11 მარტი, 2019

ნოდარ დუმბაძის დაუვიწყარი ჩანაწერი

ნოდარ დუმბაძის დაუვიწყარი ჩანაწერინოდარ დუმბაძის შემოქმედება განსაკუთრებით ახლობელია არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მკითხველისთვისაც.

”არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს მწერლის რომანიდან “მზიანი ღამე”:

– მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა, დავლიო!
– აკი დედაჩემის სადღეგრძელოს სვამდი?
– მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა, დავლიო, – გაიმეორა გურამმა, – გაწბილებული ღმერთის, დაკარგული ღმერთის, დავიწყებული ღმერთის, გაბითურებული ღმერთის.
– გაუმარჯოს გაბითურებულ ღმერთს! – ვთქვი მე.
– ბითური ხარ შენ, – თქვა გურამმა.
– შენ? – ვკითხე გურამს.
– მეც ბითური ვარ, შენზე უფრო დიდი ბითური, იმიტომ, რომ შენთან ერთად ღვინოს ვსვამ და ღმერთს ვადღეგრძელებ.
– რა გინდა, ბიჭო, რას გადამეკიდე?
– მე მინდა, ღმერთის სადღეგრძელო შევსვა.
– შესვი, ვინ გიშლის?
– ადექი ფეხზე! – მე ავდექი, – დედაშენს გაუმარჯოს.
– მადლობელი ვარ!
– შენ იცი, ვინ არის დედაშენი? – მკითხა გურამმა. მე არაფერი ვუპასუხე. გურამმა დიდხანს მიყურა, დიდხანს, მერე ჭიქას ღვინო დაამატა და დაიწყო…..

– დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს, შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ არის? შენ ღმერთი რა გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ სწამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, სცივა, სწყურია, შია შენთან, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო. აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა, ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? – დაამთავრა გურამმა და ნისლიანი თვალები მომაპყრო.

– გასაგებია! – ვუთხარი მე და კიდევ რომ არ გაეგრძელებინა, ღვინო დავლიე…”