14 თებერვალი, 2019

გიული ჩოხელი – ქართული ჯაზის ლეგენდა უდიდესი ტკივილით

გიული ჩოხელი - ქართული ჯაზის ლეგენდა უდიდესი ტკივილითჯაზ-მომღერალი გიული ჩოხელი ქართული ჯაზის ცოცხალი ლეგენდაა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ იგი ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

ცხოვრებაში თავს დამტყდარმა ტრაგედიებმა ის სცენიდან ჩამოიყვანა და ცხოვრების უფსკრულში ჩააგდო. მომღერალს ჯერ დედა გარდაეცვალა, მერე შვილი, რამაც სიმღერის სურვილი საერთოდ გაუქრო და მიხვდა, რომ სიმღერა არაფერში სჭირდებოდა:

“მე დედის სახით ცხროვრებაში მოძღვარი დავკარგე. ის იყო ჩემი იდეალი, რომელმაც მასწავლა ბევრი რამ. მისი ყოველი რჩევა-დარიგება ჩემთვის დღესაც მნიშვნელოვანია. მის გარეშე მიჭირს ცხოვრება და ამას ძალიან განვიცდი. დედა ჩემი ცხოვრების ნათელია, რომელშიც მეამაყება ცხოვრება. მისი გარდაცვალება ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო, მაგრამ მე ამ ტკივილსაც შევებრძოლე. ამაში ჩემი შვილის დინარას სიყვარულიც დამეხმარა. დინარა ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ძალიან მენატრება. ის მუსიკოსია, კარგი ვოკალისტი. რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციაც აქვს ჩაწერილი. თავად არის კომპოზიტორი. დინარამ მითხრა, სცენაზე არასოდეს ვიმღერებ, შვილი მყავს გასაზრდელი, არ მინდა მას მოაკლდეს ჩემი სითბო და ყურადღებაო. მე მესმის მისი, რადგან ასეთია ხელოვანის ცხოვრება, მე სულ გასტროლებზე ვიყავი და ის ძალიან განიცდიდა ამას, ვენატრებოდი. ამიტომაც არ სურს იტვირთოს ეს დიდი პასუხისმგებლობა,” – ამბობს მომღერალი.

მისი ცხოვრება კი აღსავსე იყო წარმატებული გასტროლებით, სრული ანშლაგებით და მსოფლიო აღიარებით, მაგრამ:

“იყო პერიოდი, როცა დავიღალე სოლოკონცერტებით და გადავწყვიტე ერთწლიანი შესვენება გამომეცხადებინა. ჩემს ადმინისტრატორს წინასწარ ჰქონდა ჩემი კონცერტები დაგეგმილი სხვადასხვა ქალაქში და იქაური ადმინისტრაცია ჩემს რეკლამას უკვე ელოდებოდა.”

გიული ჩოხელისთვის მისი ცხოვრების გზა ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია:

“მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მაქვს სიყვარულის ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ჩემთვის მუსიკა არის კლასიკური ჯაზი. ემოციური, დამაფიქრებელი, განსხვავებული ენერგიით. ძალიან მიყვარს და მომწონს ამ სამყაროში ცხოვრება. მე მის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება.”

სამწუხაროდ, ლეგენდარულმა მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება სცენას დამშვიდობებოდა:

“სცენიდან ჩამოვედი და ჩავეშვი ცხოვრების უფსკრულში. დიდი ხანია სცენაზე აღარ მიმღერია, რადგან ჩემს სულს არ ემღერება. არც გარემო მაქვს იმისთვის, რომ ჩემი მუსიკა დავაბრუნო სცენაზე. არ მყავს ჯაზ-ბენდი, რომლებიც შეიცნობდნენ ჩემს სულს, გულს, ფიქრებს. ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვმღეროდი, ახლა ამერიკაში არიან. ისინი რომ აქ ჩამოვიდნენ და იმღერონ, ამისთვის თანხაა საჭირო რომელიც მე არ მაქვს. ამიტომაც არ ვმღერი, მაგრამ თუ ოდესმე ამის შესაძლებლობა მომეცემა, რატომაც არა! ვიმღერებ!”