23 მარტი, 2019

ჭაბუა ამირეჯიბი – ერთ-ერთი ბოლო რაინდი

ჭაბუა ამირეჯიბი - ერთ-ერთი ბოლო რაინდიჭაბუა ამირეჯიბი – ერთ-ერთი ბოლო რაინდი – ასე უწოდებს მწერალი ლაშა თაბუკაშვილი თავის უფროს კოლეგას:

“ასეც ხდება ხოლმე, იშვიათად, მაგრამ ხდება ასეც, როცა ყველაზე დიდი შეფასება შენი ღვაწლისა, ყველაზე დიდი ჯილდო ცხოვრების ბოლოს, სახელით მოხსენიებაში იხატება. სახელით, წინ რომ ზრდილად, აღარც ბატონობით მიმართვა ან გვარის დაზუსტება სჭირდება, არც რამე სხვა ზედსართავი… ის თვითკმარია მეფისთვის, თუ მხატვრისთვის მწერლისთვის თუ პედაგოგისთვის… დავითი, ილია, ვაჟა, აკაკი, ნიკალა, ჭაბუა!

მითხრეს, გითქვამს ბოლოში: მამა, სახლში წამიყვანეო! აგისრულეს ეს ნატვრა ქართველებმა, ოღონდ კი არ წაგიყვანეს, აგიყვანეს სახლში, ამ წმინდა მთაზე, სადაც ლომების ცალკე პრაიდმა დაიდო ბინა.
და მეც პირველად მოგმართავ სახელით უბატონოდ – ჭაბუა!

აქ ახლა ჩემში უკვე ხანდაზმულ ადამიანში, უცნაურად მატულობს მოწაფეობის შეგრძნება. შენ გვწერდი, „დაიცავი საქარათველო!“ და არ გულისხმობდი მხოლოდ საზღვრებს და ტერიტორიებს, რის დაცვასაც შენი ლამაზი ბოკვერი – ირაკლი შეეწირა. იმიტომ რომ გრძნობდი, საქმე უფრო რთულადაა. და ეს ტკივილიანი ენერგიით დანაღმული ორი სიტყვა, იმ ქართული ფასეულობების დაცვას მოითხოვდა, რომელიც ქართულის გარდა, ზოგად საკაცობრიოცაა. ფასეულობების, რომელიც მოულოდნელად იოლად მსხვრევადი აღმოჩნდა მსახვრალი ხელისთვის და თურმე მის მცველს, ხმლის ქნევის გარდა, სულის სიმტკიცე და დიდი ცოდნა ესაჭიროებოდა. ცოდნა იმისა, თუ რას და რატომ იცავს.
და შენ, ჭაბუა, ერთ-ერთი ბოლო რაინდი, გვამეცადინებდი ამ ცოდნაში და ყავარჯნად დგებოდი

ჩვენთვის, ვისაც ეს ცოდნა, ენერგია და სულის სიმტკიცე გვაკლდა, გვაკლდა ხანდახან, მაგრამ ეს ხანდახან შენთვის კატასტროფის ტოლფასი იყო.

შენ, ეპოქებგამოვლილს, არც ციხეკაზემატები, არც დევნა და არც მსოფლიოს აღიარება დაგკლებია გრძელ ცხოვრებაში. მაგრამ სულ ბოლოს, ერთ პატარა ოთახში, ბერ დავითად შერაცხული, მარტო დარჩი სუფთა დაფასთან და აქედან ებრძოდი ბოროტს და არ გვავიწყებდი, რომ ამ ბრძოლაში სულის მოთქმა არ არსებობს.

და დღეს, აქ, შენს საფლავთან ქედმოხრილს, მე ღრმად მწამს, რომ ჩვენც და შემდგომი თაობებიც არ დავიღლებით საქართველოსა და სულიერების დაცვაში. რომ სიბრძნით და არა ცერცეტობით მიიღწევა ის დიდი მიზანი, რისთვისაც შენ იღწვოდი და მე არ გეტყვი ნახვამდის, მე გეტყვი გამარჯობას, გამარჯვებას! ჭაბუა!”