26 თებერვალი, 2019

თამარ სხირტლაძემ ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი მოხსნა

თამარ სხირტლაძემ ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი მოხსნამარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა თამარ სხირტლაძემ კოლეგის – გენიალური ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი მოხსნა.

თამარ სხირტლაძე უკვე 73 წელია სცენაზეა და სწორედ ეს არის ის რეკორდი, რომელშიც მან ვერიკო ანჯაფარიძეს აჯობა.

2 მაისს მსახიობი 90 წლის ხდება და მას თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.

ლალი მიქაძე:

“თეატრალურში რომ აბარებდა, არც კი იცოდა “ეტიუდი” რა იყო. როდესაც უთხრეს, თითქოს მდინარეზე სარეცხს რეცხავ და ამ დროს ნავით ყმაწვილმა ჩამოიარაო,’დასველებული’კაბის გაწურვაც არ დავიწყნია (ცოტა მეტადაც ამიწევია კაბაო). მერე ჩარიცხულთა სიაში თავი რომ ვერ ნახა, უთხრეს, კარგად წაიკითხე, თავში წერიხარო. მამამ ეს არ იცოდა და როდესაც თეატრში მისულმა თავისი სტუდენტი შვილი ნახა სცენაზე, გაგიჟებულა, როგორ ჰგავს ჩემს ქალიშვილსო.

ძირითადი სამოღვაწეო – მარჯანიშვილის თეატრი. რეჟისორი რომელსაც გამოარჩევს – თემურ ჩხეიძე (რანგით მას ვერავინ შეედრებოდა და მსახიობთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვსო. ისე ეხმარება, მსახიობი ვერც ხვდებაო).

გოდერძი ჩოხელს ფილმი არ გადაუღია თამარ სხირტლაძის გარეშე და, რა თქმა უნდა, მას ბევრი საინტერესო მოგონება აქვს გოდერძი ჩოხელთან და მთაში გადაღებებთან დაკავშირებით…

საუკეთესო პარტნიორი მეუღლის კოტე თოლორაიას გარდა – ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე გრძნობდა და უსმენდა პარტნიორს. სიყვარულით იხსენებს ბერიკას – გივი ბერიკაშვილს, კურიოზებს “ექვსი შინაბერა და ერთ მამაკაცთან” დაკავშირებით.

ფენომენალური მეხსიერება, ნათელი გონება და უნატიფესი გარეგნობა, რითაც კიდევ ერთხელ აღგვაფრთოვანა.

დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ქალბატონო თამარ!”