6 აპრილი, 2019

ვახტანგ კიკაბიძე გია დანელიას უკანასკნელ სურვილზე

ვახტანგ კიკაბიძე გია დანელიას უკანასკნელ სურვილზემსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე სპეციალურ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც რეჟისორ გია დანელიას უკანასკნელ სურვილს ასაჯაროვებს:

“არაჩვეულებრივი რეჟისორი, მხატვარი, მწერალი გია დანელია აღარ გვყავს. მისნაირი იუმორის მქონე ადამიანი, სხვა არ შემხვედრია. ალბათ სულ ცოტა 45 წლის განმავლობაში ძალიან ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა.

რამდენიმე თვის წინ ტელეფონით ვსაუბრობდით და მითხრა, როცა წავალ და აუცილებლად შენზე ადრე წავალ, იმიტომ რომ უფროსი ვარ, როცა შენი დრო მოვა და შემოხვალ წმინდა პეტრეს ჭიშკარში, მარჯვენა მხარეს დაგელოდებიო.

როცა ფილმების გადაღებები გვქონდა, ხშირად ერთად ვთევზაობდით ხოლმე და ამ ისტორიას ასეთი გაგრძელება მოვუგონე: და ხელში მეჭირება ორი ანკესი და ერთად წავალთ ოქროს თევზების დასაჭერად, საღამოს კი თევზეულით გაწყობილ სუფრას მივუსხდებით, დავპატიჟებთ ყველა ჩვენს უახლოეს ადამიანს, რომლებიც ჩვენზე ადრე გარდაიცვალნენ და პირველად იმათ სადღეგრძელოს დავლევთ, ვინც დარჩა ცოცხალი თბილისში, მოსკოვში, საქართველოში, რუსეთში და მათ ფარგლებს გარეთ…

ძალიან მიჭირს გიაზე საუბარი, მთელი ღამე ქალივით ვტიროდი. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა. სანამ ცოცხალი ვარ, ის არასოდეს დამავიწყდება, იმიტომ რომ გია დანელიამ ჩემგან შექმნა ისეთი მსახიობი, რომელსაც დიდი მსახიობები ესაუბრებიან. ეს ყველაფერი გია დანელიას დამსახურებაა, ჩემი დამსახურება ამაში ნამდვილად არაფერია.”