19 თებერვალი, 2019

მარიტა კაპანაძე – წარმატებული ქართველი დიზაინერი ამერიკიდან

მარიტა კაპანაძე - წარმატებული ქართველი დიზაინერი ამერიკიდანქართველი დიზაინერი მარიტა კაპანაძე დიზაინით ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესდა და დღეს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

მარიტა 2 წელია ამერიკაში ცხოვრობს და თავის საყვარელ საქმეს ემსახურება. მისი გრაფიკი ძალიან გადატვირთულია – ემზადება გამოფენისთვის, რომელიც აპრილში მანჰეტენზე გაიმართება, მონაწილეობას იღებს იტალიაში გამართულ, პრესტიჟულ დიზაინ დაჯილდოვებაში, რის გამოც მისი ვიზიტი საქართველოში და სოლო გამოფენისთვის მზადება დროებით გადაიდო.

ქართველი დიზაინერის შემოქმედებას საქართველოში კარგად იცნობენ. მარიამს დიდი სურვილი აქვს სამშობლოში დაბრუნდეს და ისეთი ინსტალაცია მოაწყოს, როგორიც მის ოცნებებშია.

– მარიტა, ვისი დამსახურებაა თქვენი ინტერესი ამ მიმართულებით?

– დედას ,,თსუ” აქვს დამთავრებული, ეკონომიურის განხრით, მამას – მოსკოვის ,,ბაუმანი“-ს უნივერსიტეტი, წოდებით მანქანათმშენებელი ინჟინერია. ასე რომ, ხელოვნებასთან არც ერთს არანაირი შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით დედას ხელსაქმეს. ყოველთვის მიკერავდა ლამაზ-ლამაზ კაბებს და არაჩვეულებრივად ქსოვდა გობელენს. არ ვიცი საიდან, როგორ, მაგრამ ჩემი ინტერესი დიზაინის სფეროს მიმართ სკოლის ასაკიდან უკვე მკვეთრად გამოხატული იყო და ამას ბევრი აღნიშნავდა.

– რით არის საინტერესო თქვენთვის ეს სფერო?

– არ შემიძლია გამოვყო მისი რომელიმე მახასიათებელი, რითაც იწვევს ჩემს დაინტერესებას, ის მთელი თავისი არსით მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემთვის. მქონია შემოთავაზებები სხვადასხვა სფეროდან, საკმაოდ კარგი პირობებით, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – რას ვაკეთებ და რამდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს მუშაობისას. ეს არის საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ დღის ყველა მონაკვეთში, ყველანაირ ამინდში და დიზაინის ყველა სფეროში, რომელშიც მე ვმოღვაწეობ, იქნება ეს ინტერიერი, სარეკლამო დიზაინი, ხელნაკეთი დეკორაციები თუ სხვა.

მარიტა კაპანაძე - წარმატებული ქართველი დიზაინერი ამერიკიდან

– გიყვართ თუ არა შეკვეთები? როგორც წესი, შემოქმედი ადამიანების უმრავლესობას ყოველგვარი შეკვეთის გარეშე მუშაობა ურჩევნია.

– შეკვეთებიდან მიღებული ჰონორარი ჩემი შემოსავლის ყველაზე დიდი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ კომპანიას ვემსახურებოდი ბოლო 4 წელი, ასევე კარგი ანაზღაურებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვამჯობინებ 100% ჩემი სურვილით და შეხედულებით შესრულებულ პროექტს. სადაც არავის აზრზე არ უნდა მოერგო და არავის გემოვნება და სურვილები არ უნდა გაითვალისწინო. თუმცა მყოლია პრაქტიკაში ისეთი დამკვეთებიც, ვინც აბსოლუტურ თავისუფლებას მაძლევდა და ყველა ჩემს ,,ახირებას“ უსიტყვოდ ასრულებდა. ლოგოკურია ასეთი პროექტები ჩემს ბიოგრაფიაში საუკეთესოებად არიან ჩაწერილი. მყოლია ისეთი დამკვეთებიც, ვინც გამუდმებით იცვლიდა შეხედულებებს და შეთანხმებულ პროექტებს სამჯერ და ოთხჯერ ცვლიდნენ, ოჯახის ყველა წევრის შეხედულებების გათვალისწინებით. ღმერთო ჩემო, აქ იწყება ჩემი კოშმარი, როცა დედამთილს სხვა უნდა, ქმარს – სხვა და რძალი მთხოვს შევთავაზო მათ მისი ვარიანტი. ასეთ დროს მიჩნდება ხოლმე სურვილი, საერთოდ უარი ვთქვა შეკვეთებზე და რეალიზაცია გავუკეთო მხოლოდ საკუთარი გემოვნებით შექმნილ პროდუქციას.

– რა არის მთავარი თქვენთვის, როცა მუშაობთ?

– განწყობა, პირველ რიგში. რამდენად სტრესულ სიტუაციაში მიწევს მუშაობა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რემონტის შუა პროცესში მომმართავენ, როდესაც რაიმე პრობლემებს წააწყდებიან და მიწევს არარეალურ დროში პრობლემების გადაწყვეტა და დიზაინის სახეცვლილება, ან საერთოდ ახლის გაკეთება. შეზღუდული დრო ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება და მე ეს ძალიან არ მიყვარს, იმიტომ რომ საქმეს ვაკეთებ ბოლომდე და მთელი გულით.

– ყველაზე დიდი დატვირთვა რა დეტალს აქვს თქვენთვის?

– ჩემი აზრით, ყველაზე მეტი დატვირთვა მაინც განათებას აქვს ინტერიერში. რაც არ უნდა კარგი ხარისხის მასალებით და კარგი განლაგებით თუ პალიტრით მოაწყოთ ინტერიერი, თუკი განათება არასაკმარისია, გადანათებულია ან შეუფერებელი ტონებითაა წარმოდგენილი, ყველაფერს აფუჭებს! და, რა თქმა უნდა, პირიქით: კარგი განათების საშუალებით ერთი სავარძელიც კი შეგიძლიათ ინტერიერში წარმოაჩინოთ ისე, რომ სიმყუდროვე და სილამაზე შექმნათ ოთახში.

მარიტა კაპანაძე - წარმატებული ქართველი დიზაინერი ამერიკიდან

– რამდენად არის განვითარებული საქართველოში ის სფერო, სადაც მოღვაწეობთ?

– საბედნიეროდ, უნდა ვთქვა, რომ ეს სფერო საქართველოში საკმაოდ კარგადაა განვითარებული თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის სოც-ეკონომიკურ მდგომარეობას. ქართულ დიზაინ ინდუსტრიაში გვხვდება რეალიზებული, წარმატებული ბრენდები და ცალკეული დიზაინერებიც. ვთვლი, რომ ძალიან გემოვნებიანი ერი ვართ და ამ სფეროს ჩვენთან დიდი პოტენციალი აქვს.

მარიტა კაპანაძე - წარმატებული ქართველი დიზაინერი ამერიკიდან

– კონკურსები, ფესტივალები… რას გმატებთ, როგორც პროფესიონალს?

– ეგ არის ზუსტად ის, რაც არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. დიზაინერისთვის მეტად მნიშვნელოვანია ხშირად იღებდე მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებსა თუ ფესტივალებში, გაგქონდეს შენი ნამუშევრები საჯაროდ. ალბათ გამიჭირდება ემოციის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ მაშინ, როდესაც ჩემი ნამუშევარი იმსახურებს ფართო ყურადღებას და მოწონებას. როდესაც მოდიან და მეკითხებიან დეტალებს, ინტერესდებიან მასალით, ტექნიკით და ასე შემდეგ.. განსაკუთრებით ამერიკაში, ეს ძალიან შესამჩნევია მათი ხასიათიდან გამომდინარე. ქუჩაში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში ხშირად ხდება, რომ გაჩერებენ და კომპლიმენტს გეუბნებიან, ან უბრალოდ ბედნიერ დღეს გისურვებენ. ამდენად გამორიცხულია არ დააფიქსირონ თავიანთი აზრი და სიმპატია ნამუშევრების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ის კონკურენტად აღგიქვამს, თუ უბრალოდ დამთვალიერებელია. ამან კი შეუძლებელია შემოქმედი ადამიანი გულგრილი დაგტოვოს და არ აიძულო თავს უფრო და უფრო მეტი გააკეთო.

– ვისთვის იმუშავებდით დიდი სიამოვნებით?

– სიმართლე გითხრათ, ასეთი ოცნება არ მქონია და არც არასდროს მხიბლავდა სხვაზე მუშაობის პერსპექტივა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მყავს კუმირები და შეიძლება ზოგიერთ მათგანს ზედმეტადაც კი განვადიდებდე. ალბათ დიდი სიამოვნებით გავივლიდი სწავლებას რამოდენიმე მათგანთან თავის დროზე, მაგრამ მაშინ ამის საშუალება არ მომეცა. ეს უბრალოდ ჩემი ხასიათის თვისებაა. ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი და ჯიუტი ვიყავი, ვერ ვიტანდი სხვისი მითითებების შესრულებას, განსაკუთრებით თუ ის ჩემს ინტერესების სფეროს სცდებოდა. რა თქმა უნდა მიმუშავია სხვადასხვა ფირმებში, მაგრამ დამეთანხმება ყველა, ვინც კი ჩემი მუშაობა იცის, რომ ჩემს საქმეში ზედმეტად ვერავინ ჩაერეოდა. ალბათ მათი გათამამებულიც ვარ. ჩემი უფროსები ჩემს პროფესიონალიზმს ენდობოდნენ და ყველაფრის უფლება მქონდა, რაც მოცემულ ბიუჯეტში ჩაეტეოდა.
სამსახურის პარალელურად 2010 წლიდან ვაწარმოებ ჩემს მცირე ბიზნესს და ვისურვებდი, მის კიდევ უფრო გაფართოვებას და საერთაშორისო რეალიზებას.

მარიტა კაპანაძე - წარმატებული ქართველი დიზაინერი ამერიკიდან

– თბილისში თუ გეგმავთ თქვენი ნამუშევრების გამოფენას?

– დიდი სიამოვნებით წარვუდგენდი ჩემს ნამუშევრებს ქართველ ხალხს, ჩემს მეგობრებს, ნაცნობ თუ უცნობ დამთვალიერებლებს, თუმცა ამ ეტაპზე ალბათ ვერ მოხერხდება. აპრილში მაქვს მორიგი გამოფენა მანჰეტენზე და დაკავებული ვარ სამზადისით. ასევე იტალიაში გამართულ დიზაინ დაჯილდოვებაში ვიღებ მონაწილეობას და ვერ ვახერხებ სოლო გამოფენისთვის მომზადებას. ამერიკაში ბავშვთან ერთად ცხოვრება და თან კარიერის კეთება არც ისე იოლია, მსუბუქად რომ ვთქვათ. ვეცდები ყველანაირად, რომ მალე დავბრუნდე ქვეყანაში და მოვაწყო ინსტალაცია, ისეთი, როგორიც ჩემს ოცნებებშია ხშირად.

მარიტა კაპანაძის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულებზე:

https://www.facebook.com/marita.designer/

https://www.instagram.com/maritadesignstudio/

https://www.pinterest.com/maritakap1/