ერთადერთი და განუმეორებელი ბარბრა სტრეიზანდი

ერთადერთი და განუმეორებელი ბარბრა სტრეიზანდი – „ცხოვრება ძალიან მოკლეა, ამიტომ ის დესერტით უნდა დაიწყოთ!“ – ამბობს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ბარბრა სტრეიზანდი.

2 ოსკარი, 4 ოქროს გლობუსი, 4 ემი და 11 გრემი და უამრავი თაყვანისმცემელი – ეს ხელოვანის აქტიური მუშაობის არც თუ ისე ცუდი შედეგია.

ბარბრა ალბათ მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ერთადერთია, რომელმაც უარი თქვა ცხვირის პლასტიკურ ოპერაციასა თუ ხელოვნური კბილების ჩასმაზე. ამის შესახებ მას ჟურნალისტებთან არაერთხელ უსაუბრია:

“ჰოლივუდი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერც ხელოვნური კბილები ჩამასმევინა და ვერც ახალი ცხვირი მიმაბა, რითაც ძალიან ვამაყობ!“

ხელოვანის ბავშვობა არ იყო მხიარული და ბედნიერი. მამა როცა გარდაეცვალა, 2 წლისაც არ იყო, დედა გათხოვდა, მამინაცვალს კი პატარა გოგონა სულაც არ ეხატებოდა გულზე. ის კი არადა, ხმამაღლა ამბობდა: „ასეთი მახინჯებისთვის ნაყინსაც კი არ ყიდულობენ!“…ეს ფრაზა ბარბრას მთელი ცხოვრება ახსოვს.

მოწყენილი და მარტოსული გოგონა ცდილობდა საკუთარი თავი გაემხიარულებინა, ამიტომაც ერთ დღეს სკოლაში სახეზე ცარცწასმული და მწვანედ შეღებილი თმით მივიდა, რის გამოც, სკოლიდან გამოაგდეს. სახლში დაბრუნებულს დედამ თავი გადაპარსა, თუმცა აქაც იპოვნა გამოსავალი – მეორე დღეს სკოლაში წასვლამდე ხოტორა თავზე სასაცილო სურათები დაიხატა.

„კლასიკური სილამაზე მოსაწყენია. იყო ყველასგან განსხვავებული, ყველა გააკვირვო და შოკში ჩააგდო – აი, მხოლოდ ასე შეიძლება ნამდვილ წარმატებას მიაღწიო, “- ასე გაიხსენა ეს შემთხვევა წლების შემდეგ ხელოვანმა.

როდესაც 15 წლის გახდა, მან პირველი როლი შეასრულა თეატრში და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, მსახიობი გამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბარბრას არასდროს უვლია თეატრალურ სასწავლებელში, მისი როლების დავიწყება მაყურებლისთვის შეუძლებელია:

„ითამაშო – ეს იმდენად ადვილია, რომ ამის სწავლა უბრალოდ სირცხვილიც კი არის!“…- ასე მიაჩნია მსახიობს.

ფილმი “სასაცილო გოგონა” ბარბრა სტრეიზანდის სავიზიტო ბარათად იქცა. მისი ფანი ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო, რომ ყურადღების გარეშე არც ჰოლივუდის პროდიუსერებმა დატოვეს და სპექტაკლის კინოვერსიაში მიიწვიეს. ფილმში გოგონას პარტნიორობას ლეგენდარული ომარ შარიფი უწევდა. “სასაცილო გოგონამ” ბარბრას “ოსკარი” მოუტანა. ამ ფილმში მოჰყვა სხვადასხვა რეჟისორებთან მუშაობა და რამდენიმე “ოსკარი”.

მსახიობობასთან ერთად, მან რეჟისორობაც სცადა და მაყურებელს თავისი ნამუშევრები წარუდგინა, რომელიც კინოს მოყვარულებმა ძალიან შეიყვარეს.

მალე ბარბრა სტრეიზანდმა პირველი სოლოკონცერტი გამართა და საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკვირვა. ხელოვანის გულშემატკივართა არმია დღითი დღე იზრდებოდა, თუმცა ბარბრა ისევ ისეთი მორიდებული და უბრალო გოგონა დარჩა, როგორც მანამდე იყო.

რაც შეეხება მის სასიყვარულო თავგადასავლებს, ცნობილია, რომ ბარბრას რომანები ჰქონდა მომღერალ ელვის პრესლისთან და ცნობილ ჩოგბურთელ ანდრე აგასისთან, მილიონერ დოდი ალ-ფაიედთან. ვრცელდებოდა ჭორი, რომ მომღერალს ასევე რომანი ჰქონდა ბილ კლინტონთან, თუმცა მან ეს კატეგორიულად უარყო და კლინტონი თავის უახლოეს მეგობრად მოიხსენია.

ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალი სიგიჟემდე უყვარდა კანადის პრემიერ მინისტრს პიერ ტრიუდოს, ის ხშირად აკითხავდა ბარბრას ამერიკაში, თუმცა საბოლოოდ მათი ქორწილი არ შედგა – მომღერალმა პოლიტიკოსს უარი უთხრა.

ამჟამად ბარბრა სტრეიზანდი აღარ მღერის, ის მთლიანად ქველმოქმედებით არის დაკავებული, არაჩვეულებრივად გამოიყურება და თავის მეუღლესთან მსახიობ ჯეიმს ბროლინთან ერთად ცხოვრობს.

ასაკი არ აშინებს, რადგან მისთვის სულ ერთია რამდენი წლის არის:

“რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? თუ დილით გაიღვიძე, ეს უკვე ბედნიერებაა. ყოველი გავლილი დღისთვის ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო. თუ საკუთარი დაბადების დღეების გეშინია, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას?“