9 აპრილი, 2019

ანათემა – მორის ფოცხიშვილი

ანათემა - მორის ფოცხიშვილი”ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, –
მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,
სისხლი დალია და დამშვიდდა.

დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა,
წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, –
მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა,
ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.

ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,
ნატვრა აუსრულეს ბატონებს,
დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,
მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.

ლოცვა და გალობა არ გვაცალეს,
ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს,
ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს,
კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.

ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,
მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,
ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,
სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.

შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი,
ავად გაგვითენეს შავი დღე,
თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით,
”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ.

ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის,
რომელი მსაჯული და რა ციხე,
ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი,
ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.

მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს,
ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან,
მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს,
ცეცხლი დალიეს და…ჰაიდა!

მიდის მიმავალი. მოდის მომავალი.
ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს,
ღმერთო, სამართალი რომ არ არი,
სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.

ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა,
მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,-
მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,
დარჩა თბილისი და ატირდა.

დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს,
ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, –
ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე,
ბორგავს გონიო და სამშვილდე…

”მუმლი მუხასაო… მუმლი მუხასაო…
გარსა ეხვეოდაო… მარადის
მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო…”
გულს მფხანს ქართველების ღაღადი.

ჩანგო, იბერიის პანაშვიდო,
როგორ შეგეხები თითებით,
მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო,
ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!

ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,
მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, –
ისე არ მოკვდება საქართველო,
დედა არ უტიროს ჯალათებს!”