ვახტანგ მაჭავარიანის საგანგებო მიმართვა

ვახტანგ მაჭავარიანის საგანგებო მიმართვადირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის განცხადებები იშვიათობაა, თუმცა ყოველთვის საჭირო. ამჯერად მაესტრო საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას:

“უკვე 20 წელიწადზე მეტი ხანია, რაც ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (Georgian Philharmonic Orchestra) იმყოფება ლტოლვილის მდგომარეობაში და არ გააჩნია დარბაზი. აღნიშნული უკუღმართობა დაიწყო 1998 წლის ზაფხულში და მისი არქიტექტორის სახელს აქ არ ვასახელებ, ვინაიდან აქსიომაა, რომ ამ ქვეყნიდან წასულ ადამიანებზე საუბრობენ ან კარგად, ან არ საუბრობენ საერთოდ. ხოლო ამ უკუღმართობას მაშინ ბეჭედი დაუსვა ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ.

როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, მაშინ მე მომიხდა ბრძოლა ძლიერთა ამა ქვეყნისა წინააღმდეგ ისევე, როგორც მათ გარშემო შეკრებილ მლიქვნელებთან, და თუ არა მთელი რიგი ქვეყნების ელჩების თანადგომა, მარტო ვერ გავუმკლავდებოდი აღნიშნულ ბოროტებას.

მიზანი კი იყო ორკესტრის სრული ლიკვიდაცია. საზოგადოების თანადგომის შედეგად მავანმა ვერ მოახერხა ერთი ხელის მოსმით ორკესტრის ლიკვიდაცია, რის შემდგომ დაიწყეს ორკესტრის ნელ-ნელა გაგუდვა, რაც გამოიხატა იმით, რომ ორკესტრს ჩამოერთვა დარბაზებში გამოსვლის უფლება და ჩვენ ყოველი კონცერტისთვის უნდა მოგვეპოვებინა არენდის გადასახადი, რაშიც რიგი ქვეყნების ელჩები გვეხმარებოდნენ, საქართველოში უცხოურ კომპანიებთან შუამდგომლობით და პეტიციით მაშინდელი პრეზიდენტის მიმართ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ორკესტრის სიცოცხლის უნარიანობის შესანარჩუნებლად.

მეტიც, არც ერთი თეთრით არ შეეწია სახელმწიფო ორკესტრის 75 წლის იუბილეს 2000 წელს, და მათი დახმარების გარეშე ჩავატარეთ ჩვენი იუბილე 4 პროგრამით ოპერის თეატრში, მოვიწვიეთ რა ქალაქ ბონის 80 კაციანი გუნდი და 8 ინტერნაციონალურად აღიარებული სოლისტი. ისევე როგორც 1 თეთრით არ შეეწია სახელმწიფო ორკესტრის გასტროლებს ამსტერდამის კონცერტგებაუს დარბაზის უნიკალურ სცენაზე 2 პროგრამით და გერმანიაში, 2002 წელს.

როდესაც 2003 წელს მოვიდა ახალი ხელისუფლება, ვიმედოვნებდი, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა ორკესტრის სასიკეთოდ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა და გადავდექი. ვიფიქრე, ეგებ ახალი ხელმძღვანელი, ახალი ენერგიით შეცვლის ორკესტრის ბედ იღბალს და მოუპოვებს მას ღირსეულ სახლ კარს.

2005 წლიდან ორკესტრს სათავეში ჩაუდგა ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც მოუხდა მრავალი სირთულის გადალახვა და დღეს ორკეტრი იმყოფება შესანიშნავ ფორმაში, მაგრამ ისევ, ჩემი გადადგომიდან უკვე 15 წლის შემდგომ ორკესტრი ისევ დგას უსახლკარობის პრობლემის წინაშე, რაც როგორც მაშინ, ისე ახლაც ძალზედ აფერხებს სეზონის დაგეგმვის პროცესს, რაც ფატალურია ნებისმიერი ორკესტრისთვის.

