1 მაისი, 2019

აი, საიდან იღებს სათავეს დავით გარეჯის თემა

აი, საიდან იღებს სათავეს დავით გარეჯის თემადავით გარეჯის თემა ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური საკითხია.

მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი უმცროსი კონსტანტინე გამსახურდია უახლესი ისტორიის საინტერესო ახსნას გვთავაზობს:

“გარეჯის თემა სათავეს იღებს 1921 წლის 25 თებერვლის შემდგომი ამბებიდან. აუცილებლად გაეცანით, ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე რეკომენდაციას უწევს საბჭოთა პერიოდის ისტორიკოსის, ლევან თოიძის წიგნს “საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1921-1923 წლებში,” თსუ გამომცემლობა, 1999 წ.

“ანოტაცია: შეიქმნა ქართველ-აზერბაიჯანელ და ქართველ-სომეხ კომუნისტთა კომისიები. ქართველი “ნაციონალ უკლონისტი” კომუნისტები არ თმობდნენ არც ზაქათალას, არც ლორეს, არც გარეჯს და საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდნენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის მიმართაც (თუმცა ეს უკანასკნელი სხვა საკითხია).

რასაკვირველია, შეთანხმება ვერ მოხერხდა. საკითხი განსახილველად გადაეცა ზემდგომ ორგანოს, ანუ რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს, რომელსაც ამხ. სერგო ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, რსფსრ-ის (ანუ საბჭოთა რუსეთის) ეროვნებათა სახალხო კომისარი (ანუ ეროვნებათა შორის ურთიერთობების საკითხებში მინისტრი) იყო ი. ბ. სტალინი, რომელიც თავის მხრივ ორჯონიკიძის ზემდგომი იყო.

სერგომ ზაქათალის, ლორეს, გარეჯისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები გადაწყვიტა საქართველოს საწინააღმდეგოდ. ვინ იცის როგორ მოიქცეოდა ის, ქართველი რომ არ ყოფილიყო.
რამდენიმე ფაქტორია:

1. შოვინიზმსა და ნაციონალ უკლონიზმში დადანაშაულება ძვირად ფასობდა;

2. სერგოსა და ი.ბ. სტალინს დაპირისპირება ჰქონდათ ქართველ კომუნისტთა ნაციონალ უკლონისტთა ჯგუფთან (ბუდუ მდივანი და სხვები, კ.გ.) და მათ შორის ეს საკითხიც გამოიყენეს ამ ბრძოლაში.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას შემდეგიც:

1. საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა (თუ შეიძლება ასე ითქვას) აფხაზეთის საკითხი, რომელსაც ასოცირებული სტატუსი (ლამის დამოუკიდებლობა) მიენიჭა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში, მაგრამ აფხაზი კომუნისტები ნესტორ ლაკობას მეთაურობით სრულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. სერგომ ლაკობას უპასუხა, რომ ბოლშევიკები საბჭოთა სახელმწიფოს ვერ დაშლიდნენ წვრილ ნაწილებად;

2. მოსკოვისა და ყარსის შეთანხმებებისას 1921 წელს, ბოლშევიკებსა და ქემალისტებს შორის, სომხეთს ჩამოერთვა ყარსი, სამაგიეროდ საქართველოს დარჩა აჭარა. ასეთი ბარტერი გამოვიდა. ცხადია ეს საქართველოს ხათრით არავის გაუკეთებია, ბათუმს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ბოლშევიკებისთვის (იქ ნავთობის ინფრასტრუქტურის გამო, კ.გ.)

3. სომხეთთან დავაში საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა ახალქალაქის საკითხიც. არც ეს ყოფილა საქართველოს სიყვარულით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. ახალქალაქი ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად, ადმინისტრაციულად და ფაქტობრივადაც საქართველოს ეკუთვნოდა. მისი სომხეთის შემადგენლობაში ინტეგრაცია გამოიწვევდა არააუცილებელ დიდ დანახარჯებს. ამასთანავე, ლორე თუ სომხეთს რჩებოდა, საქართველოსაც უნდა მიეღო რაღაც.

მოკლედ, ყველას რაღაც წაართვეს 21-23 წლებში და ყველას რაღაც მისცეს ბოლშევიკებმა. საქართველოს დაათმობინეს ზაქათალა, ლორე, ართვინი, არტაანი; დაუტოვეს აფხაზეთი (ლამის დამოუკიდებელი), შეუქმნეს “სამხრეთ ოსეთი” ავტონომიითურთ, ახალქალაქი, აჭარა.”

ჩემი კომენტარი: დიდი ბარტერები, რომელიც წავიდა 1921 წლიდან, პირდაპირ შეეხო საქართველოს. ამ ყოველივეს გაპროტესტება კომუნისტისთვის რბილად რომ ვთქვათ, უთავმოყვარეობად ითვლებოდა. მაგალითად პროლეტკულტელი “პოეტი” ნაროუშვილი ამ დროს წერდა:

ახლა როდესაც ინტერნაციონალს
ერებმა ფართოდ გაუღეს კარი,
მე არ მაწუხებს თუ სად იწყება
და სად თავდება სომხური მტკვარი.
თვით პროფესორი ჯავახიშვილი,
და მიმდევარნი ათას ისტების,
კაციჭამია კოტეტიშვილი,
თაობა წუნკალ შოვინისტების.

ამიტომაც საჭიროა საქართველოს სსრ-ს დროინდელი ხელშეკრულებების დენონსაცია – ისინი ერის ნებას კი არა, ოკუპანტების ნებას გამოხატავენ.

საბოლოო ჯამში მაინც წაგებად უნდა ჩაითვალოს “სამხრეთ ოსეთის” ავტონომია, რამდენადაც შიდა ქართლში “ოსეთი” არასოდეს არსებულა. ძალიან მტკივნეული იყო გარეჯის უდაბნოს მხარის მოწყვეტა ქვეყნისგან, მაგრამ ამ საკითხებს რაღაც მაინც აკომპენსირებს. ქვეყანაზე თავსდამტყდარი უბედურების ძირითად ავტორებს – სერგოს და სტალინს – შესაძლოა უარესად დაეგლიჯათ საქართველოს ტერიტორია, ვიდრე ეს რეალობაში გააკეთეს.”