23 თებერვალი, 2019

გიორგი უშიკიშვილს გიორგი დონაძის შურს

გიორგი უშიკიშვილს გიორგი დონაძის შურსანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელს გიორგი უშიკიშვილს ანსამბლ “ბასიანის” ხელმძღვანელის გიორგი დონაძის შურს. ეს განცხადება სამების მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გააკეთა. მან მარინა ბერიძეს ვრცელი წერილი მისწერა და სთხოვა, გიორგი უშიკიშვილსა და სხვა კოლეგებს აუხსნას, რომ მუსიკა გართობა და მტრის კაცების საამებლად მუცლის ცეკვა არ არის:

“ძვირფასო მარინა,

ამ წერილს გწერთ თხოვნით:

ეგებ აუხსნათ თქვენს კოლეგებს, რომ მუსიკა არაა გართობა და მტრის კაცების საამებლად მუცლით ცეკვა, რომ ხელოვნებაც ისეთივე დემონსტრირებაა ქართული სულის უძლეველობისა, როგორც რაგბი, ჭიდაობა, მძლეოსნობა, ზოგადად სპორტი. რომ ესეც ბრძოლაა და როგორც რაგბისტები ამარცხებენ რუსებს სპორტში, ჩვენ, მუსიკოსებიც ეგრევე ვიმარჯვებთ და ქართველი ადამიანის ჰუმანიზმს, შინაგან ძლიერებასა და ღვთიურ სიმაღლეს ვაჩვენებთ მტერს და მოყვარეს.

გუშინ, ბასიანზე გასული დაუბალანსებელი და არაობიექტური სიუჟეტის მერე პაატა ბურჭულაძე ადიდა (სრულიად დამსახურებულად) თქვენმა ტელევიზიამ. ის პაატა, რომელიც ანალოგიური მიზეზით 10 წლის წინ მოღალატედ გამოაცხადა – ისევ თქვენმა ტელევიზიამ, ის პაატა, რომელსაც ერთ წელიწადში მოუბოდიშა ნაც.მოძრაობამ და მერე ეს “მოღალატეობა” თქვენმა ტელევიზიამ “აპატია”, ის პაატა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ეხლა სხვა პარტიასთან დაპირისპირების გამო, უკვე “იმედმა” გამოაცხადა პუტინის მომღერლად, თუმცა თქვენ გუშინ ადიდეთ (ვიმეორებ, დამსახურებულად)… პაატას, რომელიც მსოფლიო მუსიკოსია, ხან ერთი ტელევიზია აცხადებს მოღალატედ, ხან მეორე, გააჩნია, იმ დროისათვის რა პოლიტიკური ინტერესია…

და რატომ მხოლოდ დროდადრო ბურჭულაძე ან “ბასიანი”? შერჩევით რატომ ცხადდებიან ადამიანები მოღალატეებად? განა ბურჭულაძის ლანძღვის დროს, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრი რუსეთის მოქალაქე არ იყო? 2008 წლამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ხომ კარგად ვიცით ის ცნობილი მუსიკოსები, ვინც 2008 წლამდე რუსეთში მოღვაწეობდნენ და მდიდრდებოდა ზოგი? მათ რატომ ეპატიებათ და სხვებს არა?

თქვენც, და მუსიკის ექსპერტმა და გენიალური “აბესალომის” დამწუნებელმა თქვენმა დირექტორმაც ხომ ძალიან კარგად იცით იმ მუსიკოსების ამბავი, ვინც დადიან რეგულარულად რუსეთში? ასე შერჩევით რატომ აცხადებთ ხალხს მოღალატეებად? თქვენი პირუთვნელი და პროფესიული სიტყვა სადაა, ძვირფასო მარინა, როცა თქვენი არხი, 37 წლის მსგავსად, ხელოვანთა გასამართლებას, მტრის, აგენტისა და მოღალატის იარლიყის მიწებებას იწყებს, და თანაც, შერჩევით?

და რაც მთავარია – რატომ არიან მოღალატეები მუსიკოსები, და არ არიან მოღალატეები სპორტსმენები, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები (იგივე, 2018 წლამდე რუსეთის მოქალაქე ან 2008 წლამდე რუსეთში განდიდებულ-გამდიდრებული, მომღერალ-მოცეკვავე არტისტები)? რატომ არ იცავთ მუსიკოსებს თქვენსავე არხზე თქვენივე კოლეგებისაგან? თქვენთან ხომ დემოკრატიაა და თავისუფალი, ობიექტური და დაბალანსებული ჟურნალისტიკა? განა არ შეგიძლიათ დაგვიცვათ თქვენს რეიტინგულ გადაცემებში და აუხსნათ თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს, თქვენი ავტორიტეტული და კატეგორიული ტონით, ელემენტარული ჭეშმარიტებები?

რა თქმა უნდა, მიუღებელია კონცერტები კრემლში, და ზოგადად, ძაღლთაპირი პუტინისა და რუსული დამპალი იმპერიალიზმის სადიდებელ ღონისძიებებში მონაწილეობა. მაგრამ, სულ სხვაა კონცერტები ხალხთან და ხალხისთვის…

მოსკოვში და რუსეთში ბევრი მუსიკოსი დავდივართ, მათ შორის თქვენი უახლოესი მეგობრებიც, მაგრამ მოღალატედ მხოლოდ ზოგიერთი რატომ ცხადდება?

“ბასიანის” შემთხვევაში ზუსტად ვიცით რატომაც – იმიტომ რომ, გიორგი უშიკიშვილს, რომელიც კახური სიმღერის ფენომენალური მომღერალია, მაგრამ გიორგი დონაძეზე დაბალი დონის ლოტბარი და მცოდნეა სიმღერა-გალობისა (და ამას ვამბობ, როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოლოგი და დირიჟორი და ორივე გიორგის კარგად მცნობი ადამიანი), და ასევე – დონაძეზე უფრო ნაკლებად წარმატებული მენეჯერი ამ სფეროსი, უბრალოდ შურს გიორგი დონაძის, ებრძვის მას და სურს სამაგიერო გადაუხადოს და შური იძიოს მასზე, მხოლოდ იმიტომ რომ ახლა ის ხელმძღვანელობს ფოლკლორის ცენტრს და ბრწყინვალე პროექტებს აკეთებს, ცდილობს გაანადგუროს იგი რუსთავი ორის და ნეგატიური პროპაგანდის დახმარებით.

ესაა და ეს.

სხვა არტისტებიც, მათ შორის სახელმწიფო კოლექტივების მეთაურებიც დადიან რუსეთში, მაგრამ ამაზე სდუმან თქვენი მებრძოლი კოლეგები. უშიკიშვილიც არ სწერს პოსტებს მათზე, ერიდება, ეშინია, არ აინტერესებს… მესმის, ისინი საჭირო ხალხია რუსთავი ორისთვის.. აი, “ბასიანის” ბიჭებს კი შეგიძლიათ გადაუაროთ და ალანძღინოთ რუსთავი ორმა თქვენს პარტიულ მომხრეებს, ისტერიული წყევლა-კრულვითა და ლანძღვა-გინებით (საშინელი კომენტარებია სიუჟეტთან და მის გაზიარებებთან)…
მე იმას კი არ ვამბობ, რომ სხვებიც უნდა ლანძღოთ ჟურნალისტებმა. არა, პირიქით – არავინ არ უნდა ლანძღოთ, და ისევე ჯანსაღად უნდა უყურებდეთ ქართული მუსიკის რუსებთან ან რუსეთში გამარჯვებას, როგორც, ვთქვათ, რაგბისტების იქ გამარჯვებას უყურებთ…

და აი აქ მივადექით მთავარ თემას, რაც თავში ვახსენე – სამწუხაროდ, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მუსიკას სერიოზულ ფენომენად არ აღიქვამენ. “რუსებს უმღერესო და გაართესო” – მუსიკოსებზე ამბობენ, მაგრამ, რაგბისტებზე რომ იგივე სტილის დამამცირებელი შეფასება სთქვა “რუსებს უძუნძულეს და გაართესო”, ან მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებზე – “რუსებს ებღლარძუნენ და გაახალისესო”, ხომ ყველა მიხვდება, რომ ეს შეფასება სისულელეა?

ანუ სპორტსმენი რომ სპორტსმენს ხვდება და ე თ ა მ ა შ ე ბ ა, ან სპორტსმენი რომ გამოდის სტადიონზე/დარბაზში და მაყურებელს საკუთარ ძლიერებას აჩვენებს, ეს საქართველოს დიდებაა, მაგრამ, თუ იგივეს ხელოვანი შვრება, ეს საქართველოს ღალატი ყოფილა. რატომ? განა არ უნდა აუხსნათ თქვენს კოლეგებს, ძვირფასო მარინა, რომ ჩაკრულო და ხასანბეგურა, ჩელა და წინწყარო, ყანჩელი და კეჭაყმაძე, ბურჭულაძე, ბოლქვაძე და ქათამაძე, ცაგარელი, გიგაშვილი, ნებიერიძე და გეგეჭკორი, ბრეგვაძე და კიკაბიძე, რაჭველი და რაჭველიშვილი, ბოლოს – დონაძეც და უშიკიშვილიც, მათი მუზიცირება და ტრიუმფი რუსების წინაშე, ან ტრიუმფით მუზიცირება რუსებთან ერთად, უფრო დიდი ძლიერება, სიმბოლო, გამარჯვება, მშვიდობა და დიდებაა საქართველოსი, ვიდრე ჩვენი საამაყო რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო, მძლეოსნობა და ღვინისა და ბორჯომის გაყიდვა რუსეთში? კი, რუსები ამას (ისევე როგორც სპორტში ჩვენს მიღწევებს) არ აღიარებენ ხმამაღლა, მაგრამ, გულში ხომ ყველანი კარგად ხედავენ ჭეშმარიტ და დიად საქართველოს?

ნუთუ არ დადგა დრო, რომ 21-ე საუკუნეში მაინც, მუსიკა საქართველოში ყველაზე სერიოზულ და მრავლისმთქმელ ფენომენად აღიქვან?

თქვენ რატომ არ უხსნით ამას თქვენი არხის ჟურნალისტებს, რომ როგორც რაგბი და ძიუდო არაა ბღლარძუნი და ხალისობა-“გულავი”, ეგრევე, მუსიკაც, განსაკუთრებით, აკადემიური მუსიკა (რომლის ნაწილიცაა ჩვენი ძველი მრავალხმიანობა) არაა გართობა და რუსების წინაშე თავის დამცირება?
და საინტერესო კიდევ ისაა, რომ “ბასიანის” უამრავი გამარჯვება არც ერთხელ არ გააშუქა თქვენმა ტელევიზიამ. ისევ და ისევ – უშიკიშვილისა და პარტიული ცალმხრივობის გამო…

ეგ ბიჭი როგორც ყველგან იქცეოდა, ტელევიზიაშიც ისე იქცევა – იმის ნაცვლად, რომ ჭკუა და სიყვარული ეყოს და გამაერთიანებელი იყოს, კოლეგებს თავი შეაყვაროს, სხვადასხვა ხმები და იდეები გააერთიანოს და ჰარმონიად აქციოს, პირიქით – სიძულვილით და ინტრიგებით ცდილობს გათიშოს ფოლკლორში მშრომელი ხალხი და მათზე იბატონოს. არადა, ღმერთს ბატონობისა და თავკაცობისთვის არ შეუქმნია იგი – გენიალურად მღერის ნიჭი მიმადლა, და არა გენიალური მკვლევარის, მეცნიერის, მენეჯერის ან პოლიტიკოსის. დაე მანაც ისე სთქვას მუსიკით სათქმელი, როგორც “ბასიანი” ამბობს, რომლის მიღწევების შესახებაც, ეჭვი მაქვს, თქვენს ტელევიზიაში არაფერი არ იციან.

თქვენგან ველით შეწევნას, ძვირფასო მარინა. მესმის, რომ თქვენი ტელევიზია ომშია ჩაბმული. მაგრამ, ომი უდანაშაულოთა მიმართ უზნეობას, სისასტიკესა და შერჩევით ტერორს არ ამართლებს. ნამდვილი ომის დროსაც კი ეს სამხედრო დანაშაულია… სჯობს, მუსიკოსებს, ხელოვანებს შეეშვან პოლიტიკაში ჩაბმული ჟურნალისტები – ყველა არხიდან, ყველა პარტიიდან – ნაცებიდანაც, ქოცებიდანაც და ლეიბორისტებისგანაც…

თუკი ჩვენი ერი და სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ რუსეთთან და რუსებთან ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტთ, მაშინ შეწყვეტენ მუსიკოსებიც. თუკი შეიძლება რუსებთან და რუსეთში თამაში, სასმელითა თუ ენერგეტიკაში ვაჭრობა, მაშინ, მუზიცირებაც შეიძლება…

და ამასთან, სწორედ 2008 წლის მერე, ვიდრე ივანიშვილი მოვიდოდა, იმდროინდელმა ანტირუსულმა ხელისუფლებამ მისცა თანხმობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას; აგვისტოს ომის მიუხედავად, მაშინდელი მინისტრი – გრიგოლ ვაშაძე რუსეთს კონცერტის გამართვას ეხვეწებოდა; აგვისტოს ომის მიუხედავად, რუსების ხელშია (ან პირდაპირ, ან შენიღბულად) ჩვენი გაზმომარაგება, ელექტროსისტემა, ჰესები, თბილისის წყალი. ამ ყველაფერში გადახდილი გადასახადით უშუალოდ პუტინს ვამდიდრებთ. უვიზო რეჟიმი გამოცხადდა ოკუპანტი ქვეყნისათვის, კვლავ ნაცმოს მიერ; ჩამოდის მილიონობით რუსი ტურისტი, იქ ვყიდით სასმელებს, პროდუქტს, იქიდან შემოგვაქვს რაღაცეები, ვეთამაშებით სპორტს… ანუ, ოკუპანტ ქვეყანასთან ფართო კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს.

და რა დააშავეს მაშინ მუსიკოსებმა, რომ ის, რაც რაგბისტების შემთხვევაში საამაყოა – ქართული დროშის დიდების დაცვა, მუსიკოსების შემთხვევაში ღალატად ცხადდება? ვიმეორებ – ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენს კოლეგებს არ ესმით მუსიკის ფენომენი და მისი მნიშვნელობა?

ამ პირობებში, როდესაც თითქმის ყველა სფეროში ქართველები ვთანამშრომლობთ რუსებთან, მუსიკოსების მოღალატედ გამოცხადება მავნებლობაა და 37 წლის ჩეკისტური სულის გამოვლინებაა!
გავწყვიტოთ რუსეთთან ყველანაირი კავშირი და მერე განვსაჯოთ მუსიკოსები.

ანიტა რაჭველიშვილმა უფრო მეტი არგო საქართველოს პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე სიმღერით, მიუხედავად იმისა, რომ იქ გერგიევი დირიჟორობდა, ვიდრე ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, ერთად აღებულმა. ანიტაც განსაჯეს ამისთვის, მადლიერების ნაცვლად მისი საოცარი შემოქმედებისათვის. განსაჯეს ანიტაც, რომლის სახელი მარად დარჩება მსოფლიო ისტორიაში – პავაროტისა და კალასის სახელების გვერდზე, ხოლო ყველა ჟურნალისტის და პოლიტიკოსის სახელს დავიწყების მტვერი დაფარავს…

ასევეა “ბასიანიც”, “რუსთავთან” ერთად და მის შემდეგ უნიკალური ანსამბლი, ფენომენალური შესრულებით, უამრავი უნიკალური ჩანაწერით და მისი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული მრავალი საშვილიშვილო საქმით, რომელთა შესახებაც, თქვენი არხის ეთერიდან ან არაფერი ისმის, ან ისმის მხოლოდ ლანძღვა, უშიკიშვილის მხრიდან. “რუსთავი”, “ანჩისხატი” და “ბასიანი” ქართული კულტურის სიმბოლოებია უკვე. და მინიმუმ, იმას მაინც იმსახურებენ, რომ ვიდრე მოღალატედ შერაცხავდნენ, მათი აზრის წარმოჩენის გარეშე, ცალმხრივი, დაუბალანსებელი და სალანძღავი სიუჟეტი არ მიუძღვნან თქვენმა კოლეგებმა, რომელთათვისაც, როგორც ბურჭულაძის შემთხვევაში დავინახეთ, მოღალატის იარლიყის უზნეოდ მიწებება, მოშორება და კვლავ მიწებება, ჩვეულებრივი საქმეა, სამწუხაროდ…

ნუ განსჯიან ჩვენი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მუსიკოსებს, ვისზე დაბლაც ნამდვილად დგანან პროფესიონალიზმით – ე.ი. ქვეყნის სიყვარულის ერთადერთი რეალური გამოვლინებით..

ქალბატონო მარინა, კარგი იქნება, თქვენს კოლეგებს – უშიკიშვილით დაწყებული, დაუბალანსებული და არაობიექტური, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტებიდან შორს მყოფი ამ სიუჟეტის ავტორებით დამთავრებული, ამ ყველაფერს თუ აუხსნით…

პატივისცემით და გულის ტკივილით, თქვენი მეგობარი, სვიმონ ჯანგულაშვილი

P.S. იმედი მაქვს, რომ თქვენი კოლეგები და დირექცია, ჩემს ამ მომართვას ადექვატურად მიიღებენ და ჩემს წინააღმდეგ არ დაიწყებენ შეკვეთილი და აგრესიული, სამტრო პროპაგანდის წარმოებას.”