვეს პირვანდელი ქართული სახელწოდება. აქ კიდევ სისხლის ფასად შენარჩუნებულ ჩვენსავე შეკვეცილ- შემოძარცულ მიწა-წყალზე გვეთაკილება, ქართული ტოპონიმების დაცვა, აღდგენა- დამკვიდრება, პირიქით “გვემაყება” კიდეც ჩვენი ღირსშესანიშნაობების უცხო, “დაშ-ბაში”-ს მსგავსი სახელებით მოხსენიება.

ამ საქციელს გამართლება არ აქვს, თავმოყვარე ერის მიერ შექმნილ ნორმალურ საზოგადეობაში მსგავს ქმედებას სახელიც კი არ მოეძებნება!…”