18 აპრილი, 2019

მარკუს მეტრეველი: “კმარა ამდენი სიყალბე!”

მარკუს მეტრეველი: "კმარა ამდენი სიყალბე!"– კმარა ამდენი სიყალბე! – აცხადებს მომღერალი მარკუს მეტრეველი და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო:

“ქართული სუფრა – ალბათ ყველა ქართველი ამაყოს ქართული სუფრით, უგემრიელესი კერძებით, საოცარი ღვინით. რა არის ქართული სუფრა კარგი თამადის გარეშე? რა იქნებოდა ქართული სუფრა კარგად თქმული ლექსის თუ კარგად ამღერებული სიმღერის გარეშე!

ქართულ სუფრაზე გვხვდება საქართველოს ყველა კუთხის მდიდარი კულინარიული შედევრები. მსოფლიომ ხომ სწორედ ქართული სტუმარმასპონძლობით გაგვიცნო. ეს იდეალურია მაგრამ, ტონობით ღვინო დალეულა ქართულ სუფრებზე, მილიონჯერ თქმულა სიყვარულზე, ქართველობაზე, ერთიანობაზე, გაერთიანებაზე, სიხარულზე, მეგობრობაზე გულის ამაჩუყებელი სადღეგრძელოები.

კარგით რა კმარა ამდენი სიყალბე! ვართ კარგი ქართველები? ვართ მოსიყვარულე ერი? ვართ ერთიანები? გვიხარია ერთმანეთის წარმატება, წინსვლა, ბედნიერება? ვართ ერთ მუშტად შეკრული ერი? არა არა და არა!

მომაბეზრებელი, ვადაგასული სადღეგრძელოები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ან ჩხუბით, ან ცუდ შემთხვევაში დაჭრით და მკვლელობებით მთავრდება! მხოლოდ სიტყვები, მხოლოდ პოზა, მხოლოდ საკუთარი ვაჟკაცობის წარმოჩენით ხართ დაკავებული სუფრებზე!

სუფრაზე ყელმოღერებულ პოზაში მომავალ ჯანსაღ თაობას ლოცავენ და სუფრისქვეშეთში ნარკოტიკს ყიდიან! მარცხენა ხელით კილომეტრიანი ყანწი უჭირავთ ვაჟკაცობის მადიდებელნი და მარჯვენა ხელით სუფრის ქვეშეთში ერთსქესიანთა ვაჟკაცურ ორგიებით კავდებიან. სუფრაზე კი მიდის ბულინგი, ჩაქოლვა, გაქრობა ქართული რეალობიდან ზემოთხსენებული რეალობის, თითქოს საქართველო სხვა ცივილიზაციას ეკუთვნის!

რამდენჯერ გამიგია ქართველობას გვართმევენო, მერე და ვინ? ვის რაში სჭირდება ჩვენი ქართველობა მაშინ, როცა იგივე შენს ქართველს სათანადოდ არ იცავ, არ გიყვარს, არ აღიარებ, გული არ შეგტკივა მასზე, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხდება ყველა გენიოსი.

ბევრჯერ დაუსვამთ შეკითხვა ჩემთვის, რატომ არ მიყვარს სუფრებზე ქეიფი. პასუხი მარტივია, ყველა იმ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო! რასაკვირველია, ყველას არ ეხება ეს მწარე რეალობა, ეს კომენტარი, მაგრამ, სამწუხაროდ, სიყალბე მეტობს!”