22 მარტი, 2019

“უცხო ქალბატონო” – ულამაზესი ემიგრანტული სიმღერა

"უცხო ქალბატონო" - ულამაზესი ემიგრანტული სიმღერა“უცხო ქალბატონო” – ასე ეწოდება ემიგრანტულ სიმღერას, რომელიც ნანა მეფარიშვილის ლექსზე ზაირა ჩოხელმა შექმნა. სიმღერა თენგიზ შაუთიძემ იმღერა, მასზე ორიგინალური ვიდეოკლიპი კი რეჟისორმა ქეთი ორჯონიკიძე ქეისმა გადაიღო. კლიპის ოპერატორი გრეგორი ვეითკნეხტია.
ემიგრანტული სიმღერის შესახებ ჟურნალისტი, სცენარისტი და რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი გვესაუბრება:
– ყველაფერი ქალბატონი ნანა მეფარიშვილიდან დაიწყო. ემიგრანტი პოეტი მოხუც ქალბატონთან მუშაობდა. ერთხელ ქართული “იავნანა” წაიღიღინა. უცხო ენაზე ნამღერი მოხუცს არ მოეწონა და ქალბატონ ნანას სიმღერა შეაწყვეტინა. პოეტს მშობლიური ჰანგი რომ დაუწუნეს, ცრემლები მოერია, დაჯდა და თავისი გულისტკივილი ლექსში “თქვენ რომ იავნანა არ გესმით” ჩააქსოვა.
ქალბატონმა ნანამ კლიპის პრეზენტაციაზე აღნიშნა – ეს ამბავი დღეს შეიძლება ასე მძაფრად არ განეცადა, მაგრამ როდესაც ახალ გარემოში ხარ, ისიც სამშობლოდან შორს, ემოციურად სხვანაირად ხარ დატვირთული.
– იქნებ ერთი ორი სიტყვა კომპოზიტორზეც გვითხრათ. 
– ლექსი “თქვენ რომ იავნანა არ გესმით” ნანა მეფარიშვილმა თავის პირველ კრებულში შეიტანა, რაც ხელში ჩაუვარდა ქალბატონ ზაირა ჩოხელს, რომელიც აგრეთვე ემიგრაციაში იმყოფებოდა და ტრიო “მაგნოლიას”-ში მღეროდა. (დღეს ის უკვე საქართველოშია და მინდა წარმატება ვუსურვო მშობლიურ ქვეყანაში). კომპოზიტორი ამ სევდიანი ლექსით დაინტერესდა, რადგან მის განცდებთან და გამოცდილებებთან ახლოს იყო. ლექსზე მუსიკა დაწერა და სიმღერას “უცხო ქალბატონო” უწოდა.
სიმღერა პირველად თავად თენგიზ შაუთიძემ შეარულა და თავის სტუდიაში ჩაწერა კიდეც. სხვათაშორის, როდესაც ცნობილი მომღერალი ზაზა მამალაძე ნიუ იორკს სტუმრობდა, ძალიან მოეწონა ეს სიმღერა და სთხოვა თენგიზს და ზაირას, რომ მასაც შეეტანა თავის რეპერტუარში.
– ვის ეკუთუნის ამ კლიპის გადაღების იდეა და როგორ აღმოაჩინეთ ვიდეორგოლის მთავარი გმირი? 
– კლიპის გადაღების იდეა თავად ვიდორგოლის მთავარ გმირს – მუსიკოსს და მომღერალს თენგიზ შაუთიძეს ეკუთვნის.
ჩვენ ორივე ნიუ იორკში, სტუდია “დენსინგ ქრეინში” ვმოღვაწეობთ, რომლიც ქალბატონი ლიკა და ვიქტორ სირელსონების დაარსებულია. თენგიზი ბავშვებს ქართულ სიმღერებს ასწავლის, მე კი ფილმის კლასს ვხელმძღვანელობ. ამ ცენტრის და ჩვენი მოღვაწეობის მიზანი ერთია – ემიგრანტ ბავშვებს შევუნარჩუნოთ ქართული ენა, კულტურა და ტრადიციები.
თენიზ შაუთიძე ჩემი ემიგრანტული ფილმების მუდმივი მაყურებელია. სწორედ ამიტომ საგანგებოდ დამიძახა და სიმღერა “უცხო ქალბატონო” მომასმენინა. მეც, რა თქმა უნდა, მოვიხიბლე და სიუჟეტიც იმ წუთში თვალწინ წარმომიდგა. აი, ასე დაიწყო ყველაფერი.
– რამდენად უცხოები არიან ქართული შემოქმედების მიმართ ამერიკელები?
