13 თებერვალი, 2019

“წინ მარადისობაა!” – დაუჯერეთ ოთარ ჭილაძეს

"წინ მარადისობაა!" - დაუჯერეთ ოთარ ჭილაძესძნელია არ დაეთანხმო ოთარ ჭილაძეს, ამ უდიდეს მწერალსა და მოაზროვნეს. მის ყოველ სიტყვაში იმხელა სიბრძნე და იმდენი სიმართლეა, რომ გულგრილად წაკითხვა შეუძლებელია:

„ისტორიული მახსოვრობის გარეშე, შეიძლება, საერთოდ ავიღოთ ბრძოლაზე ხელი, რაც იგივე სიკვდილი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვიდრე ვიბრძვით, იქამდე ვართ ანგარიშგასაწევი ხალხი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, სამასწლოვან ომში რომ ვართ ჩათრეულნი და აგვისტოს ომი მხოლოდ ეპიზოდია ამ ომის. ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება: ომი, რომელსაც ჩვენ „ორდღიანი” დავარქვით, პეტრე პირველმა დაიწყო – ჩვენმა მწიგნობარმა მეფემ, ვახტანგ მეექვსემ, სიტყვაზე დაუჯერა პეტრეს, ერთად ავლაგმოთ სპარსეთიო და ბოლოს მარტო აღმოჩნდა… რაც აგვისტოში მოხდა, მხოლოდ ორდღიანი მონაკვეთია სამასწლიანი ომისა და ამით არც არაფერი დაწყებულა, არც არაფერი დამთავრებულა..

«მდგომარეობა კი არ მივიდა ომამდე», როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ, ერთხელ კიდევ გამოაშკარავდა, გამომჟღავნდა, ყველასთვის თვალნათელი გახდა ეს გამოუცხადებელი მცოცავი ომი, შეიძლება, დაუდევრობის, წინდაუხედაობის, ანდა მოუთმენლობის გამო. შეიძლება, შეგნებულადაც. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თავიდანვე ისე წარიმართა, უომრად ყოვლად წარმოუდგენელია ჩვენი თანაარსებობა…. განა გასული საუკუნის ჯერ ოციან და მერე ორმოცდაათიან წლებშიც «ომამდე არ მივიდა მდგომარეობა?!» საერთოდ, ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება…

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ნამდვილად არ ვიყავით ომისთვის მზად, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს ხათრი ვერ გავუტეხეთ საუკუნოვან მტერს და ავყევით, ალბათ უკვე ძვალ-რბილში გამჯდარი, უკვე გენეტიკური შიშის გამოც. შიში შეიქმს სიყვარულსა, სიყვარული კი ბრმაა. ამიტომ, შეცდომებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, შეცდომის შეხსენება ბრალდების წაყენებასავითაა, რაც, ჩვენში რომ ვთქვათ, სითამამეზე მეტად, სითავხედე იქნებოდა ჩემი მხრიდან.

მართალია, ამ ეტაპზე, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, თავისუფლებისთვის აშკარად მოუმზადებლები აღმოვჩნდით, მაგრამ გადარჩენა თუ გვინდა, ეს პროცესი როგორმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

ეს ერთადერთი გადამრჩენელი გზაა უდაბნოდან აღთქმულ ქვეყნამდე. ჩვენ ჯერ უდაბნოში დავხეტიალობთ და ასე ვიხეტიალებთ იქამდე, ვიდრე სულიან-ხორციანად არ განვიწმინდებით, არ გადავეჩვევით მონურ აზროვნებას, არ მოვიშორებთ მონობაში შეძენილ თვისებებს, არ განვთავისუფლდებით ლეგენდებისგან, ცრურწმენებისგან, ცრუ კერპებისგან, ცრუ იმედებისგან და, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, თვალს არ გავუსწორებთ სინამდვილეს – ეს ყველას ერთნაირად გვეხება, მეც, თქვენც, ყველას, ვინც ჩვენს საუბარს წაიკითხავს, ან არ წაიკითხავს..

დიახ, ხუთი წლის წინაც ისევე იწვოდა ჩემთვის ჩვენი სამშობლო, როგორც დღეს იწვის. იწვის ჩვენს თვალწინ, ჩვენს ფეხქვეშ, ჩვენს გარშემო, ჩვენს სულში! ცოტაც და, კვამლით გავიგუდებით ყველანი, სამარცხვინოდ დავამთავრებთ, ღმერთმა იცის, რამდენსაუკუნოვან არსებობას. ღმერთსაც გავაწბილებთ და კაცსაც, რადგან ღმერთიც მეტს ელოდა ჩვენგან და კაციც. უფრო სწორად, არც ღმერთს დაუკლია ჩვენთვის ხელი და არც კაცს.

მაგრამ იმის ნაცვლად, კიდევ უფრო ჯიუტად, კიდევ უფრო მტკიცედ დავმდგარიყავით სამზეოზე, თანდათან რული მოგვერია და ისიც ვერ გავიგეთ, ვინ ან როდის შეგვიცვალა მხედრის ულუფა მონის სალაფავით და აი, მას შემდეგ გვეწვის ფეხქვეშ სამშობლო. ჩვენ კი, მოურჩენელი სიბნელის ბინადარნი, ერთმანეთს ვუსისხლიანებთ თავ-პირს და ერთმანეთზე ვიყრით ჯავრს საერთო უმწეობისა და უმაქნისობის გამო. ანუ, შეგინებულ სიცოცხლეს ვებღაუჭებით მაინც, წყალობად ვუთვლით შემგინებელს და გახსენებაც აღარ გვინდა, სახელოვანი სიკვდილი რომ სჯობს ნაძრახ სიცოცხლეს, აღარ გვჯერა, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის საფლავიც რომ აუღებელი ციხესიმაგრეა მტრისთვის, არადა, თუ ჩვენს სამშობლოს მართლა დაღუპვა უწერია, გვერჩიოს, გულზე გვეყაროს და არა ფეხქვეშ მისი ქვები.

ერთი დღეც ნუ გვეცოცხლოს უსამშობლოდ! ეს არც წყევლაა და არც ლოცვა. გნებავთ, ლოცვაც ესაა და წყევლაც, რადგან უსამშობლობა, ყველა უბედურებასთან ერთად, სამარცხვინოცაა და განსაკუთრებით დღეს, როცა ისიც კი იკოწიწებს სამშობლოს, თანაც სხვათა მიწების ხარჯზე, ვისაც არასოდეს ჰქონია, არც სახნისი სჭერია ხელში და არც კალამი.

რაც გვჭირს, იმიტომაც გვჭირს, ყველას ერთნაირად რომ გვიჭირს მშობლიურ ენაზე ლაპარაკი – ამბის მოყოლა, აზრის გადმოცემა..

„რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო” – გვაფრთხილებდნენ ჭეშმარიტი გულშემატკივრები და აჰა, წავხდით და დავეცით! ამის ბრალია, უვიცობის, უგემოვნობის, უზნეობის დღემდე არნახული აღზევება. ამის ბრალია, სუროგატის მომრავლება ნებისმიერ სფეროში. ამის ბრალია შინააშლილობა, გაუთავებელი დაპირისპირებები, ანგარიშსწორება, ღირსეულთა დაკნინება და უღირსთა განდიდება… ის აღარა ვართ, ვინც უნდა ვიყოთ, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ვიყავით, როგორიც შეგვქმნა თავიდანვე ღმერთმა თუ ბუნებამ. მაგრამ ის მაინც ხომ უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, ვისი სისხლი გვიდგას, ბოლოს და ბოლოს, ძარღვებში: „ვეფხისტყაოსნის” დამწერისა თუ ქართველთა შეთქმულების გამცემისა, სვეტიცხოვლის ამშენებლისა თუ ილიას მკვლელისა, მტრის რისხვისა თუ მტრის მსახურისა…

და მაინც, დიდი უსამართლობა იქნება ღმერთისგანაც და კაცისგანაც ჩვენი გაწირვა, მხოლოდ იმიტომ, კვლავაც იქ რომ ვდგავართ, სადაც გაჩენის დღიდან ვმდგარვართ და სადაც უნდა ვიდგეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

კვლავაც ის რომ გვწამს, რაც თვალის გახელისთანავე ვიწამეთ და დღესაც სანახევროდ თითქმის უკვე დამწვარ, გულსაკლავად დამახინჯებულ-დაპატარავებულ სამშობლოს ამარა დარჩენილებსაც გვწამს: სამშობლო ერთადერთია და განუმეორებელი! მას ვერ გამოიგონებ, ვერც სურვილისამებრ აირჩევ – ღმერთის საჩუქარია – და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, გვევალება კიდეც, გავუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ, რაკი სიცოცხლესთან ერთად გვეძლევა და სისხლივით, სულივით გადაეცემა ჩვენს შთამომავალს…

ჩვენც სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლად, მარადიულ ცეცხლში, მაგრამ ფერფლივით კი არ უნდა გაგვფანტოს ქარმა, არამედ ისევ მშობლიურ ცასა და მიწას უნდა მიგვამატოს ცად და მიწად. ამიტომ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გვახსოვდეს – წინ მარადისობაა!”