აღადგინეთ სამსახურში ნიჭიერი მსახიობი – 5 შვილის მამა!

აღადგინეთ სამსახურში ნიჭიერი მსახიობი - 5 შვილის მამა 5 შვილის მამა, ზუგდიდის თეატრის ნიჭიერი მსახიობი ანდრო შამუგია თეატრის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

ზუგდიდის თეატრის მსახიობთა დასის წევრებმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბადრი წერედიანს ღია წერილით მიმართეს და კოლეგის თეატრში დაბრუნება მოითხოვეს. წერილი მსახიობმა ირაკლი სამუშიამ გაავრცელა:

“ბატონო ბადრი.

გწერთ მსახიობთა დასის იმ წევრთა სახელით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თეატრის ისტორია.

ისტორია, რომელსაც ჩვენ ერთად ვქმნით და ვუტოვებთ შემდგომ თაობას, რომელნიც თავის მხრივ დაუტოვებენ მომავალ თაობას და ა. შ.

ეს მარტივი ჭეშმარიტება ყოველ ჩვენთაგანს გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, გამორჩეულად ვემსახუროთ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობთა დასის წევრობის სახელს.

2018 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თეატრი, რაც დასიდან ერთ-ერთი წამყვანი მსახიობის წასვლამ განაპირობა. ანდრო შამუგია. მსახიობს, რომელსაც არავისზე ნაკლები წვლილი არ მიუძღვის თეატრის წარმატებაში. დეტალურად არ ჩამოვთვლი იმ სპექტალკების ნუსხას, რითაც არა მხოლოდ საქართველოს პროფესიულ თეატრების სცენებზე, არამედ ლიეტუვაშიც მივაღწიეთ წარმატებას. სწორედ ანდროს დიდი პროფესიონალიზმის შედეგია ამ სპექტაკლების წარმატება.

მიზეზი, რის გამოც ჩვენი კოლეგა საჩქარო წესით გაათავისუფლეს, თეატრის შიდა განაწესის დარღვევა იყო.
ანდრომ აღიარა და ახსნა: იგი უკიდურესად მძიმე მორალური და ფინანსური პრობლემის ფონზე, ოჯახში ნამატს, ტყუპების შეძენას ელოდებოდა, რის გამოც ემოციურ სტრესს ვეღარ გაუძლო და რეპეტიცია მიატოვა.

რატომღაც თქვენმა დირექციამ ყოველგვარი მოკვლევისა და თანაგრძნობის გარეშე საახალწლოდ, ტყუპების შეძენის დღეს საჩუქრად სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გაუგზავნა.

ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში ანდრო აცხადებს მზაობას, დაბრუნდეს თეატრში, თუნდაც ანაზღაურების გარეშე გვერდით დაგვიდგეს.

სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში ჩვენმა თეატრმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი უგემოვნო ინტრიგების ხლართვითა და საკუთარი კოლეგების ლანძღვით. საბედნიეროდ, დღეს დადგა აუცილებლობა, თეატრი დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს, მიმდინარეობს იმ სპექტაკლების აღდგენა, რომლებშიც ანდრო შამუგია მონაწილეობდა. რადგან თეატრის ბიუჯეტი ოპტიმიზირებულია და ვიცით, რომ მსახიობის მოწვწვა უფრო წამგებიანია, ვიდრე საშტატო ერთეულის გამოყენება, ალბათ დაგვეთანხმებით და აღადგენთ სამსახურში ნიჭიერ მსახიობს, ერთგულ კოლეგას და ხუთი შვილის მამას.

ბატონო ბადრი, ამ წერილის წინასიტყვაობით გვინდოდა შეგვეხსენებინა, რომ თეატრი საზოგადოებაში მორალური ფასეულობების პოპულარიზაციისთვისაა და არა ნომენკლატურული რეჟიმების დაკრულზე საცეკვაოდ.”