15 თებერვალი, 2019

იაკობ გოგებაშვილი: “განათლება ორლესული იარაღია!”

იაკობ გოგებაშვილი: "განათლება ორლესული იარაღია!"ქართველებისთვის “დედა ენის” შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ განათლება ორლესული იარაღია და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო:

“განათლება ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს…

მშობლიური ენის და წიგნის უარყოფა, გამოუსადეგ რამედ ჩათვლა, თავის თავის უარყოფა, თავისი თავის გათახსირებაა…”

როდესაც XIX საუკუნეში საქართველო რუსული იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, ქართულენოვანი განათლების იდეა გაჩნდა, რასაც აბსოლუტურად ეთანხმებოდა იაკობ გოგებაშვილიც. მისი სურვილი იყო განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესება. მან შექმნა “დედა ენა” და “ბუნების კარი”, ახალი შრიფტი და ამით შეამცირა წიგნის მოცულობაც და ბეჭდვის ხარჯიც, რამაც წიგნის გაიაფება გამოიწვია.

იაკობ გოგებაშვილმა დაარწმუნა მეწარმეები, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ბიზნესისათვის ყველაზე სასარგებლო იქნებოდა. მეწარმეების დახმარებით აშენდა სკოლები და გამოიცა ახალი წიგნები. მის სახელთან არის დაკავშირებული სახალხო უნივერსიტეტების დაფუძნებისთვის მოძრაობა, რაც საბოლოოდ 1918 წელს თბილისში უნივერსიტეტის დაფუძნებით დასრულდა.