4 მარტი, 2019

“ცრემლებში ვიხრჩობი” – საგანგებო წერილი ანა ლაშხელი ონიანისთვის

"ცრემლებში ვიხრჩობი" - საგანგებო წერილი ანა ლაშხელი ონიანისთვის ანა ლაშხელი ონიანისთვის ამქვეყნიური ცხოვრება 31 წლის ასაკში დასრულდა. პოეტმა და მწერალმა სიმსივნის დამარცხება ვერ შეძლო და ზეციურ საქართველოს შეუერთდა.

ანა პეტრე კოლხმა გაიხსენა და წლების წინ მისგან მიღებული წერილი გაასაჯაროვა:

“მე არ ვიცნობდი ანას, მაგრამ მე მის სულს, მის უნაპირო სამყაროს და იმედისმომცემ შემართებას ვიცნობდი…

ის ანგელოზი იყო და როგორც წესი, ანგელოზები მიწაზე დიდხანს ვერ ჩერდებიან… ადამიანებს სიყვარულით, სინათლით, სხივებით ავსებენ და შინ ბრუნდებიან…

ხშირად ვიკარგები ანას ნაწერებში და მერე მიჭირს უკან გამოსვლა, რადგან ანას მიერ შემქნილი სამყარო უფრო ნამდვილია, უფრო წრფელია და მე იქ ვრჩები… იქ ვარ კარგად, იქ მიხარია…

მან წლების წინ ეს წერილი გამომიგზავნა…
მაშინ ალბათ, ვერ იფიქრებდა, რომ… რომ… რომ….
არ ვიცი, ანა, ახლა ცრემლებში ვიხრჩობი…
უამრავი საქველმოქმედო საღამო ჩატარდება სიცოცხლის გადასარჩენად…
შენ კი ამ საღამოების მფარველი ანგელოზი იქნები…

სანამ ლოცვა შემიძლია, ვილოცებ შენი ღვთაებრივი სულისთვის, მაგრამ ვფიქრობ, შენი ლოცვა ჩვენ უფრო გვჭირდება აქ, არაფრობაში დარჩენილებს…

გილოცავ, გაზაფხულს, გაზაფხულისფერო ადამიანო!..

გამარჯობა მამაო, დიდი მოკრძალებით და პატივისცემით გწერთ, თუ ეს თქვენი ნამდვილი გვერდია. მე ანა ლაშხელი ვარ, პოეტების საქველმოქმედო ჯგუფი ,,თბილი სამყარო”-დან გწერთ. სამებაში ვაპირებთ საქველმოქმედო საღამოს ჩატარებას 14 წლის მიხეილ ცხვიტარიძისთვის, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს დედასთან და და-ძმასთან ერთად. აქვს 4 უმძიმესი ოპერაცია გაკეთებული ხერხემალზე. ამ ფონზე განუვითარდა ლეიკემიაც და ყოველ დღე იკლებს წონაში. იქნებ წამლის ფული მაინც შევუგროვოთ, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება.
,,თბილი სამყაროს”‘სახელით გთხოვთ რომ შემოგვიერთდეთ და ერთად გადავარჩინოთ მიხეილის სიცოცხლე. თარიღს 2 დღეში გვეტყვიან, ჯერ პროგრამა უნდა წარვადგინო და ამის შემდეგ, სავარაუდოდ 5-იდან 10 ივნისამდე დროში.

დიდი მადლობა წინასწარ და ბოდიშს ვიხდი რომ ასეთი ფორმით გწერთ, რადგან ტელეფონი უბრალოდ არ მქონდა, ასე ვცადე დაგკავშირებოდით. უფალი გფარავდეთ თქვენც და ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში ჩვენს გვერდით დადგება.”