24 მარტი, 2019

ლაშა ბუღაძე: “აქციები უნდა დავიწყოთ!”

ლაშა ბუღაძე: "აქციები უნდა დავიწყოთ!"მწერალი ლაშა ბუღაძე აქციების დაწყების ინიციატივით გამოდის და მთაწმინდის ქვეშ ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს:

“ვფიქრობ, აქციები უნდა დავიწყოთ ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, თორემ მთაწმინდა კლდიან-ტვერელიანად ჩამოგვემხობა თავზე!

სად არიან მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატები? მხოლოდ “წესიერებისა და პატიოსნების” გამო არჩევა უკვე წლებით გამოცდილი აბსტრაქციაა და პირადად ჩემთვის სულაც არ არის საკმარისი: კონკრეტულად როგორ და როდის დაიცავთ მთაწმინდას? სად ხართ? აი, ესაა თქვენი მთაწმინდა, რომელიც აღარც არსებობს რეალურად! ან ტვერელის წინამძღვარს რატომ ჩაუგუბებია პირში წყალი? თუ უკვე გაურიგდა “ინვესტორს გაყუჩების სანაცვლოდ?!”

ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა “ტფილისის ჰამქარმა”:

“რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმიდინარეობს სრულიად “კანონიერი” სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ არქიტექტურის სამსახურს პროექტი შეთანხმებული აქვს და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია!

სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, რომელსაც სხვანაირად მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ!

ეს ე.წ. კანონიერი გადაწყვეტილება არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება!

შედეგად ვიღებთ, ისტორიული ქალაქის აღქმის გაუარესებას, საფრთხეს ვუქმნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტიურად გამოცლილი აქვს, ვაშენებთ სარისკო გრუნტზე და საზოგადოებას ვუტოვებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას!

თბილისის მერია – გზავნილი მიღებულია!”

ლაშა ბუღაძე: "აქციები უნდა დავიწყოთ!"