ლია კაპანაძე – მსახიობი საოცარი ბედისწერით

ლია კაპანაძე - მსახიობი საოცარი ბედისწერითმსახიობი ლია კაპანაძე განვლილი ცხოვრებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ბედისწერა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უმთავრეს როლს თამაშობს:

“როგორ შეიძლება, ბედისწერის არ მჯეროდეს?! მთელი ბერძნული ფილოსოფია ხომ ამაზეა აგებული. დიდი დრამატურგებიც კი ბედისწერით დაღდასმულ ადამიანებზე წერდნენ. ახალგაზრდობისას ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მქონდა. წლების შემდეგ კი, როცა ცხოვრებაში მომხდარი პროცესები გავაანალიზე, მიხვდი, რომ ესა თუ ის მოვლენა აუცილებლად უნდა მომხდარიყო.

ერთ-ერთი ფილოსოფოსი წერს, ადამიანის ბედი ჩანასახშივე დაწერილიაო და ეს ნამდვილდად სიმართლეა. ერთხელ სიმპოზიუმიდან ვბრუნდებოდი. სხვა ავტობუსით უნდა მემგზავრა, მაგრამ ბოლო წუთებში სხვა ავტობუსში ავედი. გზაში სატვირთო მანქანა დაგვეჯახა და დღესაც არ ვიცი, უეჭველ სიკვდილს სასწაულებრივად როგორ გადავურჩი.

არადა იმ პერიოდში წინათგრძნობა მქონდა, რომ ავტოავარიაში მოვყვებოდი. თანაც თავს ვიმშვიდებდი, რკინა ვერაფერს დამაკლებს-მეთქი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი მომენტი ყოფილა, როცა ვიფიქრე, ეს ზემოთ გადაწყდა-მეთქი.

ბოლო დროს ხშირად ვეკითხები ჩემს თავს – ვარ თუ არა ბედნიერი და როცა კარგად დავფიქრდები, ვხვდები, რომ იმ ტკივილების მიუხედავად, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ბედნიერ წუთებზე მეტი იყო, მაინც ბედნიერი ვარ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა ნებისმიერი ადამიანი ამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს იპოვის, არ უნდა იყოს უმადური და უნდა თქვას, რომ ბედნიერია.

ცხოვრების თეატრში ჩემი ადგილი ნამდვილად დავიმკვიდრე. ბედნიერება ხომ გაელვებასავითაა და ის მხოლოდ წუთები გრძელდება. ასეთი გაელვება ბევრი მქონდა, მაგრამ ცხოვრება ძირითადად მაინც ტკივილებისგან შედგება.”