გიზო ნიშნიანიძის დაუვიწყარი ისტორია

გიზო ნიშნიანიძის დაუვიწყარი ისტორიაგიზო ნიშნიანიძის ცხოვრებაში იყო ისტორიები, რომლებიც დაუვიწყარია მკითხველისთვის.

“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ ისტორიას, რომელსაც მწერალი და პოეტი განსაკუთრებული სიამოვნებით იხსენებდა:

“როცა კოკა იგნატოვის პანო, ჯერ კიდევ ამშვენებდა მთაწმინდას, ახალი წლის შესახვედრად ხუთასამდე კაცი ავედით მთაწმინდაზე. პურმარილის თავკაცმა გვითხრა, ერთი კარგი სადღეგრძელო მოვიფიქროთო. მაშინ ვიკითხე, ვინმეს თბილისთან ერთი-ერთზე დაგილევიათ-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ეს უცნაური სადღეგრძელო არავის შეესვა. წამოვუდექით დედა-თბილისს, გამოვედით აივანზე და მისი სადღეგრძელო ერთი-ერთზე შევსვით. ამის შემდეგ ვიღაცამ თქვა,- ამ ჭიქით უკეთესი სადღეგრძელო აღარ უნდა დაილიოსო. ყველამ გაუშვა ჭიქას ხელი და ხუთასი სასმისი დაიმსხვრა.

ხანდახან ვცდილობ, კოკა იგნატოვის პანოს მომპარავიც გავამართლო, ალბათ, იმდენად მოიხიბლა ნამუშევრით, ვეღარ გაუძლო ცდუნებას და თბილისის ნაგლეჯი წაიღო. იქნებ, ეს იმ განცდის მსგავსია, ჟამიდან ჟამზე რომ მეუფლება და მაშინ თბილისის მზის მოპარვაზე ვოცნებობ, იმდენად თბილია ეს მზე, იმდენად სხვანაირად, თბილისურად ანათებს.”