1 მაისი, 2019

ახსოვს ვინმეს ლანა ღოღობერიძე?

ახსოვს ვინმეს ლანა ღოღობერიძე?– კითხულობს რეჟისორი რეზო შატაკიშვილი და ლანა ღოღობერიძესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ეპიზოდს იხსენებს:

“ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წელი გავიდა და ამ დღეს არავის გახსენებია ქალბატონი, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო!

დიახ, მე ვლაპარაკობ ქალბატონ ლანა ღოღობერიძეზე!

ქალბატონი ლანა იყო ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, შემდეგ უკვე ჩვენი ელჩი ევროპის საბჭოში.

სანამ ზურაბ ჟვანია გამოვიდოდა ისტორიული გამოსვლით იმ ტრიბუნაზე, სწორედ ქალბატონი ლანა გამოდიოდა!

მახსოვს მიხეილ სააკაშვილი მიყვებოდა (მიხეილ სააკაშვილი ამავე დელეგაციის წევრი იყო, ისევე როგორც ირინა სარიშვილი), რა ფურორი მოახდინა ლანა ღოღობერიძის პირველმა გამოსვლამ ასამბლეაზე.

ვინაიდან გამომსვლელი იყო პოსტსაბჭოთა სივრციდან და, მითუმეტეს, უფროსი თაობის წარმომადგენელი, ვარაუდობდნენ, რომ იგი რუსულ ენაზე გამოვიდოდა და ისარგებლებდა სინქრონული თარგმანის სერვისით.
და ის გამოვიდა უზადო ფრანგულით!
გამოსვლის შემდეგ კი კოლეგებთან საუბრობდა ასევე უზადო ინგლისურით…

დიახ, იქ არავის უკვირდა ახალგაზრდების ფრანგული და ინგლისური, მაგრამ მათთვის აღმოჩენა იყო ასაკოვანი ქალბატონის ასეთი ფრანგული.

ეს მაინც მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რასაც ქალბატონი ლანა აკეთებდა ამ ასპარეზზე და დღეს, ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის თავზე, იმდენს მაინც იმსახურებდა, რომ ვინმეს ეხსენებინა, ელემენტარულად მადლობა ეთქვათ.

მე გადასარევად მახსოვს მთელი ის პერიპეტიები და მე მინდა გადავუხადო ჩემი წილი მადლობა ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს!”