ალექსი მაჭავარიანის ინიციატივით და შრომით აშენდა თბილისში ფილარმონიის დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები, რომელთა ფუნქცია ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს და ორივე დარბაზში მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, შემდგომში ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ამჟამად კი ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

ორკესტრი რეგულარულად რეპეტიციობდა ფილარმონიის დიდი დარბაზის სცენაზე, იქვე მართავდა კონცერტებს და ზოგჯერ უკრავდა მცირე დარბაზში, როგორც ეს მოხდა როდესაც მსტისლავ როსტროპოვიჩმა ჩაატარა ერთ კვირიანი კონცერტების სერია, სანამ დატოვებდა საბჭოთა კავშირს და მას პარტნიორობას უწევდა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და მაესტრო გიორგი გოცირიძე. სამწუხაროდ, ისევ და ისევ მავანის ქმედებით, ფილარმონიის მცირე დარბაზი გაცვლილი იქნა მაშინ პლეხანოვის, ამჟამად აღმაშენებლის გამზირზე არსებულ მაშინდელ კინოთეატრ ამირანში, რამაც გამოიწვია ფილარმონიული კომპლექსის რღვევა და რაც ნეგატიურად აისახა თბილისის და მთლიანად საქართველოს კულტურულ ცხოვრებაზე.

იცვლება ხელისუფლებები, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო (ეროვნული) ორკესტრის მიმართ უკუღმართი და მავნებლური დამოკიდებულება არ იცვლება, რაც ნიშნავს, იმას, რომ ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. თვით სიტყვა „ფილარმონიას“ რომ დაუკვირდეთ, იგი ითვალისწინებს ფილარმონიულ მოღვაწეობას, ანუ კლასიკური და თანამედროვე პროფესიული მუსიკის პოპულარიზაციას.

ვიკიპედია გვაუწყებს: “A Philharmonic Orchestra is a large Orchestra which plays classical music”, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ფილარმონია ითვალისწინებს ორკესტრს.

როდესაც ალექსი მაჭავარიანი იღწვოდა აღნიშნული დარბაზის შექმნაზე, პირველ რიგში იგი ზრუნავდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრზე და მის ბინაზე, რაც განხორციელდა დარბაზის აშენებისას. თავის თავადია, რომ აღნიშნულ დარბაზში ეწყობოდა ასევე სხვა ჟანრის კონცერტები, ჩამოდიოდნენ ორკესტრები, რომელთა შორის აღვნიშნავდი ამსტერდამის ფილარმონიული ორკესტრის გასტროლს თბილისში, ასევე ლეგენდარული ჯორჯ ბალანჩინის დასის გამოსვლას აღნიშნული სცენაზე, სვიატოსლავ რიხტერის კონცერტებს, ისევე როგორც განსხვავებული ჟანრის – ჯეიმს ლასტის ბენდის გამოსვლას, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის რეგულარული, ანუ ყოველ კვირეული გამოსვლები აღნიშნულ სცენაზე გახლდათ დარბაზის არსებობის ძირითადი მოვლენა. მას მერე რაც ფილარმონიის ორივე დარბაზი აშენდა, პირველი კონცერტი, რომელიც დარბაზში ჩატარდა იყო ა. მაჭავარიანის საავტორო კონცერტი.

ეს ლოგიკური იყო, რადგან სწორედ ა. მაჭავარიანის ტიტანური შრომის შედეგად აშენდა აღნიშნული დარბაზი.

მინდა დავიტოვო იმედი, რომ მას მერე, რაც 2014 წელს დარბაზს მიენიჭა ალექსი მაჭავარიანის სახელი ქართველი საზოგადოების ინიციატივით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 20 წელზე მეტი ხანის ტანჯული ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული (ფილარმონიული) სახელმწიფო ორკესტრი ჰპოვებს ბინას აღნიშნულ დარბაზში, რითაც საბოლოოდ აღსდგება სამართლიანობა.”