6 თებერვალი, 2019

გაგა ჩხეიძე: “ასე “იზრუნა” სამინისტრომ კულტურაზე”

გაგა ჩხეიძე: "ასე "იზრუნა" სამინისტრომ კულტურაზე"– ოდესმე ვეღირსებით ამ ქვეყანაში კულტურის კარგ და მისაღებ პოლიტიკას? – კითხულობს გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი:

“კინოთეატრ “აპოლოს” ახალმა პროექტმა კომერციისა და კულტურის წარუმატებელი კოჰაბიტაციის ერთი უკვე არსებული მაგალითი გამახსენა.

ფოტოზე აღბეჭდილია აღმაშენებელზე მდებარე ყოფილი კინოთეატრი “ელისო”, რომელსაც საბჭოთა პერიოდში “კომკავშირელი” ერქვა.

ამ კინოთეატრის მაგალითზე შესაძლებელია ვიმსჯელოთ წინა ხელისუფლების კულტურის (და ეკონომიკის) პოლიტიკაზე, რომელიც, კაცმა რომ თქვას, არც ახლა შეცვლილა.

2008-2012 წლებში სს “ქართული ფილმის” ახალგაზრდა “რეფორმატორებმა”, იმის ნაცვლად, რომ კინოთეატრები შეენარჩუნებინათ, შეექმნათ დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მისთვის სამართავად გადაეცათ, ამ სტუდიის მფლობელობაში დარჩენილი ყველა კინოთეატრი დაუბრუნეს სახელმწიფოს. სახელმწიფომ ისინი გაყიდა ან იჯარით გადასცა კომერციულ სტრუქტურებს.

ეკონომიკის სამინისტრომ “ელისო” 2012 წელს 37-წლიანი იჯარით გადასცა შპს ჯითექსს (ტანსაცმლის მაღაზია ტერანოვა), რომელსაც დაავალდებულეს, რომ შეენარჩუნებინა კინო ერთ-ერთი კომპონენტის სახით. ასე “იზრუნა” სამინისტრომ კულტურაზე. იმის შემდეგ შიგნით აღარავის შეუხედავს (დიმიტრი ქუმსიშვილი როგორ მოიცლიდა მაგისთვის?), და ასე იქცა კინო სულ მალე მაღაზიის საწყობად.

ორი შეკითხვა: რატომ იქცა სახელმწიფო მეწარმედ და რა რატომ აქირავებს ფართებს, მაშინ როცა პრივატიზაცია ამ შემთხვევაში აშკარად სჯობდა? და რატომ ანადგურებს სახელმწიფო კულტურის კერებს და ზღუდავს კულტურის სივრცეს?

ოდესმე ვეღირსებით ამ ქვეყანაში კულტურის კარგ და მისაღებ პოლიტიკას?”

გაგა ჩხეიძე: "ასე "იზრუნა" სამინისტრომ კულტურაზე"