17 აპრილი, 2019

შოთა იათაშვილი: “გამოფხიზლდით ახლა დროზე!”

შოთა იათაშვილი: "გამოფხიზლდით ახლა დროზე!"პოეტი შოთა იათაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს და დროული გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს:

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – რა გჭირთ მანდ, რა? მუშაობთ თუ გძინავთ? ჯერ ჟურნალების დაფინანსების საკითხის გადაწყვეტას სამი თვე მოანდომეთ, დაფინანსებაც შეამცირეთ და ერთი წელი რვა თვედ აქციეთ.

ნუ, რაც იყო, იყო, ყვავს კაკალი გააგდებინეო, ვიფიქრეთ და 25 მარტს ეს ამბავი რომ გადაწყდა, დავიწყეთ მუშაობა. ხუთი ჟურნალია – სამი ლიტერატურული, ორი საბავშვო. ჩაშვებულია პირველი ნომრები, პირადად ჩემი, “ახალი საუნჯე” უკვე დაბეჭდილიცაა, იკინძება, ხვალ-ზეგ უნდა გამოვიდეს. თანხა კი ამდენი ხანია ვერ ჩაირიცხა ვერანაირად. აღარ დამთავრდა ეს დღეს-ხვალ და ბიუროკრატიული იწილო-ბიწილოები. არ უნდა არავის არც ხელფასი, არც ჰონორარი? სამთვენახევარი გალოდინოთ უნდა ვინმემ ჯამაგირს და ვნახავდით, რა ხასიათზე დადგებოდით, ქვეყნისთვის როგორ იშრომებდით.

გამოფხიზლდით ახლა დროზე, თორემ ამოგვივიდა თქვენი ტკბილი ძილი ჩვენ ყველას უკვე ყელში!”