31 მარტი, 2019

აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება – თინათინ მღვდლიაშვილი

აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება - თინათინ მღვდლიაშვილი”აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით
გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე
გული გაიმაგრე დავით!

რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ
რით მოვიწონოთ თავი
ვერ ვიდავითეთ, ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ დავით!

მიწა გაგვიყიდეს, ხორცი დაგვიფლითეს
გული ამოგვგლიჯეს ტანჯვით
გარეჯს გვიფეთქებენ, რუსთველს გვიგინებენ,
სულში გვაფურთხებენ დავით!

გადამთიელები, უცხოტომელები
ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით
,,გადამიარეთო” ასე დაგვიბარე
გადაგვიარეს დავით!

ვერ დავიცავით შენი საქართველო
ვერ მოვუფრთხილდით წამით
ხმალი დაგვიჟანგდა, სისხლი გაგვიწყალდა
დავპატარავდით დავით!

მტერმაც გვლეწა და ერთურთიც ვლეწეთ
ვლეწეთ დღისით და ღამით
ტაოს მივტირით, ჰერეთს მივტირით
სამცხეს მივტირით დავით!

კვნესის საქართველო, შენი საქართველო
გულში დაჭრილია ხარი
მუხლი მაგარი აქვს არ დაიჩოქებს
ნუ გეშინია დავით!

თბილისი მაინც ისევ თბილისობს
გელათი ისევ ყვავის
იბადებიან დღესაც ლეკვები
სადიდგორენი დავით!

აღმაშენებელო, თბილისს შემობრძანდი
თეთრი გიორგის მადლით,
მუმლი მუხასაო, მუმლი მუხასაო,
მუმლი მუხასაო დავით!”