7 თებერვალი, 2019

პროფესორი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიიდან გააგდეს

პროფესორი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიიდან გააგდესპროფესორი გოჩა ბარნოვი თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან გააგდეს.

ინფორმაცია ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა:

“დღეს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან პროფესორი გოჩა ბარნოვი გარიცხეს-გააგდეს, საბჭოურ ფორმებით: გაკიცხეს აკადემიურ საბჭოზე, რომელიც საბჭოური პარტკომის სხდომას უფრო ჰგავდა შინაარსით. რატომ? იმიტომ, რომ ბატონი გოჩა ბარნოვი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგიის დოქტორი, ათენის უნიერსიტეტის კურსდმთავრებული, მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას და განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის არაღიარება საქართველოს ეკლესიაზე რუსულ გავლენებს დაადასტურებს.

მე, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, იგივე ამ აკადემიის კურსამთავრებული ირაკლი ჭიღლაძე, სწავლის პერიოდში ამ სასწავლებლის ერთადერთი სტიპენდიანტი (კომპანია ემიგრანტის მიერ სასულიერო აკადემიისათვის გამოყოფილი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის სტიპენდიის მფლობელი), ვადასტურებ, რომ არათუ გოჩა ბარნოვი, თავად თბილისის სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელობა ადასტურებს თავისი ქმედებებით, რომ ისინი რუსული ძალების სამსახურში დგანან და რეპრესიული მეთოდებით სჯიან განსხავებული პოზიციის ადამიანებს.

მე მოვუწოდებ მედიას და უფლებადამცველებს დაინტერესდნენ არსებული სამარცხვინო ფაქტით. იმ პირობებში, როდესაც უცხოეთში მიღებული თეოლოგიის დოქტორის წოდებით სულ ორიოდე პროფესორი ჰყავს თბილისის აკადემიას (ამას ემატება რამდენიმე წლის უკან ილარიონ ალფეევის მიერ ჰაერზე დარიგებულ თეოლოგიის დოქტორის წოდებების მქონე ათიოდე პირი), გოჩა ბარნოვის გარიცხვა ამ სასწავლებლის პროფესურიდან არის სწორედ რუსული გავლენების გაძლიერების მცდელობა საქართველოს ეკლესიაში.

ასევე მე ვაცნობიერებ, რომ ჩემს მხარდამჭერ წერილს მოჰყვება დიდი ზეწოლა შესაბამისი ძალების მხრიდან, მაგრამ მათ ვაფრთხილებ, რომ ეს არ დარჩება სათანადოდ პასუხგაუცემელი. დროა, რუსული გავლენები დასრულდეს საქართველოს ეკლესიაზე. აქვე შევნიშნავ, რომ ამ დღეებში პატრიარქ კირილეს იუბილეზე სხვა მიწვეულ უცხოელ და ქართველ სტუმრებთან ერთად “ბრძანდებოდა” ცნობილი აფხაზი სეპარატისტი მღვდელი ბესარიონ აპლია, აფხაზეთის ეპარქიის დე-ფაქტო მმართველი. ველით საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ღირსეულ ქმედებებს.”

მომხდართან დაკავშირებით გოჩა ბარნოვმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა:

“დღეს სასულიერო აკადემიის და სემინარიის “სამეცნიერო საბჭოს” გადაწყვეტილებით, ლექციები შემიჩერეს იმის საბაბით, რომ მე ჩვენი პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერი ვარ.

მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი. საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს სცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი გააჩნიათ. ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთავენ, სტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მხარდამჭერი ჩემი სტატუსები მხოლოდ საბაბად მოაქვთ, თუმცა სინოდს ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ბევრ მღვდელმთავარს ჩემნაირი პოზიცია აქვს.

ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რექტორმა ჩემი დასჯის პროცედურა ფორმალურად “ამხანაგების”: მღვდელ შალვა კეკელიას, მღვდელ ბიძინა გუნიას და გვანცა კოპლატაძის ტრადიციულ მონოლოგებზე დააფუძნა. მღვდელი ბიძინა გუნია ასეთ საქმეებში განსაკუთრებით გამოცდილია.

ერთი ამბავი მახსენდება: ვებგვეედზე orthodoxtheology.ge ფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა ბიძინა გუნიას კალენდართან დაკავშირებული ვითომდა თეოლოგიური შეხედულებების გამანადგურებელი კრიტიკა დაწერა. რაკი ბიძინა გუნიას ამ კრიტიკაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, სხვაგვარად გადაწყვიტა საიტზე შური ეძინა, საიტის სარედაქციო კოლეგიის წევრების სიას თვალი გადაავლო, და იქ თეიმურაზ ბუაძე აღმოაჩინა. იმწამსვე გაიქცა საპატრიარქოს ტელევიზიაში და მის მაშინდელ დირექტორს მეუფე პეტრეს მოსთხოვა მისი იქიდან გაშვება. რადგან თემურს იმჟამად გადაცემა “საღვთისმეტყველო საუბრები” მიჰყავდა. მეუფე პეტრეს, რა თქმა უნდა, არავითარი რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ აქ მთავარი ბიძინა გუნიას მოტივებია.

ანალოგიური მეთოდებით ცდილობს ამხანაგი გუნია დაამტკიცოს, რომ მე მთელ ქრისტიანულ სამყაროს ვემტერები.”