24 მარტი, 2019

ნიკოლოზ რაჭველი: “მაგრად “ტეხავს” ჩემო სამშობლოვ, მაგრად!”

ნიკოლოზ რაჭველი: "მაგრად "ტეხავს" ჩემო სამშობლოვ, მაგრად!"თბილისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და ორკესტრის მთავარი პრობლემის – შენობის არქონაზე წუხს.

მისთვის ეს საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზისთვის ბრძოლა დაიწყო და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დარჩება ფილარმონია:

“მაშინ, როდესაც ჩვენი ეროვნული ორკესტრი წარმატებით გამოდის ჰამბურგის, ბერლინის, ფრანკფურტის, პარიზის, პეტერბურგის, სტრასბურგის, ამსტერდამის, ტალინის ფილარმონიებში საკუთარ სამშობლოში სამოღვაწეოდ დარბაზი არ გვაქვს და იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მასპინძლობა შევძლოთ, ყოველჯერზე მინიმუმ 15.000-25.000 ათასი ლარი უნდა ვიშოვნოთ, რომ დავიქირავოთ სივრცე.

ზოგ სახელმწიფოს კუთვნილ დარბაზში ფულის გადახდითაც არ გვიშვებენ… მოკლედ, მაგრად “ტეხავს” ჩემო სამშობლოვ, მაგრად…”

გიორგი შამანაური, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მესაყვირე:

“100 წელია უკვე, რაც ჩვენი საყვარელი საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი არსებობს და რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მის მერე უსახლკაროდ დაძრწის მთელ ქვეყანაზე. არ დავწერ ამ კოლექტივის წარმატებების შესახებ, მაგრამ ვინც არ იცის იცოდეს, რომ ათასობით უწარმატებულესი კონცერტი აქვს ჩატარებული მსოფლიოს უწარმატებულეს არტისტებთან ერთად, ძალიან ბევრჯერ ასახელა ჩვენი ქვეყანა და ქართველობა მსოფლიოს ყველა დიდ და პატარა საკონცერტო დარბაზებში და ეს მოხდა უდუდესი შრომის და წვალების ხარჯზე.

შრომა გვიყვარს…! უბრალოდ სად ვიშრომოთ? სად გავიზარდოთ? სად ვიმუშავოთ, რომ თქვენამდე მოვიდეთ წელში გამართულები და ამაყები….?! უკვე წლებია ამ ქვეყნისგან ვითხოვთ დახმარებას და ყველას ჰკიდია ის, რომ ყოველ დღე 120 ადამიანი ერთმანეთს ხვდება საშინელ პირობებში და, მიუხედავად სიძნელეებისა, მაინც ვუღიმით ერთმანეთს და იმედის თვალით ერთმანეთს ვანუგეშებთ.

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი…! ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და თურმე უდიდესი ტვირთია… მოგმართავთ თქვენ… მოქალაქეებო… მოგვეცით ფილარმონია და ჩვენ გასახელებთ…! გთხოვთ, გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და დაგვეხმარეთ ამ უსამართლობის დამარცხებაში.”

ნინა სუბლატი, მომღერალი:

“ვისაც ცოტა მუსიკაზე გული შეგტკივათ არ დაგეზაროთ წაკითხვა:

თბილისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც 100-წლიანი ისტორია აქვს და რომელიც დღემდე, წინაღობების მიუხედავად, წარმატებულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში, უკვე წლებია საკუთარ ქვეყანაში დარბაზს იხვეწება! ოღონდ აი – იხვეწება! ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარ პროფესიას მთელი სიყვარულით ემსახურებიან, ქვეყნის კულტურულ ფონს ქმნიან როგორც თავის კონკრეტული განხრით, ისე უფრო მასშტაბურადაც (რავიცი, მარტო იმდენ ძაან, ძაან მაგარ არტისტთან უმუშავიათ, რომელი მოვიყვანო მაგალითად ვერც ვხვდები) რატომღაც არ იმსახურებენ, რომ ნორმალურ პირობებში აკეთონ საქმე. რატომღაც ისეთ დარბაზში მუშაობდნენ ყოველდღიურად, რომლის ჭერიდანაც შენობის ნანგრევები იყრებოდა და ორკესტრანტებს თავში ეცემოდათ. რატომღაც სახელმწიფო ორკესტრი, რომელიც წარმატებულ კონცერტებს მართავს წლიდან წლამდე, უნდა მივიდეს და ფილარმონია იქირაოს ისევ სახელმწიფოსგან, რომ კონცერტი გამართოს, იმიტომ რომ საკუთარ დარბაზს ისევ ის სახელმწიფო არ აძლევს.

ვინმეს რომ მართლა ჰქონდეს ჯერ ნამუსი და მერე გემოვნება, მინიმუმ ირანული თუ თურქული სტრიპტიზ კლუბი მაინც არ იქნებოდა ფილარმონიაში! ე.წ კულისები ხო საერთოდ აპოკალიფსია – დაფლეთილი საკონცერტო ფარდა, 1600 წელს დაგებული ყავისფერი ლინოლეუმი, დანგრეული ავეჯი, ჩამყაყებული კედლები… და ამ დროს თბილისის მთავარი საკონცერტო დარბაზიო და შენახვაო და ათასი ბოდვა და ტყუილი. ერთი ყველი არ იყიდება წონობით შიგნით თორე დანარჩენი ყველაფერი ხდება.

ამ ქვეყანაში რომ უსამართლობა არავის გვიკვირს გასაგებია, მაგრამ მაინც.. ხომ შეიძლება კოლექტივს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში საჭიროა, ჰქონდეს სათანადო პირობები იმისთვის რომ მეტად განვითარდეს, მეტი კარგი საქმე აკეთოს, საერთოდ საკონცერტო დარბაზს დაამსგავსოს ფილარმონია და გამართოს ძალიან ძალიან ბევრი კარგი კონცერტი… არ შეიძლება რომ თითქმის ყველა ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც გულით უნდა საყვარელი საქმის კეთება მათხოვრად და დათრგუნულ არსებად არ იქცეს ვიღაცეების გამო?

კიდევ ერთხელ: საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი წლებია სახელმწიფოს სთხოვს, რომ დარბაზი დაუთმონ, საპასუხოდ ხან ნანგრევებში რეპეტიციობენ, ხან კატლეტის სუნში, ხან სიცივეში, ხან სად, ხან სად… ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის დარბაზი, რომელიც ლოგიკურად სწორედ ასეთი კოლექტივებისთვის შეიქმნა, სწორედ მათ უნდა გადაეცეთ, რომ შეძლონ სრულყოფილად ფუნქციონირება და დარბაზის სწორად გამოყენება.