5 მაისი, 2019

დაპირისპირება ლაშა ბაქრაძესა და გიორგი კალანდიას შორის

დაპირისპირება ლაშა ბაქრაძესა და გიორგი კალანდიას შორისლიტერატურის მუზეუმის დირექტორს ლაშა ბაქრაძესა და ხელოვნების სასახლის დირექტორს გიორგი კალანდიას შორის დაპირისპირება მოხდა. მიზეზი „კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის“ შესახებ ლაშა ბაქრაძის განცხადება გახდა.

ლაშა ბაქრაძე:

“ბევრი მეკითხება – რა აზრის ვარ „კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის“ შესახებ.

სამწუხაროდ, დასაბუთება, თუ რისთვის და რატომაა საჭირო ჯანმრთელი და კარგად მომუშავე ინსტიტუციების რყევა და მიერთება-მოერთება, უაღრესად მოიკოჭლებს.

ამ ბოლო დროს არგუმენტაციის თითქმის მთავარ ფაქტორად იქცა ევროკავშირის ცალკეული ექსპერტის მოხმობა. ყველასთვის ცხადია, რომ შეგვიძლია, სხვა ექსპერტებსაც დავეკითხოთ და ისინი სულ სხვა აზრს მოგვახსენებდნენ. მაინც, სასურველი იქნებოდა ამ ერთი ექსპერტის დაწერილი მოსაზრების წაკითხვაც – რეალურად რა რჩევებს იძლევა. ეს ექსპერტი ჩამოთვლილ ინსტიტუციებში, სავარაუდოდ, თვალით არ უნახავთ და უაღრესად საინტერსოა, როგორ, რა ცოდნის თუ ინფორმაციის საფუძველზე იძლევა კონკრეტულ რჩევებს.

არც ერთ ქართულ კულტურულ ორგანიზაციას არ უმუშავია საერთაშორისო ასპაზრეზზე ისე კარგად, როგორც ქართული წიგნის ცენტრს და მაინცდამაინც ის უნდა შეუამხანაგონ ასევე ჩამოყალიბებულ და დიდი გეგმების მქონე მწერალთა სახლს. უკვე დაიწყო საუბრები, ვინ იქნება ამ გაერთიანების მომავალი ხელმძღვანელი. ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. საკითხავია, რა აუცილებლობას წარმოადგენს ორი ისეთი ინსტიტუციის გაერთიანება, რომელთაც არა აქვთ საქმიანობის თვალსაზრისით დიდი გადაფარვა და მშვენივრად ართმევენ თავს ნაკისრ ვალდებულებებს. აქ პიროვნებებზე კი არ არის საუბარი, არამედ ინსტიტუციების მდგრადობაზე.

მაგრამ, პრობლემატური მხოლოდ ეს გაერთიანება არაა. საიდან ვასკვნით, რომ „ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციები, თვისებრივად წარმოადგენს საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციების იდენტურს ან მათ გაგრძელებას“? ასე ხომ ნებისმიერი მუზეუმი შეგვიძლია მეორეს მივუერთოთ, თუნდაც რატომ არა საქართველოს ეროვნულ მეზეუმს, რომელთანაც მეტი საერთოს გამოძებნა შეიძლებოდა? ამ გაერთიანების შესახებ წერს მუზეუმის ყოფილი დირექტორი ირინა კოშორიძე, რომელიც სწორედ ამ გეგმების გამო წავიდა მუზეუმიდან.

რა ლოგიკაა, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდეს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი? საქართველოში არსებულ უამრავ სხვა სახლ-მუზეუმს რატომ არ უერთებენ სააგენტოს? და, საერთოდ, სააგენტოს რატომ უნდა აკიდონ ეს მუზეუმები? სააგენტოსა და ამ მუზეუმებს ხომ სრულიად სხვადასხვა დანიშნულება და მიზანი აქვთ?

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რამდენად არაკოლეგიალური და პრაგმატულად არაპროფესიონალურია – სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სსიპ-ების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების გარეშე – მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენო კოლეგები, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდი.
რათა არ მოხდეს გამოუსწორებელი შეცდომა, აუცილებელია, გაიმართოს მსჯელობა მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კულტურის სფეროში მომუშავე ინსტიტუციების წარმომადგენლები და ასევე დარგის სპეციალისტები, ლიტერატორები, გამომცემლები და სხვა.”

გიორგი კალანდია:

“ლაშა, მეორე მუზეუმის დირექტორი ხარ, რომელიც ჩვენს ბოსტანში ქვებს ისვრი ისე, რომ არც კი გვეკითხები ჩვენს მოსაზრებას, ან შეიძლება სულაც ფიქრობ, რომ რადგან ხმას არ ვიღებთ, არგუმენტები არ გაგვაჩნია!

ძალიან კარგად იცი, რომ ეს გაერთიანება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას სულაც არ ჰგავდა. ისიც კარგად უწყი, რომ მოსალოდნელი გაერთიანების ყველა სუბიექტის ხელმძღვანელს შეგვხვდნენ და ამ მოსალოდნელი რეფორმის შესახებ გვესაუბრნენ, დღეს გულში მჯიღის მცემელნი მაშინ სულ სხვანაირად საუბრობდნენ!

პირდაპირ გეტყვით, არ გეკადრებათ ჩვენი მისამართით თითის გამოშვერა და ალმაცერად გამოხედვა, მით უფრო, როცა იცი, რომ ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა!

ახლა იმაზე თუ რატომ მოხდა, ის რაც მოხდა?! (ხაზგასმით ვამბობ, რომ აზრს მხოლოდ ჩემი დარგის შესახებ მოგახსენებ)! ყველამ კარგად ჩაიხედოს საკუთარ თავსა და აქტივობაში და იქ ეძებოს მიზეზები, ყველა დამრიგებელმა თუ ჭკუის მასწავლებელმა კარგად გაიხსენოს საიდან დაიწყო, სად მივიდა და მერე ჩვენთან გაავლოს პარალელი, ჩვენთან მიმართებაშიც გაიხსენოს საიდან დავიწყეთ და სად მოვედით!

არ გეკადრებათ და ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისაგან მითითებსა და ჭკუის სწავლებას, რომელსაც დღემდე არ გააჩნია საკუთარ მუზეუმში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, არადა ამას ნამდვილად იმსახურებს დარგი, რომელსაც ხელმძღვანელობთ, ვერ მივიღებთ მითითებებს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ერთ მუზეუმში ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო, მეორეგან კი დირექტორი, ვერ მივიღებ რეცეპტებს იმ „ექსპერტისაგან“, რომელიც წლები ხელმძღვანელობდა მუზეუმს და როგორი დანგრეულიც ჩაიბარა, ისეთივე დანგრეული დატოვა, დირექტორის სკამიდან „ექსპერტის“ სავარძელში გადაინაცვლა და ახლა მე მასწავლის ჭკუას როგორ მოვიქცე!

არ იცი? ლაშა შენ პირადად არ ესწრებოდი შეხვედრას, სადაც საუბარი იყო რეფორმაზე?! და თუ ესწრებოდი, დღეს რატო გაგახსნედა ამ საკითხის ვითომდა „სიმწვავე“? ისევ ვიტყვი, ვიღაცეებს ძალიან ადვილად ხელწამოსაკრავი გეჩვენებათ ჩვენი ინსტიტუცია და ეგრე არ არის, რა ლოგიკითაც ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი, ზუსტად იმ ლოგიკით მოხდა ჩვენთან სხვების გაერთიანება, ჩვენთან რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაგვაჩნია!

თამამად ვიტყვი, რომ დღევანდელ საქართველოში ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამუზეუმო ინსტიტუცია ვართ, მსოფლიო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულები, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები, ჩვენი კოლექციები მოვლილია უმაღლეს დონეზე, მარტო გასულ წელს 68 ათასზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ!

არადა ყველაფერი დავიწყეთ 8 წლის წინ ნანგრევებიდან, ამიტომ ამ ახლად შემოერთებულებს უკეთესს მომავალს შევთავაზებთ და არა უარესს. არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით არავისთვის არაფერი გვითხოვია, ამ დამატებითი შრომისათვის არც ხელფასს გვიმატებს ვინმე და არც ჩინ-მედლებს, ასე რომ მგონია სამუზეუმო მენეჯმეტში ხელის შეშველებას და გამოცდილების გაზიარებას აქეთ უნდა გვთავაზობდნენ, იქით არავისთან არაფერი გვაქვს სახვეწარი, ჩვენი კოლექციებიც გვყოფნის, გაქანებაც და სამომავლო საქმეც. მეჩვენება რომ გგონია, რადგან დუმილს ვინარჩუნებდი, უუფლებო ვარ და უსიტყვო! რომ იცოდე ეგრე არ არის!”