ტაო-კლარჯეთში უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები აღმოაჩინეს 

ტაო-კლარჯეთში უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები აღმოაჩინეს კვლევის ცენტრი ტაო-კლარჯეთში არსებულ აქამდე უცნობ ტერიტორიებს სტუმრობს და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს აკეთებს:

“ჩვენმა საექსპედიციო ჯგუფმა ტაო-კლარჯეთში ქართული ხელნაწერების ფრაგმენტებს მიაკვლია. ,,საქართველოს კულტურის და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის’’ ექსპედიცია (ექსპედიციის წევრები: ლევან წიქარიშვილი, შალვა კოღუაშვილი, ბებურ გოზალიშვილი, ანა იმედაშვილი ) თანამედროვე მდგომარეობის აღწერისა და ფოტოფიქსაციის მიზნით ვაჩეძორის მონასტერში იმყოფებოდა.

მონასტრის ტერიტორიაზე მუშაობისას გაგვეცნო ადგილობრივი მონადირე, რომელმაც გადმოგვცა ხელნაწერების ოთხი ფრაგმენტი, მისი მონათხრობით, ფრაგმენტები 2012 წელს, მონასტრის სიახლოვეს, მღვიმეში უპოვია.

საექსპედიციო ჯგუფმა ვაჩეძორის მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კმ-ზე, რთულად მისადგომ მაღალ კლდეებში მღვიმეთა კომპლექსს მივაკვლიეთ, სადაც 10-ზე მეტი მღვიმეა.

ერთი მათგანი წარმოადგენს დიდ მღვიმეს, რომლის წინა ნაწილი ამოშენებულია სქელი კედლით, მღვიმეში აღმოჩნდა ხის და კერამიკის ნივთების ფრაგმენტები. ასევე, საგანგებოდ დამზადებული ორი სხვადასხვაგვარი ტყავის ზონარი, სავარაუდოდ ხელნაწერების ასაკინძი. აქვე აღმოჩნდა კანდელის უღელი.

მღვიმის შესასვლელთან, კლდეზე, მარჯვნივ, მარტივი ხელწერით, წითელი საღებავით შესრულებულია ეკლესიის მაკეტი, თავზე სამი ჯვრითა და შიგ ჩახატული მეოთხე ჯვრით, გვერდით არის ხის გამოსახულებაც.

ტაო-კლარჯეთში უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები აღმოაჩინეს 

ზოგიერთი მღვიმე ერთმანეთს გვირაბით უკავშირდება, ზოგ მათგანზე ფრიალო კლდის გამო, ასვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ვერ მოხერხდა, ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩნდა წყლის ავზიც.

ტაო-კლარჯეთში უმნიშვნელოვანესი ხელნაწერები აღმოაჩინეს 

შესაძლებელია აღნიშნული მღვიმეთა კომპლექსი მონასტრის განძსაცავი ყოფილიყო.

ხელნაწერების პალეოგრაფიულ ანალიზზე მუშაობს პროფესორი თემო ჯოჯუა.”