15 აპრილი, 2019

სოფიკო ჭიაურელის დაუვიწყარი მოგონება ვერიკო ანჯაფარიძეზე

სოფიკო ჭიაურელის დაუვიწყარი მოგონება ვერიკო ანჯაფარიძეზესოფიკო ჭიაურელის მოგონებები ქართული კინოს მოყვარულებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

მსახიობი ხშირად იხსენებდა ისტორიას დედაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, თუ როგორ მოხვდა იგი თენგიზ აბულაძის “მონანიება”-ში:

“თენგიზ აბულაძე როცა მონანიებას იღებდა, უნდოდა რომ ის ქალი, რომელიც ბოლო სცენაში ტაძრისაკენ მიმავალ გზას ეძებს, მე მეთამაშა. ის ფიქრობდა, რომ ეს ქალი არის დაბერებული ფუფალა, ეს ფუფალას ბოლოა.

მახსოვს, დამირეკა და მითხრა, სოფიკო ასე ვფიქრობ და მოდი მოვემზადოთ, გრიმზე წავიმუშავოთ, რომ შენ რაღაცნაირად დაგაბეროთო. მე ვუთხარი, ბატონო თენგიზ, რად გინდათ რომ ეხლა ჩვენ გრიმზე ვიმუშავოთ, ხომ იქნება რაღაც არაესთეტიური ამაში, რა საჭიროა ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ვერიკო-მეთქი. მითხრა, რას ამბობ, მე როგორ ვაკადრებ ამ პატარა ეპიზოდს ვერიკოსო. მე ვუთხარი, მე ვაკადრებ, მე ვეტყვი-მეთქი.

მართლაც ვუთხარი, ვერიკოს, დედა, აქვე გადაგიღებენ, ჩვენს ქუჩაზე მოვლენ და უცებ გადაგიღებენ-მეთქი და დავითანხმე.

შედგა გადაღება და მგონია, რომ “მონანიებიდან” ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია.”