დოდო აბაშიძის სოსანა – შედევრი “დიდი მწვანე ველიდან”

დოდო აბაშიძის სოსანა - შედევრი "დიდი მწვანე ველიდან"დოდო აბაშიძის კინოროლებიდან მაყურებელს განსაკუთრებულის გამორჩევა უჭირს, თუმცა ეს სულაც არ უჭირდა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს.

– ვერც ერთი “ოსკაროსანი”, რომელსაც ეს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიუღია, ვერ მივა დოდო აბაშიძის სოსანასთან, რომელიც მან ფილმში “დიდი მწვანე ველი” განასახიერა, – ამბობდა რეჟისორი:

“გული მწყდება, რომ დოდო აბაშიძესთან, ამ შესანიშნავ მსახიობთან და მართლაც სამაგალითო ქართველ ვაჟკაცთან, მხოლოდ ერთხელ მომიხდა მუშაობა. ეს იყო ფილმში “დათა თუთაშხია”, სადაც დოდომ სეთურის როლი ითამაშა.

დოდო ტიპური კინოარტისტი იყო. არ უყვარდა ტექსტის სწავლა, თავს კი იმით იმართლებდა, მეხსიერების ამბავი არ მაქვს მთლად კარგადო… სიზარმაცეს ვერც სეთურის ხათრით მოერია. რა უნდა მექნა? – დოდო ამ როლში მართლაც შეუცვლელი იყო და… მე თვითონ ვიკისრე სუფლიორის მოვალეობა. ამ სცენის გადაღების დროს, თქვენი მონა-მორჩილი იდგა კადრს მიღმა და დოდოს ტექსტს ჰკარნახობდა. ერთხელაც დოდომ ვერ გაიგონა, რა ვუკარნახე, კისერი დაიგრძელა, ცალი თვალი მოჭუტა და ჩამეკითხა: “ჰა?” – ეს იმდენად სახასიათო სცენა გამოვიდა, რომ კადრიდან ამოსაჭრელად ვერ გავიმეტე და დავტოვე. ეს ეპიზოდი, შეიძლება ვინმეს უადგილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს დოდოსეული “ჰა?!” ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კადრია…

ერთი-ორჯერ ვნახე დოდო ჩხუბის დროს და იცით, რა დამემართა? იმ წუთებში ჩემ თვალწინ “ვეფხისტყაოსანი” გაცოცხლდა და: თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავდა “კაცი კაცსა შემოსტყორცნა”… დოდო აბაშიძე ჩემთვის იყო ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც, ის იყო ჩემთვის ქართველი გმირის განსახიერება – ფიზიკურად უძლიერესი კაცი, ბავშვური სილაღით.

ვერც ერთი “ოსკაროსანი”, რომელსაც ეს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიუღია, ვერ მივა დოდო აბაშიძის სოსანასთან, რომელიც მან ფილმში “დიდი მწვანე ველი” განასახიერა.

გარდაცვალებამდე, ერთი კვირით ადრე ვნახე დოდო. ეს უზარმაზარი ვაჟკაცი, თოჯინასავით დაპატარავებული იწვა სასთუმალზე, თუმცა, სენიც და სიკვდილიც მხოლოდ ხორცზე ზეობს. ლეგენდები, არც ავად ხდებიან და არც კვდებიან.”