5 აპრილი, 2019

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის “საყურე” შექმნის ისტორია

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის "საყურე" შექმნის ისტორიარომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს “საყურე” შექმნის საინტერესო ისტორია აქვს:

”ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკ შროშანსა, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავის სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიოს მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოი საყურეო,
გრძნობით ამრეო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თავისი ზედ დაგაკონოს?”

ლექსის შექმნის საკმაოდ საინტერესო ისტორიას ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი გვიყვება:

“1839 წლის გაზაფხულზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილი, ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილი სამარაგდონ ორბელიანის ასულ ბარბარეზე დაქორწინდა. ეს კავშირი ჯერ დიდი წვეულებით (რომელიც ბარბარეს დედამ ელისაბედმა გამართა) და მერე ქორწილით აღინიშნა. სწორედ ამ წვეულებაზე მყოფი ეკატერინე ჭავჭავაძე გამხდარა მიზეზი შედევრის(,,საყურე”) შექმნისა.

იონა მეუნარგია: ,,ბარათაშვილი თურმე იყო მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან წვეულებაზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა ლევან მელიქიშვილი.

– ლევან, ლევან! გავგიჟდი, მეტი აღარა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს.”‘