– ქართული აქ არაფერ შუაშია. ამერიკელები საერთოდ არ იკლავენ თავს სხვა ქვეყნის ფილმების, მუსიკის, ან მწერლობის გაცნობით. იციან, რომ დღევანდელ ბაზარზე თავად ბატონობენ და ასეთი დამოკიდებულება აქვთ – ყველა ჩვენსას უსმენს და ჩვენ რატომ უნდ მოვისმინოთ სხვისიო.
სარეჟისოროზე რომ ვსწავლობდი, პროფესორები ამას თავად აღნიშნავდნენ და, ფაქტიურად, ეხვეწებოდნენ სტუდენტებს, რომ ფრანგი და იტალიელი რეჟისორების ფილმებისთვისაც გადაეხედათ, რათა გემოვნება აემაღლებინათ. ხოლო ამერიკელი სტუდენტები პასუხობდნენ, თუ იმათი სჯობს, თავად ამერიკულ ფილმებს რატომ უყურებენო. ყველა ამერიკელს არა, მაგრამ უმრავლესობას ასეთი დამოკიდებულება აქვს.
საერთოდ ამ პატარა კლიპში მოთხრობილ ისტორიას ვერ ვუწოდებ ამერიკულ ისტორიას. ასეთი განცდა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ეროვნების ემიგრანტს შეიძლება დაეუფლოს. ამ შემთხვევაში ქალბატონმა ნანამ თავისი ქვეყნის ისტორიას და კულტურას მოუხმო თავის გასამხნევებლად.
– როგორი რეზონანსი მოჰყვა ამ კლიპის პრეზენტაციას? 
– მსმენელის 99%-მა გულთან ახლოს მიიტანა და დაინახა ის, რაც ჩაფიქრებული იყო. პირადად მე, ძალიან ბევრი გულთბილი წერილი და ზარი მივიღე. რა თქმა უნდა, ეს ხელოვნებაა და ყველას მოსაწონს ვერ შექმნი. გამოჩნდა რამოდენიმე ქართველი, რომელთაც ეს ამერიკელების გაკრიტიკებად მიიღეს, მაგრამ ის ქართველები თავად ემიგრაციაში არიან და ამისთანა ისტორიები ასობით აქვთ მოსმენილი. ვფიქრობ, რომ ეს პატარა ერების კოპლექსია, ვაიმე, არ გვიწყინონ, ჩვენ პატარები ვართ, ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობთ და ამათით ვსულდგმულობთ. მადლობა ამ ქვეყანას, მაგრამ ემიგრანტები ძალიან ბევრს ვშრომობთ, აქ ტყუილად არავინ არაფერს არ გვაძლევს. ხოლო ჯანმრთელი კრიტიკა ნებისმიერ პროექტს ალამაზებს, მთავარია ეს კრიტიკა შეურაცხყოფაში არ გადაიზარდოს. ასევე ჩვენც გვმართებს თავის შეკავება, როდესაც საქართველოზე ვლაპარაკობთ, უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ინფორმაცია ისეთი დონით და ისე ოსტატურად გავცეთ, რომ მოერე მხარე არ დავღალოთ, ან გავაღიზიანოთ.
საერთოდ ხელოვნებას არ უყვარს პირფერობა და მლიქვნელობა, ხელოვნებას უყვარს სიმართლე. სხვათაშორის, რადგან ამერიკელები თავად ძლიერი, დიდი და ლაღი ერია, მშვენივრად იღებენ ჯანსაღ კრიტიკას. ჩემი პირველი ფილმის “თუთიყუშის” გადაღებისას ამერიკელმა მსახიობებმა ბევრი გროტესკი შემატეს თავიან პერსონაჟებს. ხოლო ჩემი პერსონაჟი გიორგი, (კახი კავსაძე) ფილმში “ქართული პური”, ამბობს მსუქნები თქვენთან, ამერიკში მოიკითხეთო, ყველაზე ძალიან ეს ფრაზა მოსწონს ამერიკელ მაყურებელს და ფილმის გაშვების დროს დიდი ოვაციებით და სიცილ-კისკისით ხვდებიან.
– კლიპზე აქამდე გიმუშავიათ თუ ეს თქვენი სადებიუტო ვიდეორგოლია? 
– ეს ჩემი პირველი კლიპია. ასე რომ, “უცხო ქალბატონო” ჩემი დებიუტია.
– რით განსხვავდება ფილმზე მუშაობა კლიპზე მუშაობისგან?
– ძალიან ცოტა დრო გაქვს და ბევრი გაქვს სათქმელი, მითუმეტეს, როცა ასეთი ემოციებით დატვირთულ სიტყვებს გინდა ფრთები შეასხა. ვოცნებობდი, ნეტავ ამ სიმღერას მისამღერი მაინც ჰქონდეს, რომ უფრო მეტი გადმოვცე-მეთქი.
– რა სიმბოლოებია ამ კლიპში, რომლებიც თქვენს პოზიციებს გამოხატავს?
– ვუყურებ ჩვენ სპორტსმენებს და გული სიამაყით მევსება. ეს ბიჭები ქართულ დროშებს სხვადასხვა კონტინენტზე აფრიალებენ და ერთ-ერთი პირველები არიან დღევანდელ სინამდვილეში, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ.
დავით ტყეშელაშვილი მრავალგზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში. მრავალჯერ გვასახელა და ააფრიალა ქართული დროშა. დავითში გავაერთიანე ყველა ის სპორტსმენი, ვისაც საქართველოს სახელი გარეთ გაუტანია. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა უკეთებდნენ ტელევიზიები და რეჟისორები პოპულარიზაციას, რომ ახალი თაობა სწორი მიმართულებით გაიზარდოს.
რაც შეეხება დავით ქაცარავს, მასში გავაერთიანე ყველა ის ვაჟკაცი, რომელიც დღეს ფიზიკურად თავის დროს და ენერგიას არ იშურებს და სამშობლოს სადარაჯოზე დგას. სამწუხაროდ, ასეთები დღეს საქართველოში ბევრი არ გვყავს.
ჩემს სათქმელს კი ასე ჩამოვაყალიბებ: არ არის ადვილი, რომ იყო ემიგრაციაში, არ არის ადვილი, რომ მშობლიური სიმღერა შეგაწყვეტინონ, არ არის ადვილი, რომ სხვას ემსახურებოდე, მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო რთული დღევანდელ საქართველოში ცხოვრებაა და უზარმაზარი რუსეთის მიერ გაბმული მავთულხლართების წინ დგომა.
– როგორც ვიცით კლიპში თქვენი შვილიც ჩანს… 
– ნათიას კლიპში გამოჩენაც ჩემთვის ძალიან სიმბოლურია – როდესაც ის ქართულად წერს – საქართველო. წლების მანძილზე მაშფოთებდა ემიგრაციაში ასე ვთქვათ უცბათ “გადაჯიშებული” ბავშვების ნახვა. ქართველის ნიშან-წყალსაც რომ ვერ შეატყობ. ვფიქრობდი, ნეტა ასე ერთი ხელის მოსმით შეიძლება გაქრეს საუკუნეებით მოტანილი ენა, მამული და სარწმუნოება-მეთქი? ამიტომ ბავშვი რომ შემეძინა, ძალიან განვიცდიდი და დაბადების დღიდან მხოლოდ ქართულად ველაპარაკებოდი. ამისთვის დიდი ბრძოლა მიწევდა ჩემს ამერიკელ ოჯახის წევრებთან. ისინი განუწყვეტლივ მითითებდნენ, რომ ბავშვთან ინგლისურად მელაპარაკა, რადგან ეს ამერიკა იყო და ბავშვი მამით ამერიკელი იყო. გრძელი სათქმელი მოკლედ რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჩემი გავიტანე და ნათია ქეისი დღეს ქართულად წერს, კითხულობს, მეტყველებს და საქართველოს ერთ-ერთი გულანთებული პატრიოტია.
– ვინ არიან ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებენ?
– განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ორ არაჩვეულებრივ ამერიკელ მეგობარს, ქალბატონს დებრა მაქნუთი-ქურთნეის, რომელმაც ამერიკელი ბიზნესმენი ქალის როლი შეასრულა და გრეგორი ვეითკნეხტს, ოპერატორს და ჩემს ასისტენტს. ქალბატონ მანანა ელიაშვილს, რომელმაც შუამდგომლობა გაგვიწია რესტორან “ნაციონალთან”, აგრეთვე ყველა მონაწილეს და მეგობარს, ვინც ამ კლიპში მიიღო მონაწილეობა.
– რა სიახლეს ველოდებით მომავლში თქვენგან?
– ჩემს შემოქმედებაში გარდამავალი პერიოდია. მოგეხსენებათ, რომ ჩემმა სამმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა “თუთიყუში”, “ნანა” და “ქართული პური” მრავალი ფესტივალი მოიარა და მრავალი ჯილდო და პრიზი აიღო. ამჟამად სრულმეტრაჟიანი ფილმების სცენარებზე ვმუშაობ. სამ სცენარს ვწერ ერთად და იმედის თვალით ვუყურებ მომავალს, რომ ერთ დღეს სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას შევძლებ. აგრეთვე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვითანამშრომლებ და მივიღებ საინტერესო შემოთავაზებებს.