10 მარტი, 2019

ნატო გელაშვილი მადლობას გიხდით

ნატო გელაშვილი მადლობას გიხდითმომღერალი ნატო გელაშვილი მადლობას გიხდით. ხელოვანი თავის ათასობით მსმენელს მადლობს იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს :

“ჩემო ძვირფასებო. მეგობრებო ჩემო მსმენელო, მეც ერთ-ერთი იმ მოკვდავთაგანი ვარ, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებით ცხოვრობს. ზღაპრულ და ტრადიციულ ოჯახში დავიბადე. ოჯახში, სადაც მხოლოდ სიყვარული, სიდარბაისლე, ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთზე ზრუნვა იყო მთავარი ღირებულება და სადაც ჯადოსნურ და ცისარტყელას ფერებად იშლებოდა სამყაროც.

ჩემი ჯადოსნური სამყაროს ფერადი ფერები შავით შეიმოსა, როცა ჩემი ძმა მამუკა გარდაიცვალა. და ასე მიჰყვა… შავი ლაქებით გადაღებილ ჩემს ცხოვრებისეულ ტილოზე კი ვეღარ ვიპოვე სიუხვე ფერთა. ძმას დედა მიჰყვა… დედას კი მამა. და ორ წელიწადში იყო სამი სიკვდილი… სიკვდილი? არა გარდაცვალება. დედამიწაზე ადგილი აღარ მეგულებოდა, რომელიც ჩემს დადგმულ ნაბიჯს დაიტევდა…

რაც არ გკლავს გაძლიერებს თურმე ადამიანს. ეს ფეის გვერდი დარეგისტრირდა ორი წლის წინ. მიუხედავად ჩემი დიდი წინააღმდეგობისა. (ვინც ახლოს მიცნობს ყველა, იცის აქტიური ფეის მომხმარებელი არ გახლავართ) ეს გვერდი შეიქმნა იმისათვის, რომ ყურადღება გადამეტანა იმ ნატო გელაშვილზე, რომელიც აღარ მახსოვდა და არც იმ ნატოსათვის მქონდა დრო, რომ გამეხსენებინა.

ამ გვერდზე არსებული თითეული პოსტი ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელსაც თქვენთან ვიზიარებ. თითეული თქვენგანისაგან პოსტზე დატოვებული ყველა კომენტარი კი ამ ხნის მანძილზე მოტივაცია გახდა ჩემი აქტიური ცხოვრებისა. თქვენი ასეთი სითბო და სიყვარულისათვის სხვა რა უფლება მქონდა სიყვარულით და სითბოთი არ მეპასუხა?!

თქვენ მაძლიერეთ და მანებივრეთ ჩემო მეგობრებო. მთელი გულით გულწრფელ მადლობას გეუბნებით ყველას. მსურს მადლობა შევწირო უფალს ჩემთვის ბოძებული დათმენისათვის და იმ სიყვარულისათვის, რომელსაც დღენიადაგ ვგრძნობ თქვენგან.”