6 აპრილი, 2019

გოგა ჩანადირის სამართლიანი საყვედური

გოგა ჩანადირის სამართლიანი საყვედურიფოტოხელოვან გოგა ჩანადირის სამართლიანი საყვედური თითოეულ ჩვენგანს გვეხება და ქართული ენის კიდევ უფრო გაფრთხილებისკენ გვიბიძგებს.

– ამ ენაზე “ვეფხისტყაოსანი” დაიწერა და თქვენ არ გეყოთ საბჟუტუროდ? – სწორედ რომ XXI საუკუნის ქართველებზე ამბობდა ოტია იოსელიანი.

გოგა ჩანადირი:

“ნეტავ, როგორი იყო ცხოვრება მაშინ, როცა არ ვიყენებდით სიტყვა “მენეჯერს”? მმართველი და ხელმძღვანელი არავის ჰყავდა?

ნეტავ, ტელევიზიები როგორ მუშაობდნენ, ვიდრე ნიუსრუმს გაიგონებდნენ? ან ღონისძიებები არ იმართებოდა, ვიდრე ივენთი შემოვიდოდა?

როგორ, საქართველოში არც სამხატვრო და შემოქმედებითი ხელმძღვანელები იყვნენ კრეატიული დირექტორების სტატუსამდე და არც ფილმებისთვის არჩევდნენ მსახიობებს ქასთინგის გაგებამდე?

ანდა, არც მგრძნობიარე საკითხები არსებობდა სენსიტიურის შემოტენვამდე? თუ სიტყვა გამჭვირვალე არ არსებობდა ტრანსფარენტულამდე, ანდაც მომარაგება-უზრუნველყოფა ლოჯოსტიკამდე?

იქნებ მშენებლები არ გვყავდა და დეველოპერი იმიტომ დაგვჭირდა? ან, იქნებ არც სასტუმროები გვქონდა, მისაღები-მიმღების ნაცვლად რესეფშენს რომ ვამბობთ და არც საავადმყოფოები გვქონია, ემერჯენსი რომ ავიკვიატეთ და გადაუდებელი არ გამოგვადგა?

არა, ჩვენ ხომ ყველაფერს უდიერად უნდა მოვეპყროთ? ენა, რა, გამონაკლისია? მერე რა, რომ ის ერის თვითმყოფადობის მთავარი მახასიათებელია?

ცხოვრება გრძელდება, მას ახალი სიტყვები ნამდვილად მოაქვს, მაგრამ ის საკუთარის უგულებელყოფას არ გვთხოვს. ამ სისულელეს ჩვენ ვიგონებთ!”