ლია ლიქოკელი: “ღმერთო, მომეცი კაცი!”

ლია ლიქოკელი: "ღმერთო, მომეცი კაცი!"მწერალი და პოეტი ლია ლიქოკელი თავისი შემოქმედებით ათასობით ქალის სათქმელს ამბობს, ამიტომაც არის, რომ მის შემოქმედებას ბევრი სუსტი სქესის მკიხთველი ჰყავს:

“ღმერთო, მომეცი კაცი,
კაცი ჩემი არსობისა მომეც მე დღეს.
კაცი, რომელიც მომიტანს ყვავილებს გაზაფხულზე,
კაცი, რომელიც თოვლის კაცივით არ დადნება.
ღმერთო, მომეცი კაცი, რომელიც იქნება ღონიერი
და მაღალი რომელიმე მაღალ ხესავით,
რომ ჩემი წვრილი ხერხემალი
საიმედოდ შემოვახვიო.
კაცი, რომელიც მომიტანს პურს
და ნანადირევს დააგდებს ჩემს ფეხებთან,
და მე დავხვდები მუდამ მოცინარი და მშვენიერი
და სიმშვიდეს და სიმყუდროვეს
და ჩემს დაუღლელ ხელებს და ფეხებს
და ჩემს რბილ მუცელს დავახვედრებ
მისი დაღლილი თავის დასადებად.
ღმერთო, მომეცი კაცი,
რომელიც ზოგჯერ მასეირნებს.
ზოგჯერ შორეულ მინდვრებში გამიშვებს
და ყელს მივუშვერ, რომ მისი სახელობის თოკი შემაბას,
და დავბრუნდები წყაროს წყალივით სუფთა და გამჭვირვალე,
რომ არასოდეს შეეზაროს ჩემში ჩაწოლა.
ღმერთო, მომეცი კაცი,
რომელიც იშვიათად მიღალატებს, –
მხოლოდ ხანდახან,
ისე, რომ ვერ გავიგო,
და მისი საყვარლების სახელები არ მეცოდინება,
კაცი, რომელიც დაბრუნდება ბოლოს ყოველთვის,
და მე დავხვდები თავახდილი,
რომ ჩემში ჩააქციოს თავისი სევდა
და ჯავრი და სიმარტოვე,
და მე სიყვარულად გადავადნობ.
ღმერთო, მომეცი კაცი,
რომელიც არ მცემს,
არც მომკლავს,
და ზურგზე ხელს გადამისვამს დღესასწაულებზე,
მუხლებზე დამისვამს
და ძუძუებს დამილოცავს,
და მე გავხდები სრულყოფილი და სრულფასოვანი,
და მეტი სრულყოფილებისთვის
დრო რომ დადგება, გავამრავლებ –
საამაყო შვილებს გავუჩენ,
ყვავილებივით დავალაგებ
ჩვენს გაცრეცილ სიყვარულზე.
ღმერთო, მომეცი კაცი,
რომელსაც შევიყვარებ უკუნითი უკუნისამდე,
და რომელიც შემიყვარებს
საკმარისად,
იმდენად, რომ
ნებას დამრთავს, ვილაპარაკო,
თავი ავწიო და ვიამაყო,
და ვთქვა ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გასაგონად:
ეს არის კაცი, ჩემი კაცი,
მადლობა უფალს, რომ ის ჩემთვის გაიმეტა.
ღმერთო, მომეცი კაცი.
ღმერთო, მომეცი კაცი, რომელიც მომიტანს ყვავილებს.”