გია ყანჩელი: “მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე!”

გია ყანჩელი: "მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე!"კომპოზიტორი გია ყანჩელი ღია წერილს ავრცელებს და თბილისის საკონცერტო დარბაზის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს:

“უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ვიმეორებ, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საკუთარ სახლს იმსახურებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დაპირისპირების და იერიშების გარდა სხვა ყველა საშუალება ამოწურულია.

პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა მეგულება – თანაარსებობა ურთიერთპატივისცემის პირობებში. შესაბამისად ჩემი სახელით და კონტექსტიდან ამოღებული გამონათქვამებით სარგებლობა მიუღებლად მიმაჩნია. ჩემი კეთილგანწყობა ამა თუ იმ კოლექტივისა, თუ მუსიკოსის მიმართ არ ნიშნავს ჩემს მონაწილეობას დაპირისპირებებში.

ერთნაირად ვცემ პატივს როგორც სახელმწიფო კოლექტივს, ასევე საკონცერტო დარბაზში მოღვაწე კერძო კომპანიას. დღესაც ვაღიარებ ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალურ მონაცემებს და მის ღვაწლს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აღორძინებაში, მაგრამ კატეგორიულად ვგმობ მის და მისი თანამოაზრეების მიერ სოციალურ ქსელში და მასმედიაში გავრცელებულ აგრესიას.

საზოგადოებას კი ჩემს მრავალწლიან გამოცდილებას გავუზიარებ და მოვახსენებ, რომ პროფესიული მუსიკის მხარდაჭერა და განვითარება დიდი ფუფუნებაა როგორც განვითარებულ, ასევე ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში. ასეთი მატერიალური ტვირთის ტარება მხოლოდ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით თუ გახდება შესაძლებელი.

და ბოლოს, მინდა გავამახვილო საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს 2007 წელს არ აღმოაჩნდა უნარი, შეენახა და დაეფინანსებინა ქალაქის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი და მის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა კერძო სექტორს დაეკისრა. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენი ქვეყანა მზად აღმოჩნდება ფილარმონიული ცხოვრების აღორძინება ბიუჯეტიდან უზრუნველყოს ისე, როგორც ეს ხდება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.“