26 მარტი, 2019

ცისანა ტატიშვილს სპექტაკლს მიუძღვნიან

ცისანა ტატიშვილს სპექტაკლს მიუძღვნიანქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ მომღერალს ცისანა ტატიშვილს სპექტაკლს მიუძღვნიან.

ლეგენდარული ტოსკასთვის მიძღვნილი ჯაკომო პუჩინის “ტოსკას” პრემიერა 5 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

საპრემიერო სპექტაკლი ეძღვნება საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, ღირსების ორდენოსანის, შვაიცერის საპატიო ორდენის კავალერის ცისანა ტატიშვილის ხსოვნას.

ულამაზესი სოპრანო 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო. 38 წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ევროპის დიდ თეატრებში დარჩენილიყო, თუმცა თბილისის ოპერის თეატრი ერთადერთი იყო, რომელზეც ქალბატონმა ცისანამ არჩევანი გააკეთა.

სტიქიური ენერგია, ულამაზესი ხმა და ექსპრესია კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი პარტია აქვს შესრულებული, როგორც თბილისის, ასევე მსოფლიოში ცნობილ საოპერო სცენებზე – ტოსკა, ეთერი, აიდა, ამელია, დეზდემონა, ლეონორა, სენტა, რენატა, ებოლი, ჰერტრუდა, სანტუცა, ლაურეტა, ამნერისი, სალომე და სხვა. ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეს“ შესრულებისთვის მსოფლიოს საუკეთესო სოპრანოთა სამეულში დასახელდა.

2010 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.