14 მარტი, 2019

პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ბელორუსული ხალხური ზღაპრები

პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ბელორუსული ხალხური ზღაპრები23 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას შესთავაზებს.

მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება ბელორუსული ხალხური ზღაპრების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „თეთრი კაჭკაჭი“, რომელიც თბილისისა და მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრების კოპროდუქციას წარმოადგენს.

მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვლადიმერ სავიცკი ხალხური ზღაპრების მოტივებზე შექმნილ სპექტაკლს ორ ენაზე დგამს. რუსული ვერსიის ინსცენირების ავტორი თავად რეჟისორი გახლავთ, ხოლო ქართული თარგმანი დოდო ხურცილავას ეკუთვნის.

ინსცენირების ავტორმა გააერთიანა და ერთ სიუჟეტურ ქარგას დაუქვემდებარა რამდენიმე ისტორია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ დაემორჩილნენ ცდუნებას, ოქროს და ძალაუფლების მოპოვების მიზნით უარი თქვეს საკუთარ პრინციპებზე და თანდათან ჩაეშვნენ ჭაობში.

სპექტაკლის მხატვარია ნინო ჩიტაიშვილი, ქორეოგრაფი კი – გია მარღანია.

სპექტაკლში მონაწილეობენ სერგო შვედკოვი, მერაბ შარიქაძე, ედმონ გაბედავა, ვახტანგ ახალაძე, თაკო ცქვიტინიძე, რაჟდენ კერვალიშვილი და ლევან კაციაშვილი.

„თეთრი კაჭკაჭის“ რუსულენოვანი სპექტაკლის პრემიერა 14 საათზე გაიმართება, ქართულენოვანი სპექტაკლი კი 17 საათზე იქნება წარმოდგენილი.