7 მარტი, 2019

დავბერდი? არა! – იოსებ გრიშაშვილი

დავბერდი? არა! - იოსებ გრიშაშვილი”ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში – სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, –
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!”