18 თებერვალი, 2019

მოუსმინეთ კატო ჯავახიშვილს

მოუსმინეთ კატო ჯავახიშვილს პოეტ კატო ჯავახიშვლს შეულამაზებლად უყვარს სიმართლის წარმოჩენა. ხშირად მისი ჩანაწერები მწარეა, სამაგეიროდ, სრული ჭეშმარიტებაა:

“და როცა უწვერული მღვდლები ჯიპებში ჩასხდებიან
და ზურგზე ეკლესიაწამოკიდებულები სამშობლოში დადგებიან
და ექსპორტზე გატანილი ჩემი ტანი ელექტროენერგიასავით სწრაფად გაიყიდება
როცა პრეზიდენტი იტყვის, რომ კონსტიტუცია უნდა დაიწეროს ჩემი შეცდომებიდან
რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა დასაშვები
ამ დროს კი ეროვნული ვალუტა ასაკოვანი ბოზივით გაუფასურდება
როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადარჩენილები
სიკვდილის უფლებას მოითხოვენ
და მეშახტეები ჯერ მოკვდებიან და მერე გაიფიცებიან
როცა ლურჯი ვეშაპი ჩვენი შვილების ღამეანთებული მონიტორიდან
თეთრ კბილებს და შავ ზღვას აატორტმანებს
როცა გავიგებთ, რომ ქალს სახელად ნ. აქვს ათი ზომა ძუძუ
და შესაფერის ბიუსტჰალტერს ვერაფრით შოულობს
როცა ერთად წოლა გახდება ფიზკულტურის გაცდენილი გაკვეთილი
და ფესვებამოყრილი ხეები მიწაში ვეღარ მოთავსდებიან
და როცა ყველა ადამიანი გამოიყენებს დუმილის უფლებას
და უდანაშაულობის პრეზუმფცია გახდება თვალის ამოთხრაზე ოდნავ მეტი
და როცა სადარბაზოებში გაუპატიურებული პატარა ბიჭები ტყუილს იტყვიან
და დიდი კაცების სასქესო ორგანოებს დაივიწყებენ
და გოგოები პირველ ღამეს მზითვად ნაბოძი ძროხებივით გაატარებენ
რომ ცხრა თვის შემდეგ ჩამოწველილი შვილებით გაამართლონ თავიანთი არსებობა
და როცა საერთაშორისო ფონდები სახეზე მოჩვენებით მზრუნველობას აიფარებენ
და სახალხო დღესასწაულები ჩატარდება ხალხის გარეშე
და ქუჩებში ივლიან ადამიანები, რომლებიც წლებია წიგნებს
გაზის, შუქის და ნაგვის ქვითრებზე კითხულობენ
და როცა ევროპისკენ მიმავალი გზა მშიერი ბავშვების თვალებზე გაივლის
და როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ზეგ დილით
მაღაზიიდან კარაქის მოპარვის ფაქტზე ორ პირს დააკავებს:
200.. რაღაც წელს დაბადებულ ბ.კ.-ს და ა.გ. -ს
რომლებმაც უკვე დაბადებიდანვე ყველაფერი დააშავეს, –
სთხოვეთ სამშობლოს, რამე მითხრას, მელაპარაკოს.”