9 აპრილი, 2019

საუკუნის ბიბლიოთეკარი ფერიდე კვაჭანტირაძე გარდაიცვალა

საუკუნის ბიბლიოთეკარი ფერიდე კვაჭანტირაძე გარდაიცვალაეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი ბიბლიოთეკარი ფერიდე კვაჭანტირაძე გარდაიცვალა. მან ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იმუშავა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და იშვიათ გამოცემათა განყოფილებას უხელმძღვანელა.

საუკუნის ბიბლიოთეკარს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ასე დაემშვიდობა:

“ფერიდე, საღამო მშვიდობისა.

ალბათ გახსოვს, ამასწინ რომ მოვედით და საუკუნის ბიბლიოთეკარის სერთიფიკატი მოგიტანეთ, რაც ალბათ ცოტა ადრეც უნდა გვექნა, მერე ღიმილი გამოვიგონეთ და რაღაც სასაცილო ამბების მოყოლა დავაძალეთ თავს, შენც რომ აგვყევი და იცინოდი, კიდევ ოცი წელი უნდა ვიცხოვროო, ბიბლიოგრაფია უნდა დავამთავროო და სიურპრიზად გამოგიგზავნოო.

გამოვედით და ერთ საათში დამირეკე, მე მაგას ვერ მოვასწრებო. კაი, რას ამბობთ მეთქი, ვითომ მხიარულად გიპასუხე. ვიციო, რასაც ვამბობო. შენ ყოველთვის იცოდი, რასაც ამბობდი. მაშინაც, როცა წიგნის მუზეუმის გაკეთების ჯერაც უტოპიურ იდეაზე მესაუბრებოდი და მაშინაც, როცა სოფელ-სოფელ ფოტოების გასაციფრებლად დაგვყვებოდი. შენ უასაკო ადამიანი იყავი, ანუ უფრო უკეთ, სულ ძალიან ახალგაზრდა.

ახლაც ასეთი ხარ, უბრალოდ სხვა სამყაროდან კითხულობ ამ წერილს და მე მინდა დაგპირდე, რომ იმ და კიდევ ორ სურვილს, რაც მაშინ ტელეფონში მითხარი, აუცილებლად აგისრულებთ. შეხვედრით კი ზეციურ ,,რარიტეტში” შევხვდებით, სადაც დღეიდან იცხოვრებ, მე კი დროებით შემომატარებენ და პირველად, რა თქმა უნდა, შენ შემეგებები და მეტყვი: გიორგი, დაჯექი ორი წუთით ახლა და მომისმინე!”