15 თებერვალი, 2019

არაჩვეულებრივი ინიციატივა მაყვალა მრევლიშვილთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი ინიციატივა მაყვალა მრევლიშვილთან დაკავშირებით საბავშვო პოეტ მაყვალა მრევლიშვილთან დაკავშირებით პოეტმა გიო საჯაიამ არაჩვეულებრივი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც განსაკუთრებით საბავშვო პოეზიის მოყვარულებს მოეწონებათ:

“ეს დღეებია, ერთი ამბავია ატეხილი მაყვალა მრევლიშვილის ლექსის გამო. “პოეზიის ექსპერტი” მშობლების ერთ ნაწილს არ მოეწონა სახელმძღვანელოში შეტანილი მისი ლექსი, აქაო და, “ბავშვებს რას ასწავლიან”-ო და ატყდა ერთი ამბავი და ვაი-ვიში. მერე სხვებიც აჰყვნენ და დააფრიალებდენ ამ ლექსს სოციალური ქსელის ერთი კედლიდან მეორეზე.

ყველაზე საინტერესო, ამ ისტორიაში, კომენტარები იყო. ერთი წერდა, არც ვიცი, ვინ არის ეს მაყვალა და არც მაინტერესებს, როგორ ბედავს და ასეთ ლექსებს როგორ წერსო. უხსენი ახლა შენ, რომ კი არ “წერს”, არამედ “წერდა” და საბავშვო პოეზიის მთელი ეპოქა შექნმა ქალმა, გასულ საუკუნეში…

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ეს ქალბატონი, ვისაც “საერთოდ არ აინტერესებდა ვინ იყო მაყვალა”, განათლების რომელიღაც ფონდის თანამშრომელი თუ საერთოდ – დამფუძნებელი (ზუსტად არ მახსოვს) გახლდათ. კი მინდოდა მეკითხა, სად გაიზარდეთ, ქალბატონო იმანო, ან “კიკლი კიკლი კიბესა” არ წაგიკითხავთ ბავშვობაში, ან “ეს საწყალი კურდღელი” არ გიმღერიათ, რამ გაგაბოროტათ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქოდა და დავანებე თავი.

საერთოდ, იმდენად სასაცილოა უბავშვობო უფროსებისგან საბავშვო პოეზიის კრიტიკის ამბავი, რომ არც ჩავთვალე საჭიროდ, რამე მეთქვა ამასთან დაკავშირებით და ალბათ არც არაფერს ვიტყოდი, დღეს რომ მაყვალა მრევლიშვილის დაბადების დღე არ იყოს. პრინციპში, არც ახლა ვამბობ რაიმეს ამ სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ, ინიციატივა შემომაქვს, დღევანდელი დღე – 14 თებერვალი, გამოცხადდეს საბავშვო პოეზიის დღედ.

როგორც წესი, საბავშვო პოეზიის კითხვა ბავშვთა დაცვის დღეს ემთხვევა ხოლმე, მაგრამ ეს პოეტიც და ეს ჟანრიც უდავოდ იმსახურებენ ცალკე ყურადღებას და აღნიშვნას. ვფიქრობ, ყველაზე კარგი პასუხი იქნება, საბავშვო პოეზიის წინააღმდეგ მიმართულ, ბოლოდროინდელ ისტერიულ შეტევაზე.

რა ვიცი, მე მითქვამს და დანარჩენი თქვენ იცით. მე უამისოდაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ როგორც უფროსი თაობის, ასევე ჩემი თანამედროვე მწერლების პოეტურ თუ პროზაულ საბავშვო ნაწარმოებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი უღრმესი პატივისცემა ქალბატონ მაყვალას და მის შემოქმედებას.”