1 მარტი, 2019

საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე რეალური გახდა!

საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე რეალური გახდა!საავტორო უფლებების სფეროში დავა დაიწყო და რუსული საფრთხე რეალური გახდა.

როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში აცხადებენ, ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო:

“საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე რეალური გახდა!

ისტორია დაიწყო 2017 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) დააფუძნა ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP). რუსეთმა კონფედერაციაში შეიყვანა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ხაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. პარალელურ რეჟიმში, იგივე RAO-ს მიერ შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი (IP CHAIN) რომელმაც დაიწყო კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარის და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება.

ევრაზიული კავშირი, EACOP-ი, დაფუძნდა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) საპირწონედ და კონკურენტად. CISAC-ი წარმოადგენს მუსიკის სფეროში მსოფლიო გაერთიანებას, რომელშიც გაწევრიანებულია 239 ორგანიზაცია და საქართველოც მისი წევრია.

EACOP-ის დაფუძნების შემდეგ, რუსეთმა, მასში გაწევრიანების მიზნით, დაიწყო ზეწოლა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციზეც (GCA). რუსეთის ინტერესს წარმოადგენდა საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი პოზიციის მქონე ქვეყნის ამ კავშირში შეყვანა, რითაც ერთი მხრივ შესუსტდებოდა საქართველოს როლი მსოფლიო არენაზე და მეორე მხრივ მოხდებოდა განვითარების არსებული დინამიკის შეფერხება და უკუსვლა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია და GCA არ გახდა ევრაზიული კავშირის წევრი, რამაც, ბუნებრივია, რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მან მიმართა უკვე მრავალგზის ნაცად მეთოდს. დასაყრდენად გამოიყენა კიდევ ერთი, RAO-ს ქუდქვეშ შექმნილი ორგანიზაცია (FONMIX) და ამ კომპანიის წარმომადგენელ ვინმე, ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილთან ერთად მოძებნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები, დავით ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას, ქართველი ხელოვანების თვალში მისი იმიჯის შელახვას და ამ გზით საავტორო უფლებების სფეროში არეულობის შეტანას.

დასახელებული მომღერლების მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და დაფუძნდა ორგანიზაცია, რომელმაც თითქოს უნდა უზრუნველყოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებების მართვა და მათთვის ჰონორარის გადახდა. დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს არსებული ასოციაცია არ მუშაობს გამართულად, არ არის გამჭვირვალე და ასე შემდეგ. ასოციაციის საქმიანობა უკვე წლებია საზოგადოებისთვის სრულიად გამჭვირვალეა და აკმაყოფილებს CISAC-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს. ყველა წევრს შეუფერხებლად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია შეგროვებული და განაწილებული ჰონორარის შესახებ. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია გამოიცემა ბეჭდური სახით და რიგდება წევრებს შორის, ქვეყნდება ასოციაციის ვებ გვერდზე, ეგზავნება CISAC-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, საქპატენტს.

სწორედ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რის გამოც ასოციაცია დღესდღეობით პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის იკავებს ლიდერის პოზიციას და ბევრი კომპონენტით არ ჩამოუვარდება ევროპის მრავალ ქვეყანასაც.

სიტუაციის სიმძაფრიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ რეალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და განსაკუთრებით ხელოვან ადამიანებს, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს რუსული პროპაგანდის მსხვერპლი და შეეხოს ეს პროცესი. საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერესების გატარება ნიშნავს უკვე არსებული სისტემისთვის გამოუსწორებელი დარტყმის მიყენებას და, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯის შელახვას.

განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ჰონორარის შეგროვების პროცესზე და ხელოვანი ადამიანების კუთვნილი ჰონორარის დრამატულად შემცირებას გამოიწვევს. რუსეთმა ეს 2013 წელს უკვე გააკეთა უკრაინაში, რაც სამწუხაროდ გამოუვიდა და უკრაინა დღემდე იმკის ამის შედეგებს. უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია (UACRR) 2013 წლამდე რეგიონში ლიდერის პოზიციაზე იყო. რუსეთმა, ზუსტად იგივე მეთოდების გამოყენებით, უკვე არსებული ორგანიზაციის დასუსტების მიზნით, შეძლო შეექმნა თავდაპირველად ორი, ხოლო საბოლოო ჯამში 19 დამატებითი ორგანიზაცია, რამაც სიტუაციის უკიდურესად გაუარესება და შეგროვებული ჰონორარის ათჯერ შემცირება გამოიწვია. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის.

ასოციაცია, ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებთან, ბრავო რექორდსთან და GMI Rights Management-თან ერთად გრძნობს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და სწორედ ამიტომ, იწყებს საინფორმაციო კამპანიას: არა ინტელექტის ოკუპაციას!

გვჯერა საზოგადოების მხარდაჭერის და გონიერების, რომ უკრაინის მაგალითი იქნება საკმარისი და თავიდან ავირიდებთ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაციას.

ერთად შევაკავოთ რუსული საფრთხე!”