გაიცანით – აქამდე უცნობი ლილი იოსელიანი

გაიცანით - აქამდე უცნობი ლილი იოსელიანილილი იოსელიანის ქართული თეატრალური სამყაროს უნიჭიერესი თაობების აღმზრდელი მისი აღსაზრდელებისთვის ყველაზე ძვირფასია.

კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ასეთი ადამიანები დღეს განსაკუთრებით გვჭირდება:

“სტუდენტობის უმძიმეს (ამ სიტყვაზე ყველა დამეთანხმება, ვისაც მასთან უმუშავია, ხოლო ვისაც სტუდენტობა გაუტარებია, ხომ დამეთანხმება და დამეთანხმება) წლებში ქალბატონმა ლილიმ იცოდა ხოლმე – გაიღიმებდა, თვალებს მოჭუტავდა და ოდნავი ნიშნისმოგებით, კეთილგანწყობისა და შეუბრალებლობის ვირტუოზულად გაზავებული ინტონაციით იტყოდა: „არტისტობა არაა ადვილი…“ … და მთელი სიმძიმე და სიმწარე ამ ფრაზისა თავადვე გვაგემა 4 წლის განმავლობაში, მომთვინიერებლის სიმკაცრითა და ლმობიერებით…

პირველი ჯგუფური ეტიუდი გვქონდა „ყვავილების ბაღი“. ანუ, ყვავილებს ვთამაშობდით, ყველა სხვადასხვას.. ვიბადებოდით, ვიფურჩქნებოდით, მზეს შევხაროდით, პეპლებს და ფუტკრებს ვეთამაშებოდით, მერე ქარი დაუბერავდა.. ზოგი გადარჩებოდა, ზოგი – ვერ.. მოვიდოდა მებაღე, ისევ ფეხზე დადგომაში გვეხმარებოდა, გვრწყავდა, გვივლიდა.. მუსიკა ჟღერდა ფონად „პერ გიუნტი“.. ლამაზი იყო ეს ყველაფერი, სიყვარულით და სიკეთით სავსე.. ოღონდაც, ამ სილამაზის მისაღწევად შრომით დაგვღალა და ცოტათი გვაწვალა კიდეც..

ეხლა მგონია, რომ ის ეტიუდი, თეატრში ჩვენი ცხოვრების გზის მოდელი იყო, თითქოს ცხოვრების პირველი რეპეტიცია გაგვატარა და გზაც დაგვილოცა.. „საგზლად“ კი პაწაწინა ბარათები გვერგო, თავისი ხელით გამოჭრილი,ზედ გრიმით დახატული ყვავილებით და ფერადი მძივებით შემკული, სხავადასხვა ტექსტით, ვისთვისაც რას თვლიდა საჭიროდ… ჩემს ბარათზე ეწერა: „ჩვენი ბაღის გაზაფხულის ჯერ გაუშლელო კვირტო! ჯანსაღად იხარე, ლამაზად,უჭკნობად იყვავილე, რომ დიდხანს ჰფენე ირგვლივ სურნელსა და მშვენიერებას“ და მინაწერი: „შენი მებაღე – ლილი იოსელიანი“.

პირველი სპექტაკლის წინ კი, დილიდან რომ „სისხლი გაგვიშრო“ და სულ რაღაც 20 წუთიანი შესვენების მერე პრემიერა გვათამაშა, საგრიმიორო მაგიდებზე კვლავ სამახსოვრო ბარათები დაგვახვედრა. აი ჩემი ბარათის ტექსტი: „გინდა შენ ეს თუ არა, ეს დღე სამუდამოდ დარჩება შენს მეხსიერებაში“.

რაღა თქმა უნდა, ასეც მოხდა, მაგრამ არა მარტო ის დღე! .. თავად ქალბატონი ლილი დარჩა სამუდამოდ ჩემს გონებაში, ცხოვრებაში, სულში.. მენანება ყველა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება არ განუცდია, განსაკუთრებით ახალგაზრდები.. მათ ხომ ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს ზნეობის, ღირსების, პროფესიონალიზმის, თავმდაბლობის, ადამიანის სიყვარულის მაგალითი! ოღონდაც ამ მაგალითს იგი საკუთარი ქცევით გვაძლევს, სიტყვებით – არასოდეს! მისი მკაცრი და გამჭოლი მზერა საოცარ სითბოს და სიყვარულს იტევს (როგორ ახერხებს!!)

სიტყვა კი…. ოო, სიტყვის მიმართ მისი დამოკიდებულება სრულიად განსაკუთრებულია! ის სიტყვის ქალია, სიტყვის დამცველი, სიტყვის პატრონი, სიტყვის საქმედ გადამქცეველი.. მხოლოდ მას შეუძლია მსახიობთან ერთად საათობით ეალერსოს (ბევრს ეს „ახირებული კირკიტი“ ჰგონია) თითოეულ სიტყვას და იქიდან, როგორც ფუტკარმა ნექტარი, ამოიღოს მისი ნამდვილი არსი, დაფარული გრძნობები, ადამიანის მთელი ცხოვრება.. თავადაც, საუბრისას დიდი სიფრთხილით არჩევს სიტყვებს, ეძებს, ამოწმებს , მერე სულს ჩაჰბერავს და როგორც მუსიკოსი, ისე ამოთქვამს, ფაქიზად, პატივისცემით… სულ რამოდენიმე „საქებარი“ სიტყვა მახსოვს მასთან ურთიერთობის 40 წლის მანძილზე, „ძუნწად“ თქმული, მაგრამ ისეთი ძალა ჰქონდა, რომ ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ „ქებას“ შეესწრო პრემიერის შემდგომ წვეულებაზე, არც აცია, არც აცხელა და შამპანური პირდაპირ თავზე გადამასხა – „ეს ფრაზა უნდა აღინიშნოსო“.. ფრაზად მოეჩვენა ერთადერთი სიტყვა!

გასაოცარია მისი მოსმენის უნარი. საუბრით არასოდეს დაგღლის, თავად კი არასოდეს დაიღლება შენი მოსმენით… შეგიძლია ელაპარაკო, მოუყვე ყველაფერი.. ის თანაგიგრძნობს, გისმენს მთელი არსებით, გულისყურით და „ყურის გულით“ (გულს თუ აქვს ყური, ყურსაც აქვს გულიო, ამბობს ხოლმე ხუმრობით), რადგანაც ადამიანი მისთვის ყველაზე ძვირი ფასეულობაა და ადამიანის სამსახური მისი უპირველესი მოვალეობაა ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც.

ერთხელ, ლენინგრადში საგასტროლო მოგზაურობისას, გიორგი ტოვსტონოგოვს შევხვდი – მის მასწავლებელს, რომელსაც უდიდეს პატივს სცემს და ეთაყვანება. მოკრძალებით შევბედე – ლილი იოსელიანის მოწაფე ვარ-მეთქი.. უცებ თვალები გაუნათდა, მომიბრუნდა, გამიღიმა და გულში ჩამიკრა… მერე ასევე მიხუტებულს ზემოდან დამხედა და შეთქმულებს რომ აქვთ, ისეთი ტონით, ქართულად მკითხა: „როგორ არის ლილი, არ იცვლება? არ თმობს პრინციპებს?“ დიახ, არ თმობს! მისი პრინციპია – გაამართლოს ადამიანი, ეძებოს მის ნებისმიერ საქციელში სიკეთის თესლი, არასოდეს თქვას მასზე ძვირი, თუნდაც ეკუთვნოდეს.. ასე ექცევა ის ადამიანებს, რეალურსაც და პერსონაჟებსაც, ამას ქადაგებს მოწაფეებთან.

ინსტიტუტს რომ ვამთავრებდით, ბოლო დღეს, დაგვსხა (ოთხნიღა დავრჩით, ვინც „გავუძელით“) და გვითხრა: „როდესაც სუფთა, მთის მდინარე ზღვაში ჩაედინება, იმ ადგილას ფერს იცვლის ზღვა.. რაც უფრო სუფთა და ძლიერია მდინარის წყალი, მით დიდ კვალს ტოვებს, სანამ ბოლომდე შეერევა.. თქვენ ახლა უნდა შესცუროთ საოცარ ზღვაში, რასაც თეატრში ცხოვრება ჰქვია. იქ ტალღებია, ქარიშხალიც, მზის ბევრი ჩასვლა და ამოსვლა.. მე ცურვა გასწავლეთ, დანარჩენი თქვენზეა… გისურვებთ, იმ სუფთა მდინარესავით, რაც შეიძლება დიდხანს აჩნდეს ზღვას თქვენი კვალი.“

თავიდან, თეატრში რომ მივედი, ჯერ კიდევ უცხო გარემოში თავს უხერხულად ვგრძნობდი. პირველ დღეს, რეპეტიციის მერე ქალბატონ ლილისთან მივირბინე – ძალიან მომინდა მენახა, თანაც ძალიან მერიდებოდა – ის ხომ “ძალიან მკაცრი“ იყო… იქ მისულს სრულიად სხვა ადამიანი შემრჩა ხელში, საოცრად თბილი, მოსიყვარულე და „შინაური“. ჩუმად მისმენდა და თვალები უციმციმებდა… მე ვიგრძენი რომ დაიწყო რაღაც ახალი ჩვენს ურთიერთობაში – ჩვენ დავმეგობრდით!

თურმე ტონინო გუერას უთქვამს ერთხელ ანტონიონიზე – უაღრესად დახვეწილი გემოვნების ადამიანმა ისეთი ჩაცმა იცოდა, ვერ შეამჩნევდი და თუ შეამჩნევდი – თვალს ვერ მოსწყვეტდიო. ყველაფერი ნამდვილი და დახვეწილი ხომ ასეა – მშვიდად არსებობს, თავის საქმეს ჩუმად აკეთებს, და ყურადღებას არ იქცევს. თუ ღმერთმა მოგცა თვალი და ყური – დაინახავ და შენვე ივსები..

ასეთია ქალბატონი ლილი, ჩემი მასწავლებელი, მოძღვარი, განძი, ძლიერი და სიფრიფანა, თავგაწირული და ბევრჯერ გაწირული, მიმტევებელი, „მოსამართლე და მოწყალე“, „სიყალბის მიწად დამაქცეველი“, ჩემი „პატარა ანტიგონე“ და ჩემი „მებაღე“ – ლილი იოსელიანი!

P.S. ეს წერილი ქალბატონი ლილის საიუბილეოდ დავწერე – მაშინ 90 წელი უსრულდებოდა.. არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე შეიძლებოდა მასზე წარსულ დროში წერა.. მეგონა სულ იქნებოდა.. თუმცა.. ასეც არის: ის არის! ის ჩემს სინდისად იქცა, და „ზრუნავს“ ჩემზე.. რადგან „ვალდებულია იზრუნოს მასზე, ვინც „მოათვინიერა“…