8 აპრილი, 2019

დიმიტრი თუმანიშვილი – დღეს მთელი საქართველო თქვენი ჭირისუფალია!

დიმიტრი თუმანიშვილი - დღეს მთელი საქართველო თქვენი ჭირისუფალია!გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და პროფესორi დიმიტრი თუმანიშვილი გარდაიცვალა.

არაერთი თაობის აღმზრდელი ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი იყო. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია წარმოადგენდა, ავტორია მრავალი სტატიისა და რამდენიმე წიგნისა, რომლებიც ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუნდამენტურ შრომებად დარჩება.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი:

“ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, დიმიტრი თუმანიშვილი გარდაგვეცვალა. გამორჩეული მოღვაწე, თუ რამე კარგი მაბადია, მისი დამსახურებაა. მხოლოდ ჩემთვის არა, დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის. ჩემო ბატონო მიტო, მადლობა ყველაფრისათვის.”

ლელა ფირალიშვილი:

“დიმიტრი თუმანიშვილი გარდაიცვალა… შეუცვლელი ადამიანებიც არსებობენ თურმე.”

ირინე გივიაშვილი:

“რამდენიმე საათის წინ სულ შავი ჩავიცვი, თან მეხამუშა, ასე არასოდეს ვიცმევ და ნეტა რატომთქო… დიმიტრი თუმანიშვილი, კაცი, რომელმაც ჩვენს თანამედროვეობაში ცხოვრება მესვეტეს დარად უანგარო სამსახურში გალია.”

გიორგი სისაური:

“მწუხარება? ტკივილი? დანაკლისი? განა ეს სიტყვები შეესატყვისება იმ განცდას, რასაც ვგრძნობ? მადლიერება? სიყვარული? სითბო? – არც ესაა ის, რაც და-მიტო-ვეთ უებრო მოგონებებს შეჭირხლული. ყოველთვის მძაფრად ვგრძნობდი თქვენგან იმ განუზომელ სიყვარულს, რომელიც საკუთრივ ჩემს მიმართ გაკავშირებდათ. უსიტყვოდ ვესახებოდით ერთმანეთს. ორივე კარგად ვხვდებოდით, რომ ჩემგან არქიტექტურის მკვლევარი არაფრისდიდებით დადგებოდა და ყოველთვის კლასიკურ მუსიკაზე ვამჯობინებდით თავაშვებულ საუბარს.

სრულდებოდა ლექციები და ჩემთვის იწყებოდა მრავალსაათიანი ნამდვილი საგანმანათლებლო ზეიმი. ზეიმი, სადაც უძველესი ქართულით ვესიტყვებოდით ხოლმე ერთურთს. სხვა ეპოქის გადმონაშთს გიკვირდათ თუ რატომ ვწერდი ნაწარმოებებს ამ ენით, რაზეც ყოველთვის გპასუხობდით “ძველი ენა წმიდა ენაა, ამისთვისა ვარ მოსული”. ამის გაგონებაზე კი ჩაგეღიმებოდათ ხოლმე ბედნიერების ელფერნაკრავს. ამოუწურავი იყო თემათა ნაირგვარობა… ერთ-ერთი პირველი მკითხველ-გამზიარებელი იყავით ჩემი ნაწარმოებებისა, რასაც ყოველთვის დიდი ინტერესითა თუ მოლოდინით ელოდით.

გიცდენდით ლექციებს, თუმცა ნამდვილი ლექციები არასდროს გამიცდენია. სრულიად მოულოდნელი იყო თქვენი ძღვენი ჩემს მიმართ, როდესაც გერმანულიდან მითარგმნეთ და დამიკონსპექტეთ მთელი წიგნი ხელნაწერებზე. ეს ყოველივე განცდისეულად საოცარი იყო! ამის საპასუხოდ ჩემი შენაქმარი ხელნაწერი, საზედაო ასო “დონი” გისახსოვრეთ, რომელზედაც უჩინარი მელნით დავურთე ასო-ნიშნები, რაც მხოლოდ იისფერ შუქზე ნათობდა, ერთხელაც მითხარით, გიორგი, ამ სანათს სულ ჯიბით დავატარებ და ყოველ გავლა-გამოვლაზე ჯადოქარივით ვაშუქებო. ჯადოქარი ნამდვილად იყავით!

თქვენი მზრუნველობა სცდებოდა ყოველგვარ მამა-შვილურ, პაპა-შვილიშვილურ, მეგობრულ, მასწავლებლურ საზღვრებს. ეს ბევრად მეტი იყო ვიდრე ამაგი! სულ რაღაც ათიოდე დღის წინ ფიქრობდით იმაზე, რომ არ დამვიწყებოდა მაგისტრატურაზე შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში მკრთალად თუ გამოვანათებდი ხოლმე თქვენთან. სულ მარიგებდით ხოლმე, შექმენი ეს შენი შემოქმედება, მაგრამ კვლევას თავი არ დაანებო, რამეთუ კარგად გამოგდის და სიტყვაც გიჭრისო.

თქვენი სახება ჩემში მარადიულად დარჩება. როგორ ზიხართ თქვენს სკამზე, პლედმოსხმული თუ ჟაკეტმოხურული, როგორ ათამაშებთ ხელში თქვენგან განუყოფელ ხის ფსკვნილს და ესოდენ ადიადებთ ხელოვნებას. ყოველი დამშვიდობების წინ პირმომღიმარი მსახავდით ჯვარს და მლოცავდით, ასე მიშვებდით მიმავალ გზაზე, დღეს კი ეს გზა მარადისობას შეერწყა. დედათქვენის სამძიმარზე მოსულს გითხარით, ძლიერ ვმწუხვარ-თქო, თქვენ კი შემომხედეთ მშვიდი, განყენებული მზერით და მომიგეთ, “რატომ სწუხართ? მან ახლა დაიწყო სიცოცხლე!”. დიახ, თქვენ დღეს დაიბადეთ, ჩვენ კი გარდავიცვალეთ…

ასეთი იყო ჩვენი დიმიტრი თუმანიშვილი, ჩვენი მოძღვარი, ჩვენი მიტო, რომელსაც ასეთნაირად ყოველთვის კრძალვით და მორიდებით მივმართავდი ხოლმე. ასეთი სიყვარული იცოდა მან! ასეთი ზრუნვა! უდიდესმა ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ეპოქა შექმნა, თაობები აღზარდა და განანათლა! დღეს მთელი საქართველო თქვენი ჭირისუფალია. მიცვალებულებზე ამბობენ, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროსო, თქვენ კი თავად იყავით სინათლე. მადლობა ყველაფრისთვის!”