1 აპრილი, 2019

ეძღვნება ანა ლაშხელი-ონიანს

ეძღვნება ანა ლაშხელი-ონიანსანა ლაშხელი-ონიანს და მის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

მისმა ნაადრევად შეწყვეტილმა სიცოცხლემ ბევრს დასწყვიტა გული. მათ შორისაა მსახიობი და პოეტი საშა გველესიანი, რომელმაც ანას ლექსი მიუძღვნა:

“ვალსი სიზმრიდან”
(ანა ლაშხელ ონიანს)

რჩება სიზმარი,
არეული ცხადი და ბანგი,
ამ სამყაროსგან, ღიმილს არა,
შფოთვას რომ ვირჩით,
შენ იცი,
თანაც როგორ იცი, შიშია, ან კი,
– ყვითელი ხმების
ფოთოლცვენა, შოსტაკოვიჩით…

შობიდან, სულ სხვა ღიმილიან
სიკვდილით აგცრეს,
რომ ამ ღიმილთან უყალბესი
იყო ჯოკონდაც,
სხვა ფერის მტრედებს დედასავით
უყრიდი მარცვლებს
და არც იცოდი, მხრებით თეთრი
ფრთები მოგქონდა.

ვერავის ყოფნას, ვერც არყოფნას,
ვერაფრით შევძლებ,
დელგმა თუ მოვა, მოვა სახის
ყოველ ღარამდე,
მთელი ცხოვრება, უჩრდილებო,
თეთრ მტრედებს ვეძებ,
ან, ბოლოს, ალბათ, თავად უნდა
გავჭაღარავდე…

ლექსია ღმერთი, ნოველაა,
ტანკა, იგავი,
შენ კი, მტრედებზე დაწერილი
პატარა ესსე,
ღმერთს შეუძლია და იმიტომ,
აქაც იყავი,
ახლა, აღარ ხარ, ღმერთია
და შეეძლო ესეც.

სანამ ქვადქცეულ გამშრალ სახეს
შემომამტვრევდეს,
ქვის სიჩუმიდან, ვიდრე დავა
დაკარგულ ხმამდე,
მინდა დაფოთლილ სახურავზე
დავდგა სამტრედე,
რომ აქ იყო და სადღაც ყელში
ბურთივით მყავდე…

ვალსი სიზმრიდან,
არეული ცხადი და ბანგი,
ავად ვიყავი
ღიმილით და შფოთვად მომირჩი,
შენ იცი,
თანაც როგორ იცი, შიშია, ან კი,
– ყვითელი ხმების
ფოთოლცვენა, შოსტაკოვიჩით…”