4 თებერვალი, 2019

გია მურღულიას ახალი ინიციატივა

გია მურღულიას ახალი ინიციატივაგანათლების სფეროს ექსპერტის გია მურღულიას ინიციატივა სკოლებში ბიბლიის ცალკეული წიგნების სწავლებაა:

“რასაც ვიტყვი, არავისთვის სავალდებულოდ არ ვაცხადებ, უბრალოდ კითხვას ვსვამ: თუ ადამიანს ბიბლიაზე წარმოდგენა არ აქვს, შეიძლება თუ არა მას “ზოგადად განათლებული” ვუწოდოთ?

შეიძლება თუ არა ამის გარეშე ვინმეს კარგად ესმოდეს ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ისტორია უბრალოდ – ცხოვრება?

ჩემი აზრით (მოსაზრებები, ცხადია, შესაძლოა განსხვავდებოდეს), სკოლაში ბიბლიის ცალკეული წიგნები (ადაპტირებულიც) უნდა ისწავლებოდეს. მაგალითად: შესაქმე, ეკლესიასტე, იობის წიგნი, დანიელის წიგნი და ერთ-ერთი (ვთქვათ, მათეს) სახარება. თუ საინტერესო გახდება, დავასაბუთებ, რატომ ვფიქრობ სწორედ ამ წიგნებზე.

რა თქმა უნდა, ამას შესატყვისი პროგრამაც სჭირდება, სახელმძღვანელოც და მასწავლებელიც. საზოგადოდ, ამ საქმეს ბევრი სხვა დეტალიც ახლავს, რამაც შესაძლოა სკეპტიკოსები ან მოწინააღმდეგენი მოამრავლოს, მაგრამ მიზანი ძალისხმევად ღირს – სადაც ეს შესაძლებელია (პროგრამაც გააზრებულია, ცალკეული სასწავლი თუ მასწავლი ტექსტებიც არსებობს და შესაფერისად მომზადებული პედაგოგიც ჰყავთ), კარგი იქნება, სკოლამ საქმე დაიწყოს.

ადამიანის კულტურა მეტია, ვიდრე უბრალოდ ცოდნა. კომპეტენციის გარდა, ის ღირებულებებსაც გულისხმობს, გემოვნებასაც და უფრო ფართო თვალსაწიერსაც.

ვიზრუნოთ, რომ არა უბრალოდ მცოდნე, არამედ კულტურული თაობა აღვზარდოთ.

სკოლას უკეთესი მიზანი ვერ ექნება.”