31 მარტი, 2019

სესილია თაყაიშვილის თხოვნა-ანდერძი თბილისელ ტაქსისტს

სესილია თაყაიშვილის თხოვნა-ანდერძი თბილისელ ტაქსისტსსესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან მისმა ერთგულმა მაყურებელმა ბევრი ამბავი იცის.

ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი ერთ-ერთი მათგანს იხსენებს. ისტორია მსახიობმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტს უამბო:

“ვინ მცნობენ ყველაზე კარგად? რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლები და თეატრის ფანატიკოსები! გიკვირთ არა? ბაზრიდან დატვირთული რომ ვბრუნდები, თვითონ მიღებენ კარებს და მეპატიჟებიან. უარს ვეუბნები, მარა, რა ვქნა…

ერთხელ ერთმა მძღოლმა ჩემი სახლის მაგიერ თავის სახლში მიმიყვანა, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. ამიყვანა ზევით და გაოცებული ცოლ-შვილი გარეთ გამოფინა. არა და არ გამომიშვეს. დატრიალდნენ, უცბად ხინკალი გააკეთეს და სუფრა გაშალეს. ისე მოვილხინეთ, რომ მეზობლებიც კი შემოგვიერთდნენ. შუაღამისას მივედი სახლში ჩემი ნავაჭრით.

გზაში ჩემი მასპინძელი მეუბნება:

– ქალბატონო სესილია, თქვენ ხომ თხოვნა შემისრულეთ. ახლა მე მთხოვეთ რამეო.

– ვერ შეასრულებ-მეთქი, ვუთხარი.

– თქვენ ისეთი რა უნდა მთხოვოთ, რომ ვერ შევასრულოო.

მაშინ ვუთხარი:

– მე რომ მოვკვდები, შეყარე მთელი თბილისის ტაქსები და საფლავში რომ ჩამასვენებენ, საყვირი ჩართეთ ყველამ-მეთქი!

ასე ვუთხარი და რავიცი აბა, შემისრულებენ